წმ.
ფრანცისკი, რომელიც მთელი
ცხოვრება კაცთა შორის თანხმობას
ესრაფოდა, მზარდ უთანხმოებაში
მოკვდა – ამაში ნამდვილად
არის სევდანარევი ირონია;
თუმცა არ ღირს ზოგიერთივით ამ უთანხმოების
გაზვიადება და უკლებლივ ყველა
მისი იდეალის დამარცხებად
წარმოჩენა. არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ მისი შრომა ამქვეყნიურმა ბოროტებამ, ან როგორც მათ წარმოუდგენიათ, კიდევ უფრო დიდმა ბოროტებამ –
ეკლესიამ გააცამტვერა
ეს
პატარა წიგნი წმ. ფრანცისკზეა
და არა ფრანცისკანულ ორდენზე,
კიდევ უფრო ნაკლებად – კათოლიკურ
ეკლესიასა და პაპზე, ან უკიდურესი
ფრანცისკანელების, ფრატიჩელის
წინააღმდეგ განხორციელებულ
პოლიტიკაზე. ამიტომაც მხოლოდ
მოკლედ შევეხები იმ დაპირისპირების
ზოგად ბუნებას, რომელიც დიდი
წმინდანის სკვდილის შემდეგ
წამოყო თავი და, გარკვეულწილად,
მის უკანასკნელ დღეებიც
დაამძიმა. მთავარი დეტალი
სიღარიბის ფიცის, ყველანაირ
საკუთრებაზე ხელის აღების
ინტერპრეტაციას ეხებოდა.
რამდენადაც ვიცი, არავის უცდია
ცალკეული ბერის მიერ პირადი
საკუთრების უარყოფის უფლების
ხელყოფა. მაგრამ ზოგიერთი
ფრანცისკანელი, ფრანცისკის
ავტორიტეტის თავის მხარეს
მოხმობით, ამაზე უფრო შორს
და ვფიქრობ, ყველაზე უფრო
შორსაც წავიდა, ვიდრე ვინმე
ოდესმე წასულა. მათ მოითხოვეს
არა მარტო კერძო, არამედ
ყველანაირი საკუთრების
გაუქმება, ანუ მათ უარყვეს
ყოველგვარი კოლექტიური
პასუხისმგებლობა იმაზეც კი,
რასაც კოლექტიურად იყენებდნენ:
შენობებზე, მარაგებზე თუ
იარაღებზე. სრული სიმართლეა,
რომ ამ აზრს, განსაკუთრებით
დასაწყისში, დიდი წმინდანის
იდეალის ერთგული, დიდებული
და უანგარო სულის მრავალი
ადამიანი უჭერდა მხარს.
სიმართლეა ისიც, რომ პაპმა
და საეკლესიო იერარქებმა
ასეთი მოწყობა შეუძლებლად
მიიჩნიეს და იქამდეც წავიდნენ,
რომ დიდი წმინდანის ანდერძის
გარკვეულ წინადადებებს გვერდი
აუარეს. თუმცა ძნელი არ იყო
იმის დანახვა, რომ ეს მოწყობა
ძნელი განსახორციელებელი
იყო, რადგან სინამდვილეში ეს
ყოველგვარ მოწყობაზე ხელის
აღებას მოასწავებდა. ყველამ
იცოდა, რომ ფრანცისკანელები
კომუნისტები იყვნენ; მაგრამ
ეს უკვე კომუნისტობა კი არა,
ანარქისტობა იყო. საკამათო
შემთხვევებში ვიღაც ან რაღაც
ხომ უნდა აგებდეს პასუხს, რა
ბედი ეწევა ისტორიულ შენობებს
თუ უძრავ – მოძრავ ქონებას.
სოციალისტური ყაიდის იდეალისტები,
სახელდობრ ბ-ნი შოუს და ბ-ნი
უელსის სკოლიდან, ამ დაპირისპირებას
მდიდარი და ბოროტი პონტიფიკოსების
მიერ ქრისტიანი სოციალისტების
ჭეშმარიტი ქრისტიანობის
განადგურებად ნათლავენ.
სინამდვილეში ეს უკიდურესი
იდეალი სოციალიზმის და თვით
სოციალურის სრული საპირისპიროა.
ამ ენთუზიასტებმა უარყვეს
საზოგადოებრივი საკუთრება,
რასაც სოციალიზმი ეფუძნება.
ის, რითაც სოციალისტი უნდა
იწყებდეს, მათ საწყისშივე
უარყვეს. არც ისაა მართალი,
თითქოს პაპების განწყობა
თავიდანვე მკაცრი და მტრული
იყო. პაპი დიდი ხნის განმავლობაში
ინარჩუნებდა კომპრომისს,
რომელიც საგანგებოდ შეიმუშავა
მათი სინდისის დასაამებლად,
კომპრომისი, რომლის მიხედვითაც
პაპი მინდობილობისმაგვარი
ფორმით განაგებდა საკუთრებას,
რომელზეც მფლობელმა ხელი
აიღო. ეს ინციდენტი ორი რამის
მაჩვენებელია, რაც დამახასიათებელია
კათოლიკური ისტორიისთვის
და სრულიად გაუგებარია
ინდუსტრიული ცივილიზაციის
ჟურნალისტური ისტორიისთვის:
წმინდანი დიდი ადამიანი
შეიძლება იყოს, პაპი კი –
პატარა, მაგრამ დიდი ადამიანი
ცდებოდეს, პატარა კი მართალი
იყოს. მართლაც, ნებისმიერ
მიუკერძოებელ და დალაგებულ
ადამიანს გაუჭირდება უარყოს
პაპის სიმართლე, რომელიც
ამტკიცებდა, რომ სამყარო
მხოლოდ ფრანცისკანელთათვის
არაა შექმნილი.
სინამდვილეში
დავის უკან აი რა იმალებოდა:
ამ კერძო, პრაქტიკულ საკითხს
ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი
რამ ახლავს, რისი სულისკვეთებაც
ცხადად იგრძნობა, როდესაც ამ
დავის შესახებ ვკითხულობთ.
ბოლომდე თუ მივყვებით, სიმართლე
ასეთნაირად შეიძლება
ჩამოვაყალიბოთ: წმ. ფრანცისკი
იმდენად დიდი და თვითმყოფადი
ადამიანია, რომ თვისებებით
ახალი რელიგიის შემქმნელს
ემსგავსება. ბევრი მისი
მიმდევარი მეტად თუ ნაკლებად
შინაგანად მზად იყო, ის ახალი
რელიგიის დამაარსებლად რომ
ეცნო. მათ სურდათ, ფრანცისკანობას
ისევე გამოეღწია ქრისტიანობიდან,
როგორც ქრისტიანობამ გამოაღწია
ისრაელიდან. ფრანცისკანობას
უნდა დაეჩრდილა ქრისტიანობა,
როგორც ქრისტიანობამ დაჩრდილა
ისრაელი. ფრანცისკი - ცეცხლი
რომელიც იტალიის გზებზე
დაქროდა - იმ კოცონად უნდა
დანთებულიყო, რომელიც ძველ
ქრისტიანულ ცივილიზაციას
შთანთქავდა. აი რა ჰქონდა პაპს
მოსაგვარებელი: ფრანსიკანობა
შთანთქავდა ქრისტიანობას,
თუ ქრისტიანობა – ფრანცისკანობას.
და მან ეს სწორად გადაწყვიტა,
თავი რომ დავანებოთ ვალდებულებას,
რადგან ეკლესიას შეეძლო
შეეთვისებინა ყველა სიკეთე,
რაც ფრანცისკანელებს ჰქონდათ,
ფრანცისკანელებს კი არ შეეძლოთ
საეკლესიო სიკეთეთა შეთვისება.
კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც
მთელ ამბავს გასდევს, ალბათ
არაა საკმარისად აღქმული მათ
მიერ, ვინც ვერ ამჩნევს, რომ
გარკვეული კათოლიკური საღი
აზრი თვით ფრანცისკანულ
ეთუზიაზმსაც სჭარბობს. ეს იმ
ადამიანის დამსახურებაა,
რომელიც ჭეშმარიტი თაყვანისცემის
ღირსია. არაერთხელ ითქვა, რომ
ფრანცისკ ასიზელი პოეტი იყო;
მას შეეძლო საკუთარი პიროვნულობის
გამოხატვა; ასეთ ადამიანს
ჩარჩოც კი ადიდებს. ის ისაა,
რაცაა, არა მარტო იმით, რაც
აქვს, არამედ იმითაც, რაც არ
გააჩნია. თუმცა პიროვნული
პორტრეტის საზღვრებს მთელ
კაცობრიობას ვერ დავუწესებთ.
წმ. ფრანცისკი გენიოსთა ამ
თვისების ნათელი მაგალითია
– მასში უარყოფითიც კი დადებითად
იქცევა, რადგან პიროვნების
ნაწილია. მისი დამოკიდებულება
სწავლის და მეცნიერების მიმართ
შესანიშნავი ილუსტრაცია
იმისა, რასაც აქ ვგულისხმობ.
ის უარყოფდა წიგნიერებას და
თავისებურად სავსებით მართალი
იყო. მისი გზავნილის დედააზრი
სიმარტივეა, რომელსაც სოფლის
ჭკუასუსტიც კი გაიგებს. მისი
თვალსაზრისის დედააზრი
სიხალასეა, რომლითაც ის ხალას,
თითქოს ამ დილით შექმნილ
სამყაროს უცქერს. პირველადი
დიდი ამბების – შესაქმის,
ედემის ბაღის, პირველი შობის
და პირველი აღდგომის - გარდა
ამ სამყაროს ისტორია არ
გააჩნია. ნუთუ სასურველია,
რომ მთელ კათოლიკურ ეკლესიას
არ გააჩნდეს ისტორია?
ამ
წიგნის მთავარი სათქმელი
ალბათ ისაა, რომ წმ. ფრანცისკი
ქვეყანაზე უფლის მიტევებასავით
დადიოდა. მისი გამოჩენა იმის
მომასწავებელია, რომ ადამიანი
ღმერთს, ბუნებას, და რაც ყველაზე
უფრო ძნელია, საკუთარ თავსაც
შეურიგდა; დამყაყებული
წარმართობა, რომელიც ძველ
სამყაროს წამლავდა, სრულად
განიდევნა საზოგადოებიდან.
წმინდანმა ციხის კარივით
გახსნა ბნელ საუკუნეთა კარიბჭე,
სადაც ადამიანი განიწმინდა,
როგორც მეუდებნოე და ბარბაროსებთან
მეომარი გმირი. მან ადამიანებს
აუწყა, რომ შესაძლებელია
დავიწყება და ყველაფრის
ხელახლა დაწყება; მთელი მისი
დანიშნულება ესაა. ფურცელი
გადაიშალა და ახალი გვერდი
ადრეული შუასაუკუნოებრივი
მანერით მარტივად მოხაზული
და მხიარულად გაფერადებული
მთავრული ასოებით დაიწყო.
საშინელებებით ჩაბნელებული
და გასისხლიანებული ძველი
გვერდის დაფარვაც სწორედ ამ
განსაკუთრებული, ბავშვური
სიხალისის ნაწილია . უკვე
ვთქვი: ამ პირველი იტალიელ
პოეტში წარმართული მითოსის
კვალსაც კი ვერ მიაგნებთ.
პირველი იტალიელი პოეტი მგონი
ერთადერთი ადამიანია, რომელსაც
ვირგილიუსზე არაფერი სმენია.
ეს სავსებით გამართლებულია
მისი საგანგებო დანიშნულებით.
კარგია, რომ ის ბულბულს ბულბულს
ეძახდა და მისი გალობა ითილუსის
და პროკნეს საშინელი ამბებით
არ შეურყვნია. მოკლედ, ძალიანაც
კარგია და სასურველი, რომ წმ.
ფრანცისკმა ვირგილიუსი არ
იცის. მაგრამ რამდენად სასურველია,
დანტესაც რომ არ სცოდნოდა
ვირგილიუსი? ან წარმართული
მითოლოგია? ჭეშმარიტი ნათქვამია,
რომ დანტე ამ თქმულებებს უფრო
ღრმა მართლრწმენისთვის
იყენებს; უზარმაზარი წარმართული
ფრაგმენტები, ჰარონისა და
მინოსის მისი ტიტანური ფიგურები
სხვა, უდიდესი ბუნებრივი
რელიგიის მინიშნებებია,
რომელიც ისტორიის უკან დგას
და რწმენას მოასწავებს. ძალიან
კარგია, რომ Dies Irae დავითსაც
მოიცავს და სიბილასაც. წმ.
ფრანცისკი სიბილას ყველა
წიგნის ყველა ფურცელს დაწვავდა,
ერთი ქორფა ფოთლის სანაცვლოდ.
ეს სიმართლეა, და სავსებით
შეეფერება წმ. ფრანცისკს.
თუმცა კარგია, რომ Dies Irae-ც გვაქვს
და მზის ჰიმნიც.
ამ
თვალსაზრისით წმ. ფრანცისკის
მოსვლა ბნელ სახლში ბავშვის
დაბადებას ჰგავს, სახლს რომ
ამხიარულებს; ბავშვი იზრდება
და ვერც აცნობიერებს ტრაგედიას,
რომელსაც უმანკოებით ამარცხებს.
მისი არცოდვა არცოდნიგან
განუყოფელია. ის იმ ბალახს
წიწკნის, მოკლულის საფლავზე
რომ იზრდება და იმ ვაშლის ხეზე
მიცოცავს, თვითმკვლელმა
სახრჩობელად რომ აქცია. ესაა
სამყაროსთვის მოტანილი
მიტევების, შერიგების და
სიახლის ფრანცისკანული
სულისკვეთება, მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ სამყაროს მისი
უცოდინარობაც უნდა მოახვიო
თავს; ვფიქრობ, რომ ამის მცდელობა
იყო. ზოგიერთ ფრანცისკანელს
უნდოდა, ფრანცისკანულ პოეზიას
ბენედიქტინელთა პროზა
გაეძევებინა. ამ სიმბოლური
ბავშვისთვის ეს სავსებით
გონივრულია. ასეთი ბავშვისთვის
სამყარო ახლადშეთეთრებული
ქათქათა ოთახია, რომლის კედლებიც
მან ფერადი ცარცებით უნდა
მოხატოს ბავშვური მონახაზის
და მხიარული ფერის ნახატებით
– მთელი ჩვენი ხელოვნება აქ
იწყება. მისთვის ეს ოთახი
ადამიანური წარმოსახვის
ყველაზე დიდებული სავანეა,
მაგრამ ღმერთის ეკლესიაში
არაერთი სავანეა.
ყველა
ერესი ეკლესიის დავიწროების
მცდელობაა. ფრანცისკანული
მოძრაობა ახალ
რელიგიად რომ ჩამოყალიბებულიყო,
ვიწრო რელიგიას მივიღებდით.
აქა-იქ ერესში გადაზრდისას,
ვიწრო ერესი მივიღეთ, რომელმაც
განწობა გონებას დაუპირისპირა
– როგორც ყოველთვის ხდება
ხოლმე. საწყისი, წმ. ფრანცისკის
დიდებული და კეთილი განწყობა,
თავისთავად არასაყოველთაო,
გადაგვარდა, რადგან მონომანიად
იქცა. სექტამ, სახელად ფრატიჩელი,
თავი წმ. ფრანცისკის ჭეშმარიტ
შვილად გამოაცხადა, რომთან
ყველანაირი კომპრომისი უარყო
და ხელი მიჰყო, რასაც ასიზის
სრული პროგრამა შეიძლება
დაერქვას. სულ მცირე ხანში
ეს თავისუფალი ფრანცისკანელები
მრისხანებით ფლაგელანტებს
დაემსგავსნენ. მათ ახალი
აკრძალვები შეიმუშავეს;
უარყვეს ქორწინება და ამით
– ადამიანობა; ომი გამოუცხადეს
ადამიანურობას ყველაზე
ადამიანური წმინდანის სახელით.
ისინი დევნას არ გაუნადგურებია;
ბევრი მათგანი გადაარწმუნეს,
დანარჩენებს კი არაფერი
შეუქმნიათ ისეთი, რაც ვინმეს
ჭეშმარიტ წმ. ფრანცისკს ოდნავ
მაინც მოაგონებდა. რაც ამ
ადამიანებს დაემართა, მისტიციზმის
ბრალია; ისინი მხოლოდ და მხოლოდ
მისტიკოსები იყვნენ და სხვა
არაფერი; მისტიკოსები და არა
კათოლიკეები; მისტიკოსები
და არა ქრისტიანები; მისტიკოსები
და არა ადამიანები. ისინი
გადაგვარდნენ, რადგან გონებისთვის
ყური არ უთხოვებიათ. წმ.
ფრანცისკი, რამდენადაც
თავშეუკავებლად და რომანტიკულად
არ უნდა მოგვეჩვენოს მისი
მერყეობები, ერთი უხილავი და
უმტკიცესი თმის ღერით ყოველთვის
გონებაზე ეკიდა.
დიდ
წმინდანს საღი გონება ჰქონდა;
თვით სიტყვა საღის ჟღერადობა,
ჩანგის ბგერასავით, გვაბრუნებს
იმასთან, რაც ბევრად უფრო
ღრმაა, ვიდრე მთელი მისი
მოჩვენებითი, ელფური ექსცენტრულობა.
ის არ იყო უბრალოდ ექსცენტრული,
რადგან ყოველთვის ლაბირინთის
ცენტრისკენ ისწრაფოდა; უცნაური
და მიხვეულ- მოხვეული სიარულით
მას მუდამ სახლისკენ ეჭირა
გეზი. მისი მოჭარბებული
თავმდაბლობა და ადამიანურობა
ერესიარქისთვის და ექსტრემისტისთვის
სრულიად შეუფერებელი იყო.
სხვა რომ არა, იუმორის გრძნობა,
რომელიც მთელი მისი გამოხდომების
მარილია, დაიცავდა მას სექტანტურ
თვითკმაყოფილებაში გახევებისგან.
ის ბუნებრივად მზად იყო,
საკუთარი შეცდომა ეღიარებინა;
და თუ მისმა მიმდევრებმა
ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხში
მისი შეცდომა აღიარეს, ამით
მხოლოდ მისი სიმართლის აღიარებას
შეუწყვეს ხელი; მისმა ჭეშმარიტმა
მიმდევრებმა დაამტკიცეს, რომ
ის მართალი იყო და მისი ზოგიერთი
უარყოფის გადალახვით გააფართოვეს
და განმარტეს მისი სიმართლე.
ფრანცისკანული ორდენი არ
გაქვავებულა და არ დამსხვრეულა,
რაც ოფიციალური ტირანიით თუ
შინაგანი ღალატით გამოწვეული
ჭეშმარიტი მიზნების აღრევას
მოყვება ხოლმე. მისმა მთავარმა,
მართლმორწმუნე ტანმა ნაყოფი
გამოიღო. მისი შვილების სია
მოითვლის ბონავენტურას, დიდ
მისტიკოსს, ბერნარდინოს,
სახალხო მქადეგებელს, იტალია
Jongleur de Dieu-ს ნეტარი ბუფონადებით
რომ აავსო; მოითვლის რაიმონდ
ლულის, მისი უცნაური სწავლებით
და მსოფლიოს მოქცევის დიდი
და გაბედული გეგმით, ისეთივე
განუმეორებელს, როგორც თავად
წმ. ფრანცისკია; მოითვლის
როჯერ ბეკონს, პირველ
ბუნებისმეტყველს, ვისი ცდებიც
სინათლისა და წყლის კვლევისა
ბუნებისმეტყველების საწყისებისთვის
დამახასიათებელი მოხდენილობით
ხასიათდება და ვისაც ყველაზე
უფრო მატერიალისტურად განწყობილი
მეცნიერებიც კი მეცნიერების
მამად აღიარებენ. საქმე ის
კი არაა მხოლოდ, რომ ამ დიდმა
ადამიანებმა მსოფლიოსთვის
დიდი შრომა გასწიეს. საქმე
ისაა, რომ ისინი განსაკუთრებული
ხალხია, რომლებმაც შეინარჩუნეს
განსაკუთრებული ადამიანის
სული, მისი სიმამაცე და უბრალოება.
მათში წმ. ფრანცისკის შვილებს
ამოვიცნობთ.
ესაა
ის სრული და საბოლოო გრძნობა,
რომლითაც წმ. ფრანცისკს უნდა
მივუბრუნდეთ - მადლიერება
გაკეთებულისთვის. ის უხვად
გასცემდა, და გასცემდა
მადლიერებას. თუ სხვა, დიდმა
ადამიანმა თანხმობის გრამატიკა
დაწერა, შეიძლება ითქვას, რომ
მის კალამს ეკუთვნის მიღების
გრამატიკა, გრამატიკა
მადლიერებისა. ის ფესვებამდე
ჩაწვდა მადლიერების უძირო
თეორიას, მიხვდა , რომ ღვთის
დიდებას უმტკიცესი საფუძველი
მაშინ აქვს, როდესაც არაფერს
ეფუძნება. მან იცოდა, რომ
არსებობის სასწაულს მხოლოდ
მაშინ გავაცნობიერებთ, როდესაც
მივხვდებით, რომ ის რაღაც
უცნაური წყალობის შედეგია
მხოლოდ. და ეს უდიდესი ჭეშმარიტება,
შემცირებული ფორმით მეორდება
ისტორიის ამ შემქნელის მიმართ
ჩვენს დამოკიდებულებაში.
მანაც მოგვცა ისეთი რამ, რასაც
ჩვენით ვერასდროს მოვიფიქრებდით;
ისიც აღემატება ყველაფერს,
გარდა მადლიერებისა. მისგან
მომდინარეობს სამყაროს
გამოღვიძება და განთიადი,
რომელმაც ყველაფერი ახლად
მოხაზა და გააფერადა. დიდი
გენიოსები, რომლებმაც ქრისტიანული
ცივილიზაცია მოგვცეს, ისტორიაში
მის მსახურებად და მიმბაძველებად
ჩანან. მან მისცა პოეზია
იტალიას, ვიდრე დანტე გამოჩნდებოდა;
ვიდრე ჯოტო დახატავდა სურათს,
სცენა მან გაითამაშა. ევროპული
მხატვრობის უდიდესი შთამაგონებელი
თავად წმ. ფრანცისკს ეახლა
შთაგონებისთვის. ამბობენ,
როდესაც წმ. ფრანცისკმა
თავისებური სიმარტივით საშობაო
წარმოდგენა გამართა, მოგვებით
და ანგელოზებით მოუქნელ და
ხასხასა შუასაუკუნოვან
სამოსებში და ოქროს რგოლებით
შარავანდის ნაცვლად, ფრანცისკანული
დიდებით აღსავსე სასწაული
გამოიკვეთა: წმინდა ყრმა,
რომელიც ხის თოჯინა იყო, მის
ხელში გაცოცხლდა. მას ალბათ
უფრო მცირე რამ არც უფიქრია,
მაგრამ ჩვენ ის მაინც შეგვიძლია
ვთქვათ, რომ მის მკლავებში
სიცოცხლე შეიძინა იმან, რასაც
ახლა დრამას ვეძახით. გარდა
სიმღერის ძლიერი სიყვარულისა,
მას ამ ხელოვნებათა სულისკვეთება
ალბათ არ უტარებია. ის თავად
იყო სულისკვეთება. ის თავად
იყო ამის სულიერი არსი და
სუბსტანცია, რომელიც მიწაზე
დააბიჯებდა, ვიდრე ვინმე
ნახავდა ამას ყველაფერს ხილული
ფორმით: მოხეტიალე ცეცხლი
არსაიდან, რომლისგანაც უფრო
ნივთიერი ადამიანები ჩირაღდნებს
და სანთლებს ანთებენ.
ის
შუასაუკუნოვანი ცივილიზაციის
სულია, მის ხორცშესხმამდე
არსებული. მეორე, სრულიად
განსხვავებული სულიერი
შთაგონებაც დიდწილად მას
უკავშირდება; ესაა შუასაუკუნოვანი
და თანამედროვე გარდამქნელი
ენერგია, რომელიც Deus est Deus Pauperum
ტვირთისგან იღებს სათავეს.
ადამიანის თანაგრძნობის
მისეული შემართება მდიდართა
თავგასულობის წინააღმდეგ
მიმართულ მრავალ სამართლიან
შუასაუკუნოვან კანონში აისახა;
დღეს ის ზურგს უმაგრებს იმას,
რასაც არც თუ ზუსტად ქრისტიან
სოციალისტს უწოდებენ და წესით
კათოლიკე დემოკრატი უნდა
ერქვას. არც ხელოვნების და
არც სოციალურ სფეროში იტყვის
ვინმე, რომ ეს ყველაფერი უმისოდ
არ იარსებებდა, თუმცა ჩვენ
მიგვაჩნია, რომ მის გარეშე
ამის წარმოდგენა შეუძლებელია,
რადგან მან იცხოვრა და შეცვალა
სამყარო.
და
თუ ხვდები, რა ისტორიულ
შთაგონებასთან გაქვს საქმე,
იგრძნობ იმ უსუსურობას, რომელიც
მისი ძალის ნახევარს შეადგენდა
და მხოლოდ ისღა დაგღჩენია,
რომ ეცადო ეს ნაწვალებ და
უბადრუკ წინადადებეში ასახო.
მიხვდები იმასაც, რას გულისხმობდა
წმ. ფრანცისკი დიდ და კეთილ
ვალში, რომლის გადახდა
შეუძლებელია. ერთდროულად
იგრძნობ უსასრულოდ მეტის
გაკეთების მოთხოვნილებას
და გაკეთებულის ამაოებასაც.
გაიგებ, რას ნიშნავს წასული
ადამიანის მარგალიტთა ნიაღვრის
ქვეშ დგომა, როცა არაფერი
გაქვს დასაპირისპირებელი;
როცა არაფერი გაგაჩნია დროის
და უსასრულობის ამ უზარმაზარი
ტაძრის თაღებქვეშ, გარდა მცირე
სანთლისა, რომელიც ასე უცებ
ჩაიფერფლა მის ძვალთშესალაგთან.
No comments:
Post a Comment