თავი IV ფრანცისკ მშენებელი

ჩვენ მივაღწიეთ ფრანცისკ ასიზელის ცხოვრების გარდატეხის წერტილს; ის, რაც მას დაემართა, მეტწილად დაფარულია ჩვენთვის, ჩვეულებრივი და თავკერძი ადამიანებისთვის, რომლებიც ღმერთს არ გაუტეხავს, ხელმეორედ რომ შეექმნა.

საერო მკითხველისათვის საქმის გასამარტივებლად გადავწყვიტე მხოლოდ იმის მოყოლა, რა მოხდა, მომხდარის მნიშვნელობაზე კი მცირე მინიშნებით შემოვიფარგლ. ამაზე მოგვიანებით შეიძლება მსჯელობა, როდესაც ფრანცისკის ცხოვრება მას სრულად წარმოაჩენს. მოკლედ, ამბავი წმ. დამიენის ეკლესიის ნანგრევების ირგვლივ ტრიალებს. ასიზის ეს ძველი, უყურადღებოდ მიტოვებული საყდარი ინგრეოდა. ფრანცისკი აქ ხშირად ლოცულობდა ჯვარცმის წინ, იმ ბნელ და უმიზნო დღეებში, რომლებიც მისი მხედრული გეგმების ტრაგიკულ ჩაშლას მოჰყვა. მგრძნობიარე სულისთვის არანაკლებ ძნელი იყო საზოგადოების თვალში სახელის შელახვის ატანა. ერთხელ, ლოცვისას, ხმა შემოესმა: „განა ვერ ხედავ, რომ ჩემი სახლი ინგრევა? წადი და შეაკეთე.“

ფრანცისკი წამოხტა და წავიდა. წასვლა და გაკეთება ხომ მისი ბუნების მამოძრავებელი ძალა იყო; ის წავიდა და გააკეთა. გააკეთა, ვიდრე კარგად გაიზრებდა, რას აკეთებს. გააკეთა ის, რამაც დამანგრეველი გავლენა იქონია მის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე. გულქვა ქვეყნიერების მარტივი ენით რომ ვთქვათ, მან იქურდა; თავისი გულანთებული თვალსაზრისით კი, ეკლესიის აღდგენის შეუფასებებლი და განსაკუთრებული პატივი გაუნაწილა თავის სათაყვანებელ მამას, პიეტრო ბერნადონეს. მან ჯერ საკუთარი ცხენი, შემდეგ კი მამამისის კუთვნილი რამდენიმე თოფი ქსოვილის გაყიდა, რომლებზეც წინასწარ ჯვარი გამოსახა მიზნის კეთილშობილების ხაზგასასმელად. პიეტრო ბერნადონემ ეს სულ სხვანაირად გაიგო. სიმართლე რომ ითქვას, პიეტრო ბერნადონეს არც ჰქონია დიდი სურვილი საკუთარი შვილის უცნაური საქციელის გაგებისა. იმის ნაცვლად, რომ გარკვეულიყო, რა ცეცხლი სწვავდა ყმაწვილს, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ეთქვა მისთვის (რაც შემდეგ მღვდელმა გააკეთა), რომ მისი საქციელი, თუმც ჩანაფიქრით კეთილი, მაგრამ მაინც გაუმართლებელია, უფროსმა ბერნადონემ ყველაზე მძიმე გზა აირჩია – პირდაპირი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ის წარმართივით მოიქცა და შვილი, როგორც ქურდბაცაცა, თვითონ დატუსაღა. როგორც ჩანს, მამამისის განწყობა ბევრმა გაიზიარა იმათგან, ვინც საბრალო ფრანცისკს ადრე აფასებდა. საბოლოოდ, ღვთის სახლის აშენების მცდელობა საკუთარის თავზე ჩამონგრევით დასრულდა. დავა გაგრძელდა და რაღაც დროით, გაუბედურებული ახალგაზრდა მიწისქვეშეთში, რომელიღაც სარდაფში თუ გამოქვაბულში შეიყუჟა. ეს მისთვის უმძიმესი მომენტი იყო; მთელი სამყარო ამოყირავდა; მთელი სამყარო მის თავზე მოექცა.

ალბათ ვერავინ შეამჩნია მასში მომხდარი ცვლილება, როდესაც ის გამოვიდა. ის და მამამისი ეპისკოფოსის სამსაჯავროზე წადგნენ, რადგან ფრანცისკმა ყველა საერო სასამართლო უარყო. ეპისკოფოსმა მას რამდენიმე შენიშვნით მიმართა - შესანიშნავია ის საღი აზრი, რომლითაც კათოლიკური ეკლესია თავისი წმინდანების ცეცხლოვანი განწყობებეკიდება: მან დაავალდებულა ფრანცისკი მამისთვის ფული დაებრუნებინა; თქვა, რომ არცერთი საქმე არ იმსახურებს დალოცვას, თუ უსამართლო ხერხებითაა განხორციელებული; და რომ (მოკლედ და მარტივად) თუ ახალგაზრდა ფანატიკოსი ბებერ ბრიყვს საკუთარ ფულს უკან მისცემს, ინციდენტი ამოიწურება. ფრანცისკი უკვე ის აღარაა: აღარც დათრგუნული ანს და კიდევ უფრო ნაკლებად მონანული, როცა საქმე მამას ეხება. მისი სიტყვები არ შეიცავს არც აღშფოთებას და არც უაზრო შეურაცხყოფას – არაფერს, რაც დავის გაგრძელებაზეიანიშნებს. ეს იდუმალი რაჲ არს ჩემდა და შენდას“ თუ საშინელი „ნუ შემომეხები მეს“ შორეული გამოძახილია.

მან ყველას წინაშე განაცხადა: „აქამდე პიეტრო ბერნადონეს მამას ვუწოდებდი, ამიერიდან კი ღმერთის მსახური ვარ. არამარტო ფულს, არამედ ყველაფერს, რასაც მისი შეიძლება ეწოდოს, ვუბრუნებ მამაჩემს, ტანსაცმელსაც კი, რომელიც მომცა.“ მან ყველა სამოსი ჩამოიხია, და გამოჩნდა, რომ თმის პერანგი ეცვა.

შემდეგ ტანსაცმელი იატაკზე დაახვავა, ზემოდან ფული დააყარა და ეპისკოფოსს მოუბრუნა კურთხევისთვის, მსგავსად ადამიანისა, რონელიც საოგადოებას განერიდება და გარეთ, თოვლგავიდა. ამ დიდი ცხოვრებისეული კრიზისის საინტერესო დეტალი, რომელიც ღრმა მნიშვნელობის მატარებელია, რომელიღაც გადმოცემამ შეინარჩუნა. ნახევრად შიშველი, თმის პერანგის ამარა, ის ზამთრის ტყეში შეერია. დამზრალ მიწაზე ფეხშიშველი მიაბიჯებდა, უდედმამოდ, უგროშოდ, უხელობოდ და, ერთი შეხედვით, უგეგმოდ და უიმედოდ. უეცრად ყინვადაკრულ ხეებს მისი სიმღერა მიწვდა.

ვიღაცამ ეამჩნია, რომ სიმღერის ენა ფრანგული იყო, ანუ პროვანსული, რომელსაც მოხერხებულობისთვის ფარნგულ ეძახდნენ. ეს არ იყო მისი მშობლიური ენა, მომავალში პოეტის დიდებას რომ მოუტანს; წმ. ფრანცისკი ხომ ევროპის ერთ-ერთი პირველი ეროვნული პოეტია. პროვანსული კი მისი ბიჭური გზნების და იმედების ენაა – სიყვარულის ენა. ამ არაჩვეულებრივ გარემოებაში, ამ ენაზე ამღერება ერთი შეხედვით უცნაურად მეჩვენა, დაფიქრებისას კი ძალიან მნიშვნელოვნად. ამას შემდეგ თავში ვიტყვი. აქ კი მხოლოდ ავღნიშნავ, რომ წმ. ფრანცისკის ფილოსოფია ერთი მთავარი იდეის ირგვლივ ბრუნავს: ესაა ბუნებრივის ახალი, ზებუნებრივი სინათლით განათების, ბუნებრივის საბოლოო განკურნების და არა უარყოფის იდეა; და ზამთრის ტყეში ბეწვის სამოსით განდეგილივით ხეტიალისას, ის ამას ტრუბადურების ენაზე უმღერს.

მაგრამ დავუბრუნდეთ დანგრევის პირას მისულ მიტოვებულ ეკლესიას, რითაც ამ წმინდანის უდანაშაულო დანაშაულის და მადლისმომცემი სასჯელის ამბავი დაიწყო. ეს საქმე ისევ მისი მთავარი საზრუნავია და მალე მისი დაუოკებელი მოქმედების წყარო ხდება. ეს ახალი სახის მოქმედებაა. ის აღარ ცდილობს ასიზის კომერციულ ეთიკაში ჩარევას. მის გონებაში დიადმა პარადოქსმა დაისადგურა, გასინჯვისას ანბანური ჭეშმარიტებაც რომ აღმოჩნდება ხოლმე. ის მიხვდა, რომ ეკლესიის ასაშენებლად საჭიროა არა გარიგებების და კანონების ქსელში გახვევა; ამაში არაა საჭირო ფულის, მითუმეტეს სხვისი ფულის გადახდა. ეკლესიის ასაშენებლად აუცილებელია მისი აშენება.

და ის იწყებს ქვის შეგროვებას, ყველას სთხოვს ქვებს. ჩვენ ვხედავთ ახალი სახის მათხოვარს, რომელმაც გამოთქმა შეაბრუნა და პურის ნაცვლად ქვას ითხოვს. როგორც არაერთხელ მომხდარა მისი არაჩვეულებრივი არსებობის განმავლობაში, თხოვნის უცნაურობამ მას სახელი მოუხვეჭა. ბევრი მოცლილი და მდიდარი ისე დაინტერესდა ამ წამოწყებით, თითქოს სანაძლეო ყოფილიყო. ფრანცისკი ეკლესიას თავის ხელით აშენებს, მასალას სახედარივით თვითონ დაათრევს და შრომის უმძიმეს გაკვეთილებს სწვლობს. ამ პერიოდზე უამრავი გადმოცემა გვიყვება, მაგრამ აქაური მიზნებისთვის სასრგებლო იქნება, თუ წმინდანის ფიზიკური შრომის პატარა ჭიშკრით წუთისოფელში დაბრუნებას ჩავუფიქრდებით. მთელ მის ცხოვრებას მეორე მნიშვნელობა ჩრდილივით გასდევს, ყველა მისი ქმედება ალეგორიის მსგავსია. სავსებით მოსალოდნელია, რომ ვინმე ჭკუის კოლოფი მეცნიერ-ისტორიკოსი ერთხელაც ეცდება იმის დამტკიცებას, რომ ის თავადაც ალეგორიაა და სხვა არაფერი. მის შრომას მართლაც ჰქონდა ორმაგი მიზანი და წმ. დამიენის ეკლესიის აღგენისას, ის სხვა რამესაც აღადგენდა. მან აღმოაჩინა, რომ მისი მოწოდება ბრძოლაში კაცის ძირს დანარცხება კი არა, მშვიდობის და შემოქმედების ძეგლის მშენებლობაა. ის მართლაც განსხვავებული რამის მშენებლობას შეეჭიდა; ისეთის, რაც ხშირად ინგრევა და რისი აღდგენაც არასდროს არაა გვიან; ეკლესიის, რომლის საფუძველთან უძლურია ჯოჯოხეთის კარიბჭე, და რომლის თავიდან აშენება ყოველთვის შეიძლება, ფუძემდეც რომ დაინგრეს.

ახალი ეტაპი მისი ენერგიის პორციუნკულას მცირე, სანტა მარია დელ ანჯელის ეკლესიის გარდაქმნაზე მიმართვით იწყება. მსგავსი რამ მან უკვე მოიმოქმედა წმ. პეტრეს სახელობის ეკლესიაში, და წმინდანის ცხოვრების სიმბოლურ დრამასთან ზემოაღნიშნულმა მსგავსებამ ერთგულ ბიოგრაფებს სამი ეკლესის რიცხვითი სიმბოლიზმი დაანახა. ყველა შემთხვევაში ორ მათგანს უფრო მეტი ისტორიული და პრაქტიკული სიმბოლიზმი გამოარჩევს: საწყისი, წმ. დამიანეს ეკლესია მის მიერ ქალთა ორდენის შექმნის შთამბეჭდავი ცდის და წმ. კლარასთან სულიერი რომანის ადგილია, პორციუნკულას ეკლესია კი ალბათ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ნაგებობად დარჩება სამუდამოდ, რადგან აქ შეკრიბა მან მეგობრების და ენთუზიასტების მცირე ჯგუფი; ის იქცა ბევრი უსახლკაროს სახლად. უცნობია, ჰქონდა თუ არა მას ამ დროს სამონასტრო მოძრაობის განვითარების ცხადი გეგმა, თუმცა საწყისი ფორმით ის მხოლოდ რამდენიმე ამხანაგს მოიცავდა, რომლებიც მას ერთმანეთის მიყოლებით, სიმარტივისკენ მისი გულმხურვალე სწრაფვის გაზიარების გამო უერთდებოდნენ. ამ სწრაფვის აღწერა მნიშვნელოვანია, რადგან ის ცხოვრების სიმარტივისკენ სახარებისეული მოწოდებით საზრდოობდა. მაცხოვრის სიყვარული ამ ადამიანის ცეცხლოვანი ბუნების ნაწილი დიდი ხნის წინ გახდა. მაგრამ მისი ბაძვა, როგორც ცხოვრების მიზანი, როგორც ჩანს, აქედან იღებს სათავეს.

სულის სამყაროში მოხდარი ამ ცვლილების აღქმა თავიდან ორმა ადამიანმა მოახერხა: შეძლებულმა და მკვიდრმა მოქალაქემ, ბერნარდო დი კუინტავალემ და ახლომდებარე ეკლესიის მოძღვარმა პეტრემ. მათ დამსახურებას ზრდის ის, რომ ფრანცისკისგან განსხვავებით, რომელსაც ამ დროს მხოლოდ უკიდურეს სიღატაკესთან, დაკონკილ მათხოვრებსა და კეთროვანებთან ჰქონდა საქმე, ამ ორს ბევრი რამ ჰქონდა დასათმობი: ერთს ამქვეყნიური კეთილდრეობა, მეორეს კი საეკლესიო პატივმოყვარეობა. ბერნარდი, მდიდარი მოქალაქე, ასეც მოიქცა პირდაპირი მნიშვნელობით: გაყიდა ყველაფერი და გლახაკებს დაურიგა. პეტრემ კიდევ უფრო მეტი გააკეთა: მან სულიერი ხელისუფლება დათმო, და მიუხედავად მოწიფული ასაკისა თუ ჩამოყალიბებული გონებრივი ჩვევებისა, გაჰყვა ექსცენტრიკულ ახალგაზრდას, რომელსაც ბევრი მანიაკად თვლიდა. რას მოჰკრეს თვალი ისეთს, რაშიც ფრანცისკი დიდებას ხედავდა, მოგვიანებით ვთქვათ, თუ კი ითქმის საერთოდ. ახლა კი მხოლოდ ის დავინახოთ , რასაც მთელი ასიზი ხედავდა. ასიზის მოქალაქეები კი მხოლოდ იმას ხედავდნენ, როგორ გაძვრა ბედნიერი აქლემი ნემსის ყუნწში, და როგორ ახდენს ღმერთი შეუძლებელს, რადგან მისთვის ყველაფერი შესაძლებელია; როგორ შემოიხია მღვდელმა თავისი სამოსი მაბაჟესავით და არა ფარისეველივით, და როგორ გამხიარულდა მდიდარი, რომელმაც სიმდიდრეს თავი დააღწია.
ამბობენ, ამ სამმა უცნაურმა ადამიანმა ქოხისმაგვარი რამ აიშენა კეთროვანთა თავშესაფრის სიახლოვეს. აქ ისინი ერთმანეთთან ახალ ცხოვრებაზე ისე საუბრობდნენ, როგორც ბავშვები - საკუთარ საიდუმლო ენაზე. საუბრობდნენ საფრთხით აღსავსე მძიმე შრომის ხანმოკლე შუალედებში (კეთროვანთა მოვლას ხომ ათჯერ უფრო მეტი სიმამაცე სჭირდება, ვიდრე სიცილიის ტახტისთვის ბრძოლას). მათი მეგობრობის დეტალებზე არაფერი ვიცით. ვიცით, რომ მეგობრებად დარჩნენ ბოლომდე. ბერნარდ დი კუინტავალე ცოტა არ იყოს, სერ ბედივერს მაგონებს, „მეფე არტურის თავიდან მოსულ და ბოლომდე დარჩენილ რაინდს.“ ის წმინდანის სასიკვდილო სარაცელთანაც იქნება და საგანგებო დალოცვასაც მიიღებს. თუმცა ეს ყველაფერი უკვე სხვა ისტორიულ სამყაროს ეკუთვნის და ძალიან დაშორებულია ფარღალალა ქოხის დაკონკილი ფანტასტიკურ სამეულს. ისინი არ არიან ბერები, უფრო არქაულ მეუდაბნოეებს ჰგვანან – სამი განდეგილი, რომელიც ერთად ცხოვრობს, მაგრამ საზოგადოებას არ შეადგენს. ეს ყველაფერი ძალიან პირადული, გარედან შეხედვისას კი სიგიჟემდე პირადული ჩანს. მოძრაობისა თუ მისიის ნიშნები პირველად მაშინ გამოჩნდება, როცა ისინი სახარებას მიმართავენ.
ბიბლიაზე წილისყრა პროტესტანტებისთვისაც არაა უცხო, თუმცა აკრიტიკებენ კიდეც, როგორც წარმართულ ცრურწმენას. ასეა თუ ისე, წმინდა წერილის შემთხვევით გადაშლა თითქოს მისი კვლევის საპირისპირო რამაა; თუმცა წმ. ფრანცისკმა ის ნამდვილად შემთხვევით გადაშალა. ერთი გადმოცემის თანახმად, მან სახარებაზე ჯვარი გამოსახა და ის სამ სხვადასხვა ადგილას გახსნა. პირველად იმ მდიდარი ჭაბუკის ამბავი ამოიკითხა, რომელმაც სიმდიდრე ვერ დათმო და ამით აქლემისა და ნემსის დიდ პარადოქსს დაუდო საფუძველი; მეორედ - მოწაფეთათვის მიცემული შეგონება, რომ არაფერი არ იქონიონ თან, არც ჩანთა, არც არგანი და არც ფული; მესამედ კი ის გადამწყვეტი ამბავი, ქრისტეს მიმდევარმა თავისი ჯვარი რომ უნდა ზიდოს. მეორე მსგავსი გადმოცემა გვეუბნება, რომ ეს ეკლესიაში სახარების კითხვისას მოხდა, მაგრამ პირველი ვერსიით ინციდენტი ახალი ცხოვრების უადრეს ეტაპს ემთხვევა და ამ ღვთაებრივი შთაგონების შედეგია, რომ პირველი მოწაფე ბერნარდი თავისი ქონების ღარიბთათვის დასარიგებლად გაეშურა. ასეც რომ ყოფილიყო, როგორც ჩანს, თავიდან ამას არაფერი არ მოჰყოლია, პირადი ასკეზის და განდეგილის ქოხის გარდა. ეს განდეგილობა, საჯარო მიმდინარეობის მიუხედავად, ამქვეყნიურისგან რეალური გარიდებაა. ამ თვალსაზრისით წმ. სიმეონ მესვეტე მომეტებულად საჯაროდ ცხოვრობდა. ფრანცისკის მდგომარეობაში იყო რაღაც განსაკუთრებული. ზოგიეთის აზრით, ძალიანაც განსაკუთრებული. ყველა კათოლიკურ საზოგადოებაში არის რაღაც საწყისი, იქნებ ქვეცნობიერიც, რაც ამის უკეთესად გაგებას უწყობს ხელს, წარმართულ ან პურიტანულ საზოგადოებასთან შედარებით. თუმცა გადაჭარბება არ უნდა მოგვივიდეს საზოგადოებაში ამ ეტაპზე არსებული თანაგრძნობის შეფასებისას. უკვე ვთქვი, რომ ეკლესიას და მის ყველა ინსტიტუტს, მათ შორის სამონასტროსაც, დალაგებულს და გააზრებულს, უკვე დაჰკრავდა სიძველის იერი. საღი აზრი, ვფიქრობ, უფრო საღი იყო შუა საუკუნეებში ჩვენს აფორიაქებულ ჟურნალისტურ დროსთან შედარებით. თუმცა ფრანცისკისნაირ ადამიანს ვერცერთ ეპოქაში ვერ ჩაწვდები მხოლოდ საღი აზრის მოშველებით. მეცამეტე საუკუნე ჭეშმარიტად პროგრესულია, იქნებ ერთადერთი პროგრესულიც კაცობრიობის ისტორიაში. ამ პროგრესულობის ერთი ნიშანი მოწესრიგებულობაა: ჭეშმარიტი რეფორმები რევოლუციების გარეშე ტარდებოდა, რეფორმები, რომლებიც პროგრესულთან ერთად ზედმიწევნით პრაქტიკულიც იყო ქალაქებისთვის, სავაჭრო და სახელოსნო ამქრებისათვის. ფრანცისკისდროინდელი მოქალაქენი ბევრად უფრო თანასწორნი იყვნენ ეკონომიკურად და მათი საქმიანი გარემო ბევრად უფრო სამართლიანად იმართებოდა, ვიდრე დღეს, შიმშილსა და მონოპოლისტურ ზემოგებას შორის განფენილ სამყაროში.
მაშინდელ მოქალაქეთა უმრავლესობა გლეხურად ანგარიშიანია; პატივცემული პიეტრო ბერნადონეს საქციელი, რომელიც შორსაა ფრანცისკანული სულის ფანტაზიების მიმართ თანაგრძნობისგან, ამის მაგალითს გვაძლევს. ჩვენც ვერ შევაფასებთ ამ უცნაური სულიერი თავგადასავლის მშვენიერებას, თუ იუმორს არ მოვიშველებთ და მარტივი სიტყვებით არ ვეცდებით იმის აღწერას, თუ რა უნდა ეფიქრა მასზე თანაგრძნობას მოკლებულ ადამიანს. შემდეგ თავში ვეცდები სამი ეკლესიის და ქოხის მშენებლობის ამბავი შიგნიდან დაგანახოთ, რაც, ალბათ წარუმატებლობისათვისაა განწირული. ამ თავში კი მხოლოდ გარეგანი მონახაზი გავაკეთე და ვთხოვ მკითხველს, წარმოიდგინოს, რა შეგვრჩება ხელში ამ ამბისგან, თუ მხოლოდ უხეში საღი აზრით განვსჯით, ერთადერთი გრძნობა კი გაღიზიანება იქნება.
ახალგაზრდა ბრიყვი და იქნებ – არამზადაც კი, დაჭერილია საკუთარი მამის გაძარცვისთვის. თავს იმით იმართლებს, რომ „ხმამ არსაიდან“ უბრძანა, რომელიღაც კედლის ნაპრალები და ბზარები შეეკეთებინა; აცხადებს, რომ მაგისტრატის ხელისუფლებას არ ექვემდებარება და თავშესაფარს პოულობს ეპისკოფოსთან, რომელიც კეთილგანწყობილების მიუხედავად, მას არ ეთანხმება და ადანაშაულებს. ამის გამო ის საჯაროდ იხდის ტანსაცმელს, შეაყრის მამას და უარს აცხადებს მასზე; შემდეგ დარბის მთელ ქალაქში და ყველა შემხვედრს სამშენებლო მასალას სთხოვს, სავარაუდოდ კედლის შეკეთების ძველი აკვიატების გამო. კედლის შეკეთება საშური საქმეა, მაგრამ არა იმისთვის, ვინც თავადაა შესაკეთებელი. აღდგენის ხუროთმოძღვრად არ გამოდგება ადამიანს, ვისაც თავად კრამიტი აქვს დაცურებული. ბოლოს საბრალო, დაძონძილ-დაგლახავებული ყმაწვილი თხრილში ამოყოფს თავს. ესაა სანახაობა, რომელსაც ფრანცისკი მეზობელთა და მეგობართა უმრავლესობისთვის წარმოადგენდა. მათთვის ალბათ უცნაური იყო, საერთოდ როგორ ედგა სული. როგორც ჩანს, მასალასთან ერთად პურსაც ითხოვდა, მაგრამ რაც შეიძლება შავსა და უვარგისს, უარესს ვიდრე მდიდარი კაცის მაგიდიდან ძაღლს გადაუგდებენ. ამრიგად, ის მათხოვარზე უარესად ცხოვრობდა, რადგან მათხოვარი ჭამს საუკეთესოს, რასაც იშოვის, წმინდანი კი - უარესს. რეალურად ის ნარჩენებზე ცხოვრობდა. ეს შეუდარებლად უფრო მძიმე გამოცდილებაა, ვიდრე ვეგეტარიანული მარტივი ცხოვრების დახვეწილი სისადავე. ტანისამოსის საქმეც იგივე პრინციპით წყდებოდა: უნდა აიღო ის, რაც არის და არა იქედან საუკეთესო. ერთი გადმოცემის თანახმად, მან ტანსაცმელი მათხოვარს გაუცვალა; ეჭვგარეშეა, რომ საფრთხობელასაც სიამოვნებით გაუცვლიდა. მეორე გადმოცემა ამბობს, რომ მან გლეხისგან მიიღო უხეში, ყავისფერი კაბა - იმდენად ძველი, გლეხიც რომ ადვილად შეელევა; მათ უმრავლესობას ზედმეტი გასაცემი ტანსაცმელი ხომ არასდროს არ აქვს. ამბობენ, ქამრის ნაცვლად, რომელიც მოისროლა (როგორც ჩანს, სიმბოლურად – იმდროინდელი მოდის მიხედვით მასზე დამაგრებული ქისის გამო), წელზე შემთხვევით აღებული თოკის ნაწყვეტი შემოირტყა. ფიქრობდა, რომ ეს გაჭირვება მიზანშეწონილია. ასე იქცევა ხოლმე უქონელი მაწანწალა, როცა თოკით ტანსაცმელის ნაწილებს ერთმანეთს ამაგრებს. ათი წლის შემდეგ ეს იმპროვიზებული სამოსი ხუთი ათასი კაცის უნიფორმად იქცა, ასი წლის შემდეგ კი ამ სამოსით, პონტიფიკოსის პატივით, დიდი დანტე დაკრძალეს.



























No comments:

Post a Comment