წმ.
ფრანცისკის ჩანახატის
თანამედროვე ენაზე შესასრულებლად
მწერალი იძულებულია, სამიდან
ერთ გზას გაჰყვეს. მე მესამე
გზა ავირჩიე, რომელიც ურთულესი
იქნებოდა, ორი დანარჩენი
შეუძლებელი რომ არ ყოფილიყო.
პირველი
მიდგომით ეს უდიდესი და
გასაოცარი ადამიანი შეიძლება
საერო ისტორიის ფიგურად და
საზოგადოებრივი სიქველის
მაგალითად განიხილო, დაახასიათო
ეს ღვთაებრივი დემაგოგი,
როგორც მსოფლიოს ერთი ყველაზე
უფრო გულწრფელი დემოკრატი.
შეგიძლია თქვა (რაც არაფრისმთქმელია),
რომ წმ. ფარნცისკმა საკუთარ
დროს გაასწრო. შეგიძლია თქვა
(რაც სრული სიმართლეა), რომ
წმ. ფრანცისკმა განჭვრიტა
ყველაფერი, რაც ლიბერალური
და სიმპათიურია თანამედროვე
განწყობაში: ბუნებისა და
ცხოველთა სიყვარული; სოციალური
თანაგრძნობის აუცილებლობა;
კეთილდღეობასთან და თვით
საკუთრებასთან დაკავშირებული
სულიერი საფრთხეები. ის, რაც
არავის ესმოდა ვორდსვორთამდე,
გასაგები იყო წმ. ფრანცისკისთვის.
ის, რაც ტოლსტოიმ აღმოაჩინა, მისთვის თავისთავად ცხადი იქნებოდა. შეიძლება
წარმოაჩინო ის, როგორც არა
მარტო გმირი ადამიანი, არამედ
ადამიანობის დამცველი გმირი,
ჭეშმარიტად პირველი გმირი
ჰუმანიზმისა. მას ხომ რენესანსის
ცისკრის ვასკვლავსაც უწოდებდნენ.
ამის შემდეგ მისი ასკეტური თეოლოგია
შეიძლება უკუაგდო, როგორც
დროის დამახასიათებელი
შემთხვევითობა – საბედნიეროდ,
არამომაკვდინებელი. მის რწმენას
შეიძლება ცრურწმენა დაარქვა,
გარდაუვალი ცრურწმენა, რომლისგან
სრულად გენიოსიც კი ვერ
თავისუფლდება და ამის
გათვალისწინებით, აღარ გააგრძელო
მისი გმობა თვითუარყოფისა
და უბიწოებისთვის.
ამ
დაშორებული თვალსაწიერიდანაც
კი ის მაინც გმირად გამოჩნდება.
კიდევ ბევრი რამ დარჩება
სათქმელი ადამიანზე, რომელიც
ჯვაროსნული ლაშქრობების
დასასრულებლად სარკინოზებს
ელაპარაკება და ფრინველებს
იმპერატორთან შუამდგომლობს.
მწერალს შეუძლია ისტორიის
სულისკვეთებით შემოიფარგლოს,
როცა
აღწერს
ფრანცისკანული
შთაგონების
გავლენას
ჯოტოს ფერწერაზე,
დანტეს პოეზიაზე,
მირაკლებზე,
რომლებმაც
თანამედროვე დრამას ჩაუყარა
საფუძველი, და კიდევ ბევრ
რამეზე, რასაც თანამედროვე
კულტურა ასე აფასებს. შეიძლება
ასე მოიქცე - ეს ბევრს გაუკეთებია
- რელიგიური საკითხის ყოველგვარი წინ წამოწევის გარეშე. მოკლედ,
შეგიძლია სცადო
წმინდანის
ამბის თხრობა უღმერთოდ,
რაც იგივეა, ნანსენის
ცხოვრების
აღწერაში
ჩრდილოეთ პოლუსის ხსენება
რომ არ გააჭაჭანო.
მეორე
მიდგომა
პირველის საპირისპირო
უკიდურესობაა
და
ჯიუტ
ერთგულებას გულისხმობს.
შეიძლება თეოლოგიური ენთუზიაზმი
მთავარ თემად აქციო - პირველი
ფრანცისკანელების მსგავსად,
რელიგია
კი რეალურად, როგორც იყო რეალური
ფრანცისკისთვის.
შეგიძლია მკაცრი სიხარული
იპოვო ასკეტიზმის პარადოქსების
და მორჩილების არეულ-დარეულობის
წარმოჩენაში, სტიგმებით
აღბეჭდო მთელი
ამბავი და მარხვა დრაკონთან
ბრძოლას შეადარო, ვიდრე ბუნდოვან
თანამედროვე ტვინში წმ.ფრანცისკის
ფიგურა ისევე არ გამუქდება,
როგორც წმ. დომენიკისა. მოკლედ,
შეგიძლია ისეთი რამ შექმნა,
ჩვენი თანამედროვენი ფოტოგრაფიულ
ნეგატივად - შუქჩრდილის
შებრუნებად რომ აღიქვამენ.
უჭკუონი იქ სიბნელის გამო
ვერ შეაღწევენ და ჭკვიანთაგანაც
ბევრი ჩათვლის, რომ ეს ძნელად
დასანახია, თეთრზე
ვერცხლისფერივით. ასეთი შტუდია
გაუგებარი იქნება ყველასთვის,
ვინც არ
იზიარებს
წმ.
ფრანცისკის
რწმენას, და მხოლოდ ნაწილობრივად
გასაგები მათთვის, ვინც არ
იზიარებს მის აღმაფრენას.
განსხვავებული
ხარისხის
შემფასებლები
ალბათ
ჩათვლიან,
რომ ეს ზედმეტად ცუდი, ან
ზედმეტად კარგია ამ სოფლისათვის.
თანაც წმინდანის ცხოვრების
ასე აღწერას წმინდანი თუ
შეძლებს, რაც შექმნილ ვითარებაში
გადაულახავი დაბრკოლებაა.
მესამე
გზა ისაა, რასაც მე მივდევ
და როგორც უკვე გითხარით, აქაც
თავისებული სიძნელეებია.
უნდა
ეცადო, ჩვეულებრივი,
გარეშე, მაგრამ
დაინტერესებული ადამიანის
ტყავში
შეძვრე, სადაც დიდწილად ვარ
კიდეც, ერთ დროს კი მთლიანად
ვიყავი.
საწყისი
წერტილი ასეთი ადამიანის
პოზიციაა, რომელიც აღტაცებულია
წმ. ფრანცისკის
ზოგიერთი, მისთვის
მისაღები თვისებით.
სხვანაირად რომ ვთქვათ, შეგიძლია
წარმოიდგინო, რომ მკითხველი,
სულ ცოტა, ისეთივე განათლებულია,
როგორც რენანი და მეთიუ არნოლდი
და
ეცადო, სინათლე
მოჰფინო იმასაც,
რაც მათ ბნელში დატოვეს; უკვე
გასაგების ხარჯზე ახსნა ჯერ
კიდევ გაუგებარი. თანამედროვე
მკითხველს შეგიძლია უთხრა:
„აი - რეალური ადამიანი, რომელიც
ბევრ
ჩვენგანს იზიდავს
მხიარულებით,
რომანტიკული წარმოსახვით,
სათნოებით
და მეგობრული
სულისკვეთებით,
თანაც ისეთი
თვისებების მატარებელი (აშკარად
გულწრფელად),
რომლებიც შენთვის შორი და
მიუღებელია. ეს ხომ ერთი
ადამიანია და არა ათი? ის, რაც
შენთვის შეუთავსებელია,
მისთვის თავსებადია. მოდი
ვცადოთ, იქნებ გავერკვეთ ამ
სხვა თვისებებშიც,
მკვეთრი
განსხვავების და უხალისობის
გამო ორმაგი წყვდიადით რომაა
მოცული.“ რა
თქმა უნდა, არც
მიცდია ამ
მოკლე, ნედლ მონახაზში
ფსიქოლოგიური
სისრულისთვის
მიმეღწია.
უბრალოდ ეს ჩემი ერთადერთი
პირობაა: მივმართავ კეთილგანწყობილ
მკითხველს - არც მეტი, არც
ნაკლები. მატერიალისტს
არ
ააღელვებს,
მოხერხდა
თუ არა წინააღმდეგობების
შერიგება. მორწმუნე საერთოდ
ვერ დაინახავს
შესარიგებელ
წინააღმდეგობებს. მე ჩვეულებრივ
ადამიანს მივმართავ, თანამგრძნობს,
მაგრამ სკეპტიკურად განწობილს,
იმ
იმედით,
რომ დიდი წმინდანის ცხოვრების
ხატოვან და
პოპულარულ მხარესთან
შეხებით, მკითხველს, სულ ცოტა,
უფრო მეტი წარმოდგენა შეექმნება
ამ სრული ხასიათის თანმიმდევრულობაზე;
ამ მიდგომით იქნებ თვალი
მოვკრათ, რატომ აფარებს თავს
ბნელ გამოქვაბულს პოეტი,
რომელიც ხოტბას აღუვლენს
უფალ მზეს, რატომ
ეპყრობოდა ასე უმოწყალოდ
თავის
ძმა
სახედარს (როგორც საკუთარ
სხეულს უწოდებდა) წმინდანი,
რომელიც ასე სათუთად
ექცეოდა ძმა მგელს, რატომ
არიდებდა
თავს
ქალს ტრუბადური,
რომლის
გული, საკუთარი
თქმით,
სიყვარულის
ცეცხლის ალში იყო
გახვეული,
რატომ გორავდა თოვლში მომღერალი,
რომელიც ცეცხლის მხიარულებას
და ძალას უმღერდა, ან
სიმღერა, რომელიც წარმართის
დაუოკებელი ვნებით ღაღადებს: „დიდება ღმერთს ჩვენი დის,
დედამიწისთვის, რომელიც შობს
სხვადასხვა ნაყოფს, ბალახს
და ხასხასა ყვავილებს,“ რატომ
სრულდება სიტყვებით:
„ დიდება ღმერთს ჩვენი დის,
ხორციელი
სიკვდილისათვის."
რენანმა
და მეთიუ არნოლდმა ეს ტესტი
ჩააფლავეს. ფრაცისკს ხოტბით
იქამდე
მისდიეს,
ვიდრე
საკუთარი წინასწარგანწყობა
არ გადაეღობათ - სკეპტიკოსის
ჯიუტი წინასწარგანწყობა.
თუ
მისი რომელიმე საქციელი არ ესმოდათ
ან
არ მოსწონდათ,
არც გაგებას ცდილობდნენ
და არც,
მითუმეტეს,
მოწონებას; უბრალოდ
ყველაფერს ზურგს აქცევედნენ
და
„არღარა ვიდოდენ
მის თანა.“ ვერავინ შეძლებს
ისტორიული კვლევის გზაზე
ამგვარად სიარულს. სკეპტიკოსი
იძულებული ხდება სასოწარკვეთით
ჩაიქნიოს ხელი ყველაზე უფრო
მარტივი და გულწრფელი ისტორიული
პერსონაჟების შესწავლაზე,
უამრავ დაგროვილ წინააღმდეგობათა
გამო; ალვერნოს ასკეზის შესახებ
ისე ნაჩქარევად მსჯელობს,
გეგონება მშვენიერი ამბის
გულსატკენ, მაგრამ უდავოდ
შემბღალავ ლაქასთან, ან კიდევ
ყალბი პათოსით გაფუჭებულ
ფინალთან ჰქონდეს საქმე.
რამდენად
ბეცი უნდა იყოს ადამიანი, რომ
ალვერნოს მთა ფრაცისკოს
მარცხად
ჩაუთვალოს.
იგივეა,
გოლგოთა
ქრისტეს დამარცხებად ჩათვალო.
მთა
მთაა
- აშკარად
გაცხადებული კულმინაცია და
ნიშანსვეტი. სტიგმებს
ლამის
სამარცვხინოდ რომ
მიჩნევ
და
მათ ტკივილნარევი თანაგრძნობით
ეხები, იგივეა,
იესო ქრისტეს ხუთი ჭრილობა
მისი ხასიათის ხუთ
ლაქად რომ
ჩათვალო. შეიძლება
არ მოგწონდეს
არც ასკეტიზმის და არც მოწამეობის
იდეა, შესაბამისად - პატიოსანი
და ბუნებრივი მიუღებლობა
გქონდეს
ყველაფრის
მიმართ, რისი სიმბოლოცაა
ჯვარი. თუ ეს მიუღებლობა
გონივრულია, ამბის არსის
დანახვის უნარს მაინც
შეინარჩუნებ
– იქნება ეს მოწამისა
თუ ბერის ამბავი.
სახარებას
თუ
გონივრულად
წაკითხავ,
ვერ ჩათვლი, რომ ჯვარცმა ქრისტეს
ცხოვრების ანტიკულმინაცია
ან შემთხვევითობაა.
ის
ამ ამბის არსია – ბასრი, როგორც
მწუხარება, რომელმაც ღვთისმშობლის
გული განგმირა.
ქრისტეს
სარკედ წარმოდგენილი ადამიანის
ამბის
გონივრული წაკითხვაც
მიგახვედრებს,
რომ
„კაცი,
მყოფი წყლულებასა შინა“ მისი
უკანასკნელი ეტაპია;
სულ მცირე,
შემოქმედებითი თვალსაზრისით
მაინც დააფასებ მის მიერ
იდუმალებისა და მარტოობის
გარემოცვაში ხელთუქმნელი
და უკურნებელი იარების მიღებას,
რომლებმაც კაცობრიობა განკურნა.
მოდი,
სიხარული
სიმკაცრესთან
თვით ამ
ამბავმა
შეარიგოს.
მე
კი, რადგან
მეთიუ არნოლდი, რენანი და
წმ. ფრანცისკის
რაციონალისტი თაყვანისმცემლები
ვახსენე, ერთ
მინიშნებას გავაკეთებ, რომელიც
ასეთ მკითხველს, ჩემი აზრით,
უნდა გამოადგეს:
ამ
გამორჩეული
მწერლებისთვის
სტიგმები შებრკოლების
ლოდები აღმოჩნდა,
რადგან მათთვის რელიგია
უპიროვნო
ფილოსოფიაა.
თუმცა
ერთადერთი
რამ,
რასაც აქ
დაახლოებით
მაინც შეუძლია მიწიერი პარალელის
როლი ითამაშოს,
ვნებათა
შორის ყველაზე უფრო პიროვნულია.
ადამიანი არ იგორავებს თოვლში
ტენდენციის ნაკადისათვის,
არ
იშიმშილებს რათა
საგანმა
ყოფიერების კანონი
განახორციელოს.
ამისთვის
სრულიად განსხვავებული
იმპულსია
საჭირო.
ამას იზამ, თუ
გიყვარს.
როდესაც
წმ ფრანცისკი
ამბობს, რომ ახალი
და კეთილშობილი სიყვარულის
ტრუბადურია, ეს არაა უბრალოდ
მეტფორა, ის
საკუთარ
თავს
სწავლულებზე უკეთ იცნობს.
ასკეზის ბოლო
აგონიამდე
ის შეყვარებულია. მას უყვარს
ღმერთი და მას ჭეშმარიტად და
რეალურად უყვარს ადამიანები
– რაც კიდევ
უფრო იშვიათი
მისტიკური მოწოდებაა. ადამიანების
სიყვარული ფილანტროპიის
თითქმის საპირისპირო რამაა.
ბერძნული
სიტყვის პედანტიზმი თვითდაცინვას
შეიცავს. ფილანტროპი
შეიძლება ანტროპოიდების
მოყვარულსაც
უწოდო.
წმ. ფრანცისკს კი ადამიანი
უყვარდა და არა კაცობრიობა,
ქრისტე და არა ქრისტიანობა.
კეთილი,
თქვი,
თუ გინდა, რომ შეშლილს უყვარდა
გამოგონილი პიროვნება, მაგრამ
- პიროვნება,
და არა იდეა. თანამედროვე
მკითხველისთვის ასკეტიზმის
და სხვა ყველაფრის გასაღები
სწორედ
აქაა -
სასიყვარულო ისტორიებში,
რომლებიც აღსავსეა სიშლეგით.
მოყევი ეს ამბავი, როგორც
ერთერთი ტრუბადურის ამბავი,
რომელიც თავისი სიყვარულის
გამო შლეგურად იქცევა, და
მთელი თანამედროვე გამოცანა
გაქრება. გაქრება
წინააღმდეგობა მზეში ყვავილების
შეგროვებასა და თოვლში გამყინავ
სიფხიზლეს შორის, მიწიერი და
ხორციელი მშვენიერების მიმართ
აღვლენილ ხოტბასა და საკვების
უარყოფას შორის, ოქროს და
მეწამულის დიდებას
და ძონძებში
სიარულს შორის, ბედნიერი
ცხოვრების მოთხოვნილებასა
და გმირული სიკვდილისკენ
სწრაფვას შორის. ყველა
ამ
გამოცანას კეთილშობილი
სიყვარული მარტივად ამოხსნის;
თუმცა ეს სიყვარული იმდენად
კეთილშობილია, რომ ათიდან
ცხრა ადამიანს მასზე არაფერი
სმენია. მოგვიანებით ვნახავთ,
რომ მიწიერი სიყვარულის ეს
პარალელი პრაქტიკულად
ხსნის
მის ცხოვრებისეულ პრობლემებს,
ურთიერთობას მამასთან,
მეგობრებთან და მათ ოჯახებთან.
თანამედროვე
მკითხველი მიხვდება, რომ როცა
ასეთი სიყვარული რეალურია,
ასეთი გადაჭარბებებიც
რომანტიკულია. ყველაფერი,
რაც ვთქვი, წინასწარი
მოსაზრებაა და ძალიან
შორსაა საბოლოო ჭეშმარიტებისგან,
უბრალოდ საუკეთესო
საწყისი მიდგომაა. მკითხველი
საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებს
და ამბავიც ველური მოეჩვენება,
თუ არ იცის, რომ ამ დიდი
მისტიკოსისათვის რწმენა
თეორია კი არა, სასიყვარულო
თავგადასავალია. ამ შესავალი
თავის ამოცანაც წიგნის სამანის
მოხაზვაა; ის
გამიზნულია მკითხველისთვის,
რომელიც წმ. ფრანცისკში
თანამედროვე სიძნელეს ხედავს;
ვინც აღტაცებულია, მაგრამ არ
იზიარებს; ვინც აფასებს
წმინდანს, მაგრამ არ აღიარებს
წმინდანობას; ამ საქმესთან
შეჭიდებაც იმიტომ გადავწყვიტე,
რომ თავად დიდხანს ვიყავი ამ
მდგომარეობის
სხვადასხვა სტადიაზე. ათასობით
რამ, რაც ახლა ნაწილობრივ მაინც მესმის, სრულიად გაუგებარი
იყო მაშინ. ბევრ რამეს,
რაც ახლა წმინდაა, ნამდვილ
ცრურწმენად ვთვლიდი. ის,
რაც ახლა შიგნიდან ნათელი
და გამჭვირვალე ჩანს, გარედან
ცქერისას
ბნელი და ველური მეჩვენებოდა
დიდი ხნის წინ, მაშინ, როცა ბიჭურ
ფანტაზიას ფრანცისკ ასიზელის
დიდების ცეცხლი მოედო. მეც მიცხოვრია არკადიაში,
თუმცა იქაც შემხვდა ვინმე
ყავისფერსამოსიანი, რომელსაც
ტყე პანზე
უფრო მეტად უყვარდა. ახლა ყავისფერსამოსიანის ფიგურა
ბუხარზე დგას იმ ოთახში, სადაც
ვწერ და
ერთადერთია ამგვარ სახეთა
შორის, ვინც ამ მოგზაურობის
არცერთ ეტაპზე
უცხოდ
არ ჩამითვლია.
არის
რაღაც ჰარმონიული
ბუხრისთავს, ცეცხლსა და ჩემს
პირველ სიამოვნებას შორის
მისი სიტყვებისგან ძმობილი
ცეცხლის შესახებ; მეხსიერებაში
ის ხომ საკმარისადაა დაშორებული, რათა პირველი დღეების ზმანებებს შეერიოს. ცეცხლის ზღაპრული
შუქჩრდილიც საბავშვო ოთახის
ჩრდილის პანტომიმას მაგონებს.
მაშინაც ჩრდილები მის საყვარელ ცხოველებს და ფრინველებს
ეკუთვნოდა, როგორც ის ხედავდა
მათ - გროტესკულს, მაგრამ
ღმერთის სიყვარულით განათებულს.
მისი ძმა მგელი და ძმა ცხვარი
მაშინ ქრისტიანი ბიძია
რიმუსის
ძმობილ მელას და ძმობილ კურდღელს უფრო მაგონებდა. თანდათან ამ
არაჩვეულებრივი
ადამიანის ბევრი სხვა
მხარეც დავინახე, მაგრამ ის,
პირველი, არასდროს დამიკარგავს.
მისი ფიგურა დგას
ხიდზე, რომელიც ჩემს
ბიჭობას
ბევრი სხვა რამისკენ მოქცევასთან აკავშირებს, რადგან მისი
რწმენის რომანტიკამ ბუნდოვანი
ვიქტორიანული ეპოქის
რაციონალიზმშიც კი შემოაღწია.
ამ გამოცდილების წყალობით, იმედია, შევძლებ, სხვებიც ოდნავ შორს
წავიყვანო ამ გზაზე, მაგრამ
სულ ოდნავ შორს.
ახლა
ჩემზე
უკეთ არავინ უწყის, რომ
ამ გზაზე შედგომა ანგელოზსაც
კი აშინებს. ვიცი, რომ დავმარცხდები,
მაგრამ არ ვშიშობ, რადგან ის "მშვენივრად
იტანდა უგუნურთ."
No comments:
Post a Comment