ახალგაზრდა ასიზელი პოეტის
სულში დატრიალებულ ამბავს
იმდენი ნიშანი თუ სიმბოლო
ახლავს, ძნელია, რომელიმე
გამოარჩიო. ერთი ამათგანი
უმიშვნელო და შემთხვევით
ფაქტში იკვეთება: როდესაც ის
და მისი საერო მეგობრები
ქალაქში პოეტურ მსვლელობებს
აწყობდნენ, თავს ტრუბადურებს
უწოდებდნენ, სულიერი შრომის
გზაზე შემდგარმა კი თანამგზავრებს
Jongleurs de Dieu შეარქვა.
აქ
არაფერი გვითქვამს ტრუბადურების
ლანგედოკსა და პროვანსში
აღმოცენებულ დიდ კულტურაზე-
დიდზე იმ გავლენის თვალსაზრისით,
რომელიც მან ისტორიაზე და
კერძოდ, წმ. ფრანცისკზე მოახდინა.
აქ რამდენიმე ფაქტს მოვიყვან,
რომელიც მასთან მიმართებითაა
მნიშვნელოვანი. ყველას სმენია
ტრუბადურების შესახებ. ყველამ
იცის, რომ მეთორმეტე საუკუნეში
და მეცამეტე საუკუნის დასაწყისში,
სამხრეთ საფრანგეთი კულტურული
თვალსაზრისით აღმავალ პარიზს
ექიშპებოდა და ჩრდილავდა
კიდეც. მთავარი მიღწევა პოეტური
სკოლა, ან უფრო პოეტთა სკოლა
იყო. ერთდროულად მენესტრელები
და ლიტერატორები, სასიყვარულო
პოეზიის მიმდევარნი, დროდადრო
სატირასაც მიმართავდნენ და
ისტორიაში ფერადოვანი ადგილი
დაიკავეს იმის წყალობით, რომ
თავად მღეროდნენ საკუთარ
პოეზიას საკუთარივე მუსიკალური
თანხლებით, რომელიც იმდროინდელ
მსუბუქ საკრავებზე სრულდებოდა.
სასიყვარულო პოეზიას ეხმიანება
მათი „მხიარული მეცნიერება,“
რომელიც ფლირტის და სასიყვარულო
ურთიერთობის ნიუანსების
სისტემაში მოყვანის მცდელობაა.
არსებობდა სიყვარულის
სასამართლოები, სადაც
სამართლებრივი სერიოზულობით
ირჩეოდა საჩოთირო საკითხები.
აქ ერთი რამაა, რაც წმ. ფრანცისკთან
მიმართებით უნდა გვახსოვდეს:
მთელ ამ გრძნობადობაში ჩანდა
ზნეობრივი საშიშროება , თუმცა
არასწორი იქნებოდა იმის
მტკიცება, რომ ეს საშიშროება
ზედმეტ ვნებიანობაში იყო.
პირიქით, სამხრეთული რომანტიკა
გადაჭარბებული სულიერებით
სცოდავდა - ისევე, როგორც მის
მიერ წარმოქმნილი პესიმისტური
ერესი. აქ სიყვარული ცხოველური
კი არა, თითქმის ალეგორიულია.
მკითხველი ხვდებოდა, რომ
მშვენიერი ქალბატონი ყველა
არსებაზე უფრო მშვენიერია,
მაგრამ მის არსებობაში ეპარებოდა
ეჭვი. დანტე ტრუბადურებთან
ვალშია და მის იდეალურ ქალთან
დაკავშირებული კამათი ამ
ეჭვების შესანიშნავი მაგალითია.
ვიცით, რომ ბეატრიჩე არ იყო
მისი ცოლი, მაგრამ ასევე
დარწმუნებით უნდა ითქვას,
რომ ის არც მისი საყვარელია.
ზოგიერთ კრიტიკოსს მიაჩნია,
რომ ის მხოლოდ მუზაა და სხვა
არაფერი. ბეატრიჩეს ალეგორიულობა,
ვფიქრობ, არასერიოზულია და
ასე იფიქრებს ყველა, ვისაც
Vita Nuova წაუკითხავს და ოდესმე
ჰყვარებია. ის, რომ ასეთი
ვარაუდი საერთოდ დასაშვებია,
უკვე იმის მაჩვენებელია, რომ
ამ შუაუსაუკუნოვან ვნებებში
არის რაღაც აბსტრაქტული და
სქოლასტიკური. თუმცა მიუხედავად
აბსტრაქტულობისა, ეს ძალიან
ვნებიანი ვნებებია. ეს ადამიანები
ძალიან ძლიერად იყვნენ
შეყვარებულნი, თუნდაც ალეგორიებსა
და აბსტაქციებში. წმ. ფრანცისკი
ჭეშმარიტი ტრუბადურის ენით
ამბობს, რომ მის დიდებულ და
მოწყალე ქალბატონს სიღარიბე
ჰქვია.
თუმცა
ის რაც მინდა განვმარტო,
ტრუბადურზე მეტად სიტყვა
Jongleur-ს და ერთიდან მეორეზე
გადასვლას უფრო უკავშირდება,
ამისთვის კი აუცილებელია
„მხიარული მეცნიერების“
მგოსნებთან დაკავშირებული
მეორე დეტალიც გავიაზროთ.
Jongleur არაა იგივე, რაც ტრუბადური
მიუხედავად იმისა, რომ ერთი
და იგივე ადამიანი შეიძლება
ორივე ყოფილიყო. მეტწილად ეს
განსხვავებული ადამიანები
და განსხვავებული ხელობაა.
ხშირად ეს ორი ადამიანი ერთად
მოგზაურობდა, როგორც თანამებრძოლი,
ან თუ შეიძლება ასე ითქვას,
თანახელოვანი. Jongleur იყო მასხარა,
მთხრობელი, და მხოლოდ ნაწილობრივ
ის, რასაც ახლა ავღნიშნავთ
ამ სიტყვით. ესა თაილიფერ -
ჟონგლერის ამბის არსი, რომელიც
ჰასტინგსის ბრძოლაში „როლანდის
სიმღერას“ მღეროდა და ხმალს
ჰაერში ათამაშებდა. ის შეიძლება
აკრობატიც ყოფილიყო, როგორც
„ჩვენი ქალბატონის აკრობატის“
მშვენიერი ლეგენდის გმირი,
რომელიც თავდაყირა იდგა
ღვთისმშობლის ხატთან და
ამისთვის ზეციური წყალობა
დაიმსახურა. შეგვიძლია
წარმოვიდგინოთ, რომ ჩვეულებრივად
ტრუბადური მსმენელებს სიყვარულის
გულწრფელი და სერიოზული
სიძნელეებით აღაფრთოვანებდა,
შემდეგ კი Jongler სახუმარო გამოსვლით
განწყობას შეამსუბუქებდა.
ამ ორი მოხეტიალე თანამგზავრის
დიდებული რომანი ჯერ კიდევ
დასაწერია. ყოველ შემთხვევაში,
თუ სადმე მოიპოვება ფრანცისკანული
სული, თავად ფრანცისკანული
ამბის გარეთ, ეს ზემოხსენებული
ლეგენდაა. და როდესაც წმ.
ფრანცისკმა თანამგზავრებს
Jongleurs
de Dieu უწოდა, რაღაც
ამის მაგვარს გულისხმობდა.
სადღაც,
ტრუბადურის პატივმოყვარეობიდან
აკრობატის ტაკიმასხარაობაზე
გადასვლაში, არაკის მსგავსადაა
დაფარული წმ. ფრანცისკის
სიმართლე. ორი მენესტრელიდან
მასხარა, სავარაუდოდ, მსახური
თუ არა, ნამდვილად მეორეხარისხოვანი
ფიგურაა. წმ. ფრანცისკი ამას
პირდაპირი მნიშვნელობით
ამბობს, როცა ამბობს, რომ
ცხოვრების საიდუმლო იპოვა
მსახურებასა და მეორეხარისხოვნებაში.
ასეთი მსახურების თავისუფლება
ქარაფშუტობას უახლოვდება.
ეს მდგომარეობა მასხარისას
ჰგავს. მასხარა თავისუფალია,
რაინდი კი დაძაბული: მასხარა
თავის მსახურებაში სრულყოფილ
თავისუფლებას აღწევს. ორი
პოეტის თუ მენესტრელის ეს
პარალელი იქნებ საუკეთესო
საწყისი აღწერაც იყოს
ფრანცისკანული გარდაქმნისა,
რომელიც თანამედროვეთათვის
სიმპათიური ამ ხატების უკანაა
დაფარული. თქმა არ უნდა, საკითხი
ბევრად უფრო რთულია, და დიდი
ძალისხმევაა საჭირო, ხატის
გავლით ცოტათი მაინც რომ
მივწვდეთ იდეას, რომელიც
ბევრს დღესაც აკრობატივივით
ამოყირავებული ეჩვენება.
ბნელ
გამოქვაბულში გაუჩინარებულმა
ფრანცისკმა გარკვეული სახის
ფსიქოლოგიური გადატრიალება
განიცადა; სრული გადატრიალება,
რომელიც აკრობატის სალტოს
მსგავსია და რომელიც ადამიან
სჩვეულებრივ მდგომარეობაში
აბრუნებს. ამ გროტესკული
შედარების გამოყენებას ვერ
გავექცევით, რადგან სხვა რამ,
რაც საქმის არსს ნათლად
წარმოაჩენს, ძნელი მოსაფიქრებელია.
შინაგანი თვალსაზრისით ეს
ღრმა სულიერი გადატრიალება
იყო. გამოქვაბულიდან სხვა
ადამიანი გამოვიდა. იმდენად
განსხვავებული, რომ თითქოს
მოკვდა და მოჩვენება ან სული
იყო. ამის შედეგი კი სამყაროს
განსხვავებული ხედვაა; ისევე
განსხვავებული, როგორც
თავდაყირა, ხელებზე მოსიარულე
ადამიანის ხედვა.
თუ
„ჩვენი ქალბატონის აკრობატის“
გადმოცემას მივმართავთ, არსს
დავუახლოვდებით. ზოგიერთი
რამ, მაგალითად ხედი ან ლანდშაფტი,
თავდაყირა უფრო მკვეთრად და
ახლებურად გამოჩნდება ხოლმე.
პეიზაჟისტებს შორის გავრცელებულია
უჩვეულო კუთხით შეხედვა. ასეთი
შებრუნებული ხედვა, რომელიც
მკვეთრი და უჩვეულოა, გარკვეულ
მსგავსებაშია წმ. ფრანცისკის
მსგავსი მისტიკოსის სამყაროსეულ
ხედვასთან. აქ ამ გადმოცემის
არსებით ნაწილს ვუახლოვდებით.
აკრობატი თავდაყირა იმიტომ
კი არ იდგა, რომ ხეები და
ყვავილები განსხვავებულად
დაენახა. არა, ასეთი რამ თავში
აზრადაც არ მოუვიდოდა. ის
იმიტომ იდგა თავდაყირა, რომ
ჩვენი ქალბატონი გაეხარებინა.
წმ. ფრანცისკს იგივე რომ
გაეკეთებინა, რაც სავსებით
შესაძლებელია, იგივე მოტივი
ექნებოდა – წმინდად ზებუნებრივი
მოტივი. ამის შემდეგ მისი
აღაფრენა გაფართოვდებოდა
და ყველაფერს მიწიერს შარავანდით
შემოსავდა. ამიტომ არაა სწორი
წმ. ფრაცისკის წარმოჩენა
რენესანსის და წმინდა ბუნებრივ
სიამოვნებათა გაცოცხლების
რომანტიკული წინამორბედის
სახით. მისი მთავარი აზრი ის
იყო, რომ ბუნებრივ სიამოვნებათა
დაბრუნების საიდუმლო მათი
ზებუნებრივი სიამოვნების
სინათლით დანახვაშია. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, მან
საკუთარ თავში გაიმეორა ის
ისტორიული პროცესი, რომელიც
შესავალში განვიხილეთ:
ასკეტიზმის სიფხიზლე, რომელიც
ბუნებრივი სამყაროს განახლებული
ხედვით სრულდება. მაგრამ
პირადული თვალსაზრისით აქ
აკრობატთან კიდევ უფრო
მნიშვნელოვანი პარალელის
გავლება შეიძლება.
სავარაუდოა,
რომ იმ ბნელ ხაროში თუ გამოქვაბულში
ფრაცისკმა ცხოვრების უბნელესი
საათები გაატარა. ბუნებით ის
ისეთი ადამიანი იყო, რომლის
პატივმოყვარეობა ამპარტავნობის
საპირისპიროა; ასეთი პატივმოყვარეობა
თავმდაბლობასთან უფრო ახლოსაა.
მისთვის მნიშვნელოვანი იყო,
რას ფიქრობდნენ მასზე ადამიანები,
და ხასიათის ამ მხარემ უმძიმესი
დარტყმა მიიღო. არაა გამორიცხული,
რომ ჩაფლავებული სამხედრო
ლაშქრობიდან დაბრუნებულს
ვინმემ ლაჩარიც უწოდა. ნათელია,
რომ მამასთან მომხდარი დავის
გამო მას ქურდიც უწოდეს. ისინიც
კი, ვინც თანაგრძნობით ეკიდებოდნენ
– მღვდელი, ვისი ეკლესიაც
აღადგინა, ეპისკოფოსი, ვისი
დალოცვაც მიიღო – ამას სავარაუდოდ
ხუმრობანარევი კეთილგანწყობით
აკეთებდნენ, რაც საბოლოო
დასკვნას კიდევ უფრო ხაზს
უსვამდა: იმას, რომ მან თავი
გაიმასხარავა. ნებისმიერს,
ვინც ახალგაზრდა ყოფილა და
უფიქრია, რომ მზადაა ბრძოლისთვის,
ვისაც ტრუბადურობაზე უოცნებია
და მეგობრობის კანონები
გაუზიარებია, ამ მარტივი
ფრაზის დამანგრეველ ძალას
ადვილად იგრძნობს. წმ. ფრანცისკის
მოქცევაში, წმ. პავლეს მსგავსად,
ცხენიდან ჩამოვარდნას ვხედავთ,
ოღონდ კიდევ უფრო უარესს,
რადგან ეს საომარი ბედაურია.
ასე იყო თუ ისე, მასში იოტისოდენაც
კი არაფერი დარჩა, რაც დასაცინი
არ გახდა. ყველამ იცოდა, რომ
მან, უკეთეს შემთხვევაში, თავი
გაიმასხარავა. ეს ობიექტური
სინამდვილე იყო, გზაზე დაგდებული
ლოდივით მყარი სინამდვილე.
ის საკუთარ თავს ფანჯრის
მინაზე მოსიარულე ბუზივით
მცირე ზომის არსებად ხედავს,
და ეს არსება, ეჭვგარეშე,
მასხარაა. მის თვალწინ კაშკაშა
ასოებით გამოყვანილი სიტყვა
„მასხარა“ თანდათან ნათდება
და იცვლება.
ბავშვობაში
მსმენია, რომ თუ ადამიანი
დედამიწის ცენტრისკენ ხვრელის
თხრას დაიწყებს, დადგება ისეთი
მომენტი, როდესაც ჩასვლა
ასვლად გადაიქცევა. არ ვიცი,
ასეა თუ არა, რადგან არც ხვრელი
გამითხრია და მითუმეტეს, არც
მასში მიცოცია. არ ვიცი, როგორია
ეს შემობრუნება, რადგან არასდროს
განმიცდია. ეს ალეგორიაა.
მწერალიც და ალბათ მკითხველიც,
ჩვეულებრივი ადამიანები
არიან, რომლებსაც ეს არ განუცდიათ.
ჩვენ ვერ გავყვებით წმ. ფრანცისკს
იმ საბოლოო სულიერი გადატრიალების
გზაზე, რომელშიც სრული დამცირება
სრულ სიწმინდედ და ნეტარებად
იქცევა. იმიტომ, რომ ეს არასდროს
განგვიცდია. მე, პირადად, ბიჭური
პატივმოყვარეობის რომატიკული
ბარიკადების დანგრევას ვერ
გავცდები. რასაც ის გრძნობდა,
შეიძლება სრულიად განსხვავებულია
ჩვენი ვარაუდისაგან. რაც არ
უნდა იყოს, ანალოგია გვირაბში
მოძრავ ადამიანთან მაინც
არსებობს, ადამიანთან რომელიც
განუწყვეტლივ ეშვება დაბლა
და უცებ, იდუმალი ცვლილებით,
აღმასვლას იწყებს. ჩვენთვის
მიუწვდომელია ეს აღმასვლა,
რადგან ამგვარი დაბლა დაშვებაც
არ განგვიცდია. ასეთ გამოცდილებასთან
დაკავშირებული შინაგანი
განცდის აღწერას არც ვაპირებ,
რომ შევეჭიდო. გარეგნული
შედეგი კი შეიძლება ასე
გამოვხატოთ: როდესაც ფრანცისკი
თავისი ხილვის გამოქვაბულიდან
გამოვიდა, სიტყვა „მასხარას“
უკვე ქუდში ფრთად, ან ჯვრად,
ან სულაც გვირგვინად ატარებდა.
ის გააგრძელებს მასხარად
ყოფნას, სულ უფრო და უფრო
გამასხარავდება; ის სამოთხის
მეფის მასხარა გახდება.
ამ
მდგომარეობის წარმოდგენა
მხოლოდ სიმბოლურადაა შესაძლებელი.
და შემობრუნების ეს სიმბოლო
სხვა თვალსაზრისითაც ჭეშმარიტია.
თუ ადამიანი ყველაფერს
გადაბრუნებულად ხედავს: ხეებს,
კოშკებს – დაკიდებულს,
როგორც გუბეში, ერთი შედეგი
დამოკიდებულების იდეის ხაზგსმა
იქნება. დამოკიდებულებას
და დაკიდებას ხომ საერთო ძირი
აქვს. ეს
გააცოცხლებს წმინდა წერილის
ტექსტს, რომელიც გვეუბნება,
რომ ღმერთმა სამყარო არაფერზე
დაკიდა. იქნებ წმ. ფრანცისკმა
ერთერთ უცნაურ სიზმარში ნახა
შემობრუნებული ასიზი – ზუსტად
ისეთივე, როგორც სინამდვილეში,
ოღონდ ამოყირავებული. თუ
ჩვეულებრივი თვალი კედლებისა
და კოშკების სიმკვიდრეს
და
მარადიულობას შეამჩნევდა,
გადაყირავებულად
დანახვისას მასიურობა და
სიმკვიდრე დაუცველობისა და
ხიფათის განცდას კიდევ უფრო
გაამძაფრებდა. ეს მხოლოდ
სიმბოლოა, მაგრამ ის ფსიქოლოგიურ
ფაქტს ეთანადება: წმ. ფრანცისკს
ალბათ ძველებურად უყვარდა
თავისი პატარა ქალაქი, ან
იქნებ უფრო მეტადაც, მაგრამ
სიყვარულის ბუნება შესაძლოა
შეცვლილიყო. მას შეიძლება
ჰყვარებოდა ყველა მისი წვეტიანი
სახურავი და
დაკბილული კედელი, მაგრამ
ახლებურად, მარადიული საშიშროებისა
და დამოკიდებულების ზეციური
სინათლით განათებული დაენახა.
იქნებ მადლობდა უფალს, სამყაროს
უზარმაზარი ბროლივით რომ არ
აგდებს, რათა ვარსკვლავებად
არ დაიმსხვრეს და ჩამოცვივდეს.
იქნებ წმ. პეტრე ხედავდა
სამყაროს ასე, როცა თავდაყირა
აცვეს ჯვარს.
ცინიკურად
იტყვიან ხოლმე: „ ნეტარ არიან,
ვინც არაფერს ელის, რამეთუ
იმედგაცრუება არ მოელით.“
სრულიად ბედნიერი და აღტცებული
განწყობით თქვა წმ. ფრანცისკმა:
„ნეტარ არიან, ვინც არაფერს
ელის, რამეთუ
ყველაფერს მიიღებს.“ ნულიდან,
საკუთარ უდაბნოთა ბნელი
სიცარიელიდან დაწყების ამ
შეგნებული იდეით მიაღწია მან
თვით მიწიერით სიამოვნების
ისეთ სიმაღლეს, რომელიც
ცოტას თუ ღირსებია. ესაა
ამ იდეის ქმედითობის საუკეთესო
ილუსტრაცია, რადგან არ არსებობს
საშუალება ვარსკვლავის
გამომუშავების ან დაისის
დამსახურებისა. თუმცა იქ კიდევ
უფრო მეტია, უფრო მეტი, ვიდრე
სიტყვით გამოითქმის. რაც უფრო
ნაკლებს ფიქრობ საკუთარ თავზე,
მით უფრო მეტს ფიქრობ საკუთარ
იღბლიანობასა და ღვთის მადლზე.
ისიც მართალია, რომ რაც უფრო
მეტად უცქერ საგანთა წარმომავლობას,
მით უფრო ნათლად ხედავ თვით
საგნებს, რადგან წარმომავლობა
მათი უმნიშვნელოვანესი
შემადგენელი
ნაწილია. ამდენად,
ახსნით მათი არაჩვეულებრივობა
იმატებს, იზრდება გაოცება და
იკლებს შიში მათ მიმართ. საგანი
საოცარია, როცა მნიშვნელოვანია;
ურჩხული, უფორმო და ყრუ, თუნდაც
მთისხელა, მაინც უმნიშვნელოა
პირდაპირი გაგებით. წმ.
ფრანცისკისნაირი მისტიკოსისთვის
ურჩხულებს აქვთ მნიშვნელობა.
მათ მოაქვთ გზავნილი და გაუგებარ
ენაზე აღარ ლაპარაკობენ. ესაა
ყველა იმ ისტორიული თუ ლეგენდარული
ამბის აზრი რომელშიც ის ცხოველთა
და ფრინველთა ენის მცოდნე
ჯადოქრად გვევლინება. მისტიკოსს
არაფერი ესაქმება უბრალო
საიდუმლოსთან; უბრალო საიდუმლო,
როგორც წესი, დანაშაულის
საიდუმლოა.
კეთილი
ადამიანის წმინდანად გარდაქმნა
გადატრიალებაა: მას,
ვისაც
ყველაფერი ღმერთს
უჩვენებდა
და უნათებდა, ახლა ღმერთი
უჩვენებს და უნათებს ყველაფერს.
ეს
მაგონებს შემობრუნებას,
როდესაც შეყვარებული პირველი
ნახვისას სატრფოს ყვავილს
შეადარებს, შემდეგ კი ყველა
ყვავილი სატრფოს აგონებს.
ყვავილზე პოეტმაც და წმინდანმაც
შეიძლება მსგავსი რამ თქვან;
მაგრამ მიუხედავად იმისა,
რომ ორივეს ნათქვამი სიმართლეა,
ეს მაინც ორი სხვადასხვა
სიმართლეა. ერთისთვის
ცხოვრების სიხარული
რწმენის წყაროა, მეორესთვის
– შედეგი. ამ განსხვავების
ერთი გამოხატულება ისაა, რომ
ხელოვანისთვის ღვთიური
დამოკიდებულება გაელვებაა,
წმინდანისთვის კი დღის სინათლე.
მისტიკური თვალსაზრისით ის
მიღმისეულად ხედვავს, როგორ
გამოდის ყველაფერი ღვთაებრივი
საწყისიდან, როგორც ბავშვები
ნაცნობი და მიღებული
სახლიდან,
ნაცვლად იმისა, რომ მათ,
უმრავლესობა ჩვენთაგანივით,
ამქვეყნიურ გზებზე გადაეყაროს.
პარადოქსია, მაგრამ ამ
უპირატესობის წყალობით ის
უფრო გაშინაურებული, მეგობრული
და უდარდელად კეთილგანწყობილია.
ჩვენთვის სტიქია
მაცნეა, რომლის ბუკი და მოსასხამი
გვანიშნებს, რომ დიდი მეფის
ქალაქის სიახლოვეს ვართ; ის
კი მათ მეგობრულად და თავისუფლად
ექცევა: ძმობილ ცეცხლს
და დობილ წყალს უწოდებს.
აი
ასე იბადება თითქმის ნიჰილისტურ
უფსკრულში კეთილშობილი რამ,
რასაც ხოტბა
ჰქვია, რომელსაც
ვერავინ ჩაწვდება, თუ მას
ბუნების თაყვანისცემასთან
ან პანთეისტურ ოპტიმიზმთან
გააიგივებს. როდესაც ვამბობთ,
რომ პოეტი აქებს ქმნილებას
სრულად, მეტწილად მხოლოდ
სამყაროს ვგულისხმობთ. მაგრამ
ასეთი პოეტი თავად ქმნილებას
აღუვლენს ქებას, ანუ ქმედებას.
ის ხოტბას შეასხამს არყოფნისაგან
ყოფნაში გადასვლას. აქ იმ
ხიდის არქეტიპული სახის
ჩრდილიც ეცემა, რომელმაც
ღვთისმსახურს
არქაული და იდუმალი სახელი
მიანიჭა. მისტიკოსი,
რომელიც გაივლის მყისს, როდესაც
არაფერია, გარდა ღმერთისა,
ხედავს დაუსაბამო დასაბამს
და არამარტო აფასებს ყველაფერს,
არამედ არაფერსაც, რისგანაც
ყველაფერი შეიქმნა. გარკვეულწილად
ის იობის წიგნის მიწისშემძვრელ
ირონიასაც უძლებს და პასუხობს;
ის იქაა, როცა სამყაროს საფუძველი
იყრება და დილის ვარსკვლავები
ერთად მღერიან და ღვთის შვილები
მხიარულად ჟრიამულობენ. ეს
მხოლოდ მკრთალი მონახაზია
იმ მიზეზისა, რომლის გამოც
დაკონკილი, უგროშო, უსახლკარო
და ერთი შეხედვით უიმედო
ფრანცისკანელი დილის
ვარსკვლავივით მღერის და
ღვთის შვილივით მხიარულობს.
დიდი
მადლიერებისა და ამაღლებული
დამოკიდებულების ეს განწყობა
არ იყო მხოლოდ ფრაზა ან თუნდაც
ემოცია. ეს რეალობის კლდეა.
ეს ფანტაზია კი არა, ფაქტია
– იმდენად, რომ მასთან შედარებით
სხა ფაქტებია ფანტაზია. ის,
რომ ყველა წვრილმანში, ყველა
მომენტში ჩვენ
დამოკიდებულნი ვართ -
ქრისტიანი იტყოდა – ღმერთზე,
- აგნოსტიკოსიც კი იტყოდა –
არსებობაზე და საგანთა ბუნებაზე,
არაა არც ილუზია და არც
წარმოსახვა; პირიქით, ესაა
ფუნდამენტური ფაქტი, რომელსაც,
ფარდის მსგავსად, ჩვეულებრივი
ცხოვრების ილუზიით ვფარავთ.
ეს ჩვეულებრივი
ცხოვრება თავისთავად მშვენიერი
რამაა, ისევე, როგორც წარმოსახვა
თავისთავად მშვენიერია. მაგრამ
ჩვეულებრივი ცხოვრება ბევრად
უფრო მეტადაა წარმოსახვა,
ვიდრე ჭვრეტითი ცხოვრება.
მან,
ვინც სამყარო ღმერთის წყალობის
ბეწვზე
დაკიდებული დაინახა, ჭეშმარიტება
დაინახა; მას ვისაც საკუთარი
ქალაქი თავდაყირა უხილავს,
ჭეშმარიტი ხილვა ჰქონდა.
როსსეტი
სადღაც მწარე სიმართლეს ამბობს
: ათეისტისთვის ყველაზე ცუდი
ის წამია, როდესაც მართლაც
მადლიერია,
მაგრამ არ იცის, ვის უმადლოს.
შებრუნებული მტკიცებაც
ჭეშმარიტია: იმ ადამიანს,
რომელზეც აქ ვყვები, ეს
მადლიერება უმაღლესი ადამიანური
სიხარულის წყაროდ ექცა.
დიდმა მხატვარმა დაიკვეხნა,
რომ ყველა თავის ფერს ტვინს
ურევდა, დიდ წმინდანს კი შეეძლო
ეთქვა, რომ ყველა თავის აზრს
მადლიერებას ურევდა. ყველაფერი
უკეთესი ჩანს, როცა
საჩუქარივით გამოიყურება.
ამ თვალსაზრისით ცხადია, რომ
მისტიკური
მეთოდი ძალიან ჯანსაღ გარეგან
დამოკიდებულებას ამყარებს
ყველაფერ დანარჩენთან. თუმცა
არ უნდა დავივიწყოთ, რომ
ყველაფერმა დანარჩენმა მეორე
ადგილზე გადაინაცვლა, ღვთიურ
რეალობაზე
დამოკიდებულების ამ მარტივ
ფაქტთან შედარებით. ჩვეულებრივი
ადამიანური ურთიერთობები
მყარია
და თვითკმარი,
ერთდროულად ძალასაც
გვაძლევს
და სიმშვიდესაც,
საღ
აზრსაც ამკვიდრებს და
თვითდაჯერებულობასაც. თუმცა
ადამიანს,
რომელიც სამყაროს ბეწვზე
დაკიდებულს ხედავს, უჭირს
მათი სრული სერიოზულობით
აღქმა. ჩვეულებრივი, საერო
ხელისუფლება და იერარქია,
ყველაზე ბუნებრივი უფროს-უმცროსობა,
რომელიც
ადამიანს კუთვნილ ადგილს
მიუჩენს ხოლმე, ამ ადამიანში,
ვისაც ადამიანური იერარქია
თავდაყირა დაუნახავს, ყოველგვარი
აღმატებულობა ღიმილის
მომგვრელია. ამ თვალსაზრისით
ღვთიურის პირდაპირი ჭვრეტა
თავისთავად საღი მნიშვნელოვნების
ერთგვარი შემაშფოთებელია.
მისტიკოსი სიმაღლეში
იქნებ
ერთ
ადლს
იმატებს,
მაგრამ როგორც
წესი, მისი მდგომარეობა
ზარალდება.
ის
ვეღარ აღიქვამს საკუთარ თავს
უბრალო მოცემულობად, რომელიც
საეკლესიო წიგნის ან საოჯახო
ბიბლიის ჩანაწერით დასტურდება.
ასეთი ადამიანი ემსგავსება
შეშლილს, რომელმაც სახელი
დაკარგა, მაგრამ ბუნება
შეინარჩუნა; რომელმაც მთლიანად
დაივიწყა, როგორი ადამიანი
იყო: „აქამდე პიეტრო ბერნადონეს
მამას ვუწოდებდი,
მაგრამ ახლა ღმერთის მსახური
ვარ.“
ეს
თავბრუდამხვევი სიღრმე მოკლე
და არასრულყოფილ ფრაზებში
უნდა აისახოს. ამ განათების
ერთი მხარე
უმოკლესად
ასე
შეიძლება
ჩამოვაყალიბოთ:
ესაა უსასრულო ვალის აღმოჩენა.
პარადოქსია:
ადამიანს თავდავიწყებით
უხარია, რომ ვალი აქვს; იმიტომ,
რომ კომერციაში
მევალე არ იზიარებს ამ სიხარულის
თავდავიწყებას,
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
ვალი უსასრულოდ დიდი და
შესაბამისად, აუნაზღაურებელია.
მაგრამ აქაც, კეთილშობილი
ბუნებრივი სიყვარულის პარალელი
მეყსეულად იცილებს ამ სიძნელეს.
უსასრულო
მევალე უსასრულო მოვალის
სიყვარულის მონაწილეა, რადგან
ორივე ერთდროულად მოვალეცაა
და მევალეც. სხვანაირად რომ
ვთქვათ, უზადო სიყვარული
ვალსაც და დამოკიდებულებასაც
სიამოვნებად აქცევს. სიტყვა
„სიყვარულს“ ზედმეტად
თავისუფლად ვექცევით მსგავსი
გამარტივებული აღწერებისას,
მაგრამ ამ შემთხვევაში ეს
უბრალოდ გასაღებია - ყველა
იმ გამოცანის გასაღები, რომლითაც
ფრანცისკანული ზნეობა
თანამედროვე გონებას აბნევს.
მაგრამ უპირველეს ყოვლისა,
ეს ასკეტიზმის გასაღებია.
პარადოქსებს შორის უმაღლესი
და უწმინდესი ადამიანის მიერ
უსასრულო ვალის გადახდაა,
მუდმივი დაბრუნება იმისა,
რისი დაბრუნებაც შეუძლებელია
და რის დაბრუნებასაც არავინ
ელის. ადამიანს ჰგონია, რომ
ამას თანამედროვეობის გამო
ვერ იგებს. ნამდვილი
მიზეზი – უვარგისობაა.
უმრავლესობა
ჩვენთაგანი უვარგისია, ასეთი
ცხოვრებით იცხოვროს. ჩვენ
ასკეტობისთვის
საკმარისი
გულუხვობა
არ
გაგვაჩნია – ან გულკეთილობა.
აუცილებელია დანებების
დიდსულოვნება, რომელსაც მხოლოდ
პირველი სიყვარულისას მოვკრავთ
ხოლმე თვალს, დაკარგული ედემის
ბაღის ხილვასავით. თუმცა
მიუხედავად იმისა, ვხედავთ
თუ არა ამას, ჭეშმარიტება ამ
გამოცანაშია: მთელი სამყარო
ერთი
კარგი რამაა და ეს კარგი რამ
„ცუდი“ ვალია.
როდესაც
რომანტიკული სიყვარულის ამ
იშვიათი ნაირსახეობას, რომელიც
ტრუბადურებს შთააგონებდა,
ყავლი გასდის და გამოგონილივით
ექცევიან, ასკეტიზმის მიმართ
გაუგებრობაც მაშინ ჩნდება.
გასაგებია, რომ ზოგიერთ
ბარბაროსს სურს სიყვარულში
რაინდული სული ჩაკლას, მსგავსად
ბერლინელი ბარბაროსებისა,
რომლებმაც ჩაკლეს რაინდული
სული ომში. თუ
ეს მოხდა, ადამიანები
იკითხავენ, რა ეგოიზმია, როცა
ქალი დაუნდობლად ითხოვს ხარკად
ყვავილებს, ან რა მომხვეჭელობაა
ბაჯაღლო ოქროს მოთხოვნა ბეჭდის
სახით. ზუსტად ისევე, როგორც
უკვე კითხულობენ, რა სასტიკია
ღმერთი, რომელიც მსხვერპლს
და თვითუარყოფას მოითხოვს.
ისინი დაკარგავენ იმის გაგებას,
რასაც შეყვარებულები სიყვარულში
გულისხმობენ, და
ვერ მიხვდებიან, რომ ესაა
გაცემა, როდესაც არავინ
მოითხოვს. მიუხედავად იმისა,
ხსნის თუ არა ეს მცირე რამ
უფრო დიდს, ფრანცისკანული
მოძრაობის სიდიადის გაგება
შეუძლებელია თანამედროვე,
პირქუშ ასკეტიზმზე
მობუზღუნე
განწყობით. წმ.
ფრანცისკის მთელი არსი ისაა,
რომ ის ასკეტი იყო, მაგრამ არა
პირქუში. ღვთიურ
სიყვარულზე დამოკიდებულების
ხილვით მიღებულმა
დიდებულმა
დამცირებამ ცხენიდან
გადმოაგდო თუ არა, ის სიფხიზლესა
და მარხვას ისეთივე გულმხურვალებით
მიეცა, თითქოს ბრძოლაში
გადაეშვა. მან შეტევის მიმართულება
შეცვალა,
მაგრამ ერთი წამითაც არ
შეყოვნებულა. აქ არავითარი
მერყეობა
არ ყოფილა. ეს
არ იყო
თავშეკავება
ან სტოიკური სიმარტივე, ეს
არ იყო თვითუარყოფა თვითკონტროლის
თვალსაზრისით.
ეს იყო გზნება.
მისი
მარხვა ნადიმს ჰგავდა, სიღარიბეში
გადაშვება
– ოქროს
ციებცხელებას.
ხასიათის ეს თვისებებია
ყველაზე მიუწვდომელი
ახლანდელი გონებისთვის.
ისტორიული ფაქტია, რომ ის
ამ გმირულ და არაბუნებრივ
გზას ადგას
ტყეში თმის სამოსის ამარა
სიმღერით გასვლიდან
სასიკვდილო
აგონიამდე, როდესაც მიწაზე
დასვენება მოითხოვა, რათა
დაემტკიცებინა, რომ არავინაა
და არაფერი აბადია. სრული
დარწმუნებით
შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ვარსკვლავები, რომლებიც ამ
გაძვალტყავებულ
გვამს დასქეროდნენ, მოფუსფუსე
კაცობრიობის ერთ უბედნიერეს
ადამიანს ხედავდნენ.
No comments:
Post a Comment