თავი II. სამყარო, რომელიც წმ. ფრანცისკს დახვდა


ჟურნალიზმით ისტორიის თუ ისტორიაზე ჭორაობის ჩანაცვლების თანამედროვე ინოვაციამ სულ მცირე, ერთი გარკვეული შედეგი გამოიღო: ამბის ბოლოს ყველა იგებს. ჟურნალისტებს ჩვევად აქვთ სერიული მთხრობების უკანასკნელ თავებს შეცდომაში შემყვანი სიტყვები წაუმძღვარონ: „შეგიძლიათ აქედანაც გაადევნოთ თვალი.“თუმცა ეს არაა სრული პარალელი, რადგან ჟურნალი მოთხრობის გარკვეულ შეჯამებას მაინც აკეთებს, ისტორიის შეჯამებას კი – არასდროს. გაზეთები არა მარტო ახალ ამბებს აშუქებენ, არამედ ყველაფერს ისე აშუქებენ, თითქოს ახალი ამბავი იყოს. ვკითხულობთ, რომ ადმირალი ბენგსი მოკლეს, და ვიგებთ, რომ ის თურმე დაბადებულა.

გამორჩეულია ჟურნალისტური მიდგომა ბიოგრაფიების მიმართ. არასდროს არ ქვეყნდება სიცოცხლე, ვიდრე სიკვდილი არ გამოქვეყნდება. პიროვნებებივით ექცევიან ინსტიტუტებს და იდეებს. ომის შემდეგ საზოგადოებას ყველა ჯურის გათავისუფლებულ ერებზე უყვებიან, თუმცა დამონების შესახებ სიტყვაც არ დასცდენიათ. მოგვიწოდებენ, მორიგების სამართლინობა შევაფასოთ, თუმცა დავაზე არაფერი უთქვამთ. სერბულ ეპოსზე ლაპარაკი პედანტობად რომ არ ჩაითვალოს, ამიტომ ახალ იუგოსლავურ დიპლომატიაზე მსჯელობენ. ის, რასაც ჩეხოსლოვაკიას ეძახიან, ძალიან იტაცებთ, თუმცა აშკარაა, რომ ბოჰემიაზე არაფერი სმენიათ. ევროპასავით ძველი ამბები სიახლით ამერიკის პრერიებიდან მოსულ უკანასკნელ ამბებს სჯობნის. ეს ძალიან საინტერესოა – თეატრში ფარდის დაშვებამდე რამდენიმე წამით ადრე მისვლასავით. თუმცა მაინცდამაინც არ უწობს ხელს იმის გაგებას, რა ხდება. თუ პისტოლეტის გასროლა და ვნებიანი ამბორი საკმარისია, რა გაეწყობა. თუმცა ვისაც ინტელექტუალური ინტერესი სტანჯავს, თუ ვინ ვის კოცნის ან კლავს, ეს არ დააკმაყოფილებს.

თანამედროვე ისტორიასაც, დიდწილად, განსაკუთრებით ინგლისში, ჟურნალიზმის მსგავსი არასრულფასოვნება სჭირს. უკეთეს შემთხვევაში ის ქრისტიანობის ნახევარს აღწერს და ეს მეორე ნახევარია – პირველის გარეშე. ადამიანი, ვისთვისაც გონება რეფორმაციით იღებს სათავეს, ვერასდროს ვერაფერს ვერ ახსნის, რადგან იწყებს ინსტიტუტებით, რომელთა წარმომავლობას არ იცნობს ან ვერ წარმოუდგენია. მოკლული ადმირალისა არ იყოს, გვესმის მონასტრების დაშლის შესახებ და თითქმის არაფერი გვსმენია მათ შექმნაზე. ასეთი ისტორია უიმედოდ არასრულია თვით იმ ჭკვიანი ადამიანისათვის, რომელსაც სძაგს მონასტერი. ის უიმედოდ არასრულია ყველა იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ბევრ ჭკვიან ადამიანს სძულს, და საკმაოდ საფუძვლიანადაც. ასეთის ერთი მაგალითია ბნელი ინსტიტუტი, სახელად ესპანური ინკვიზიცია, რომელსაც დროდადრო ახსენებენ ხოლმე ჩვენი განსწავლული წამყვანი მწერლები. მათი და მათ მიერ წაკითხული ისტორიების მიხედვით ეს მართლაც ბნელი ინსტიტუტია. ბნელი კი იმიტომაა, რომ მისი წარმომავლობაა ჩაბნელებული. პროტესტანტული ისტორია პირდაპირ საშინელებით იწყება, პანტომიმასავით, ეშმაკით კაციჭამიას სამზარეულოში. შესაძლოა, ეს მართლაც საშინელი რამ იყო, განსაკუთრებით ბოლოსკენ, მართლაც ეშმაკეული რამ, მაგრამ უბრალოდ ამის თქმით ვერ გავარკვევთ რატომ იყო ასე. ესპანური ინკვიზიციის გასაგებად ორი რამ უნდა გავიგოთ, რითაც თავი არასდროს შეგვიწუხებია: ესპანეთი და ინკვიზიცია. პირველი არაბების წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის დიდ საკითხს უკავშირდება, იმას, თუ რა გმირული რაინდობით გაითავისუფლა თავი ევროპულმა ერმა უცხო, აფრიკული მბრძანებლობისაგან. მეორე საკითხი მჭიდროდაა გადახლართული ალბიგოელთა საწინააღმდეგო ჯვაროსნობასთან, იმასთან, თუ რატომ უყვარდათ და სძულდათ ადამიანებს ეს აზიური ნიჰილისტური სწავლება. თუ არ გვესმის ჯვაროსნობის საწყისი, რომანტიკული სწრაფვა, რომლითაც ეს ყველაფერია გამსჭვალული, ვერ მივხვდებით, როგორ მოხდა ხალხის მოტყუება და ბოროტებისაკენ გადახრა. ეჭვგარეშეა - ჯვაროსნებმა საკუთარი გამარჯვება ბოროტად გამოიყენეს, მაგრამ გამარჯვება ხომ იყო? სადაც გამარჯვებაა, იქ მხედრული ვაჟკაცობა და სახალხო სიყვარულია. ასეთი შემართება იწვევს ზედმეტობებს და ფარავს ნაკლს. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ინგლისელები პასუხისმგებელნი ვართ ირლანდიებთან მხეცურ მოპყრობაზე, მაგრამ უსამართლობა იქნებოდა თუნდაც 98-ის საშინელებათა ცალკე აღწერა და ნაპოლეონთან ომის გამოტოვება. უსამართლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ ინგლისური გონება მლიანად ემეტის სიკვდილზე იყო კონცენტრირებული, მაშინ, როდესაც ის ნელსონის სიკვდილის დიდებით იყო აღვსილი. სამწუხაროდ, 98 სულაც არაა ამ ბინძური საქმის უკანასკნელი შემთხვევა; სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენმა პოლიტიკოსებმა კვლავ სცადეს განუკითხავი ძარცვით და კვლით მართვის განახლება ირლანდიელთა ძველი იარების და წყენების ზედმეტი ხსოვნის გამო რბილი საჯარო დამუნათების ფონზე. მაგრამ რაოდენ ცუდადაც არ უნდა ვფიქრობდეთ შავ – ყავისფერზე, უსამართლობა იქნება ართქმა იმისა, რომ უმეტესობა ჩვენგანს იმ დროს ხაკი უფრო აღელვებდა. ხაკის კეთილშობილი და ეროვნული მნიშნელობა ჰქონდა, რაც ბევრ რამეს ხსნის. წერდე ირლანდიასთან ომზე და არ ახსენო პრუსიასთან ომი, ინგლისელთა გულწრფელობა ამ ომში, უსამართლო იქნებოდა ინგლისელთა მიმართ. ასევე უსამრთლო იქნება ესპანელთა მიმართ იმის თქმა, რომ წამების მანქანა მათთვის ბოროტი სათამაშო იყო. ეს არ იქნება გონიერი თხრობა იმისა , თუ რა გააკეთეს ესპანელებმა და რატომ. თანამედროვეებს დავეთანხმები, რომ ამ ამბის დასასრული კეთილი არაა. არც იმას მოვითხოვ, რომ მათი ვერსია კარგად დაიწყოს. მაგრამ მათი ვერსია საერთოდ არ იწყება – აი რაზე ვდავობ. ამათ სიკვდილს მოუსწრეს, ჩამქრალი კოცონის ნაცარს.

ინკვიზიციის მაგალითი სრულიად შემთხვევითაა მოყვანილი. ის არანირად არ უკავშირდება წმ. ფრანცისკოს, იმ თვალსზასრითაც კი, როგორც წმ. დომინიკს. მოგვიანებით ავხსნი, რატომაა შეუძლებელი ორივე ამ წმინდანის გაგება იმის გარეშე, თუ რას ნიშნავდა ერესი და ჯვაროსნობა მეცამეტე საუკუნეში. ამჯერად კი ეს მცირე მაგალითია უფრო დიდი მიზნის მისაღწევად. ვგულისხმობ იმას, რომ წმ. ფრანცისკოს დაბადებით მისი ამბის დაწყება იმას ნიშნავს, ამბავი საერთოდ რომ არ დაიწყო; რომ თანამედროვე, გაჟურნალისებული ისტორიული მიდგომა მუდმივად გვღალატობს: ვიგებთ რეფორმატორებზე და არ ვიცით რის რეფორმირებას ახდენენ, მეამბოხეებზე და არ ვიცით, რის წინააღმდეგ აჯანყდნენ, მემორიალებზე, რომლებიც არ უკავშირდება მეხსიერებას და აღდგენაზე იმისა, რაც არასდროს არსებულა. ამ თავის არათანაზომადი გაგრძელების ხარჯზეც კი უნდა ვთქვა მცირედი რამ იმ დიად მოძრაობებზე, რამაც ფრანცისკანელთა დამაარსებელი გამოაჩინა. ადამიანის აღწერა მსოფლიოს და სამყაროს აღწერას უტოლდება. ეს აღწერა ორი-სამი განწირული განზოგადებით და რამდენიმე ნაწყვეტ-ნაწყვეტი წინადადებითაა შემოფარგლული, მაგრამ მხოლოდ ასე დავინახავთ ადამიანის მცირე ფიგურას უზარმაზარი ცის ქვეშ, და ვიდრე ცა არ გაგვიზომავს, ზეაწეული ადამიანის სიმაღლის გაზომვასაც ვერ შევუდგებით.

ასე მივდივართ იმ წინასწარ შენიშვნებამდე, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია წმ. ფრანცისკის ცხოვრების მსუბუქი ჩანახატისთვისაც კი. აუცილებელია, თუნდაც უხეში და ელემენტარული ხერხით იმ მსოფლიოს დახასიათება, რომელსაც წმ. ფრანცისკი მოევლინა. სავალდებულოა მცირე წინასიტყვაობა ისტორიული მონახაზის სახით, თუ ბატონი უელსის ფრაზას ვისესხებ. რაც შეეხება თავად ბ-ნ უელსს, გამორჩეული რომანისტი თავადაა მსხვერპლი იმ მდგომარეობისა, როცა იძულებული ხარ წერო რომანი და თან ერთდროულად გძულდეს გმირი. წერდე ისტორიას და გძულდეს რომი – წარმართულიც და პაპისტურიც, ნიშნავს გძულდეს ყველაფერი, რაც მომხდარა. ესაა კაცობრიობის სიძულვილი ჰუმანურობის მოტივით. როცა ვერ იტან ვერც მღვდელს და ვერც ჯარისკაცს, ვერც წმინდანის შროშანს და ვერც მეომრის დაფნის გვირგვინს, კაცობრიობისაგან გამიჯვნა გსურს, რასაც ყველაზე მიხვედრილი და მოქნილი თანამედროვე გონების მთელი ეშმაკობაც კი არ ეყოფა გასამართლებლად. ისტორიული ფონის შექმნას წმ. ფრანცისკისთვის, რომელიც ჯარისკაციც იყო და წმინდანიც, ბევრად უფრო მეტი სიმპათიაა სჭირდება. ამიტომაც დავასრულებ ამ თავს იმ სამყაროს რამდენიმე განზოგადებით, რომელიც წმინდანს დახვდა.

ადამიანი არ ირწმუნებს, თუ გონებას არ გაიფართოვებს. რაც შეეხება პიროვნულ რწმენას, მისი გამოხატვა შემდეგნაირად შეიძლება: ადამიანი არაა იმდენად მართლმორწმუნე, რომ კათოლიკე გახდეს. არ ვაპირებ ქრისტიანული დოქტრინების განსჯას, უბრალოდ ქრისტიანობის მთლიანი ისტორიული ფაქტს ვაფასებ, როგორც მას ხედავს ჭეშმარიტად განათლებული და წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული ადამიანი, თუნდაც არაქრისტიანი იყოს. ვგულისხმობ იმას, რომ ეჭვების უმრავლესობა წვრილმანებისგან შედგება. მოუწესრიგებელი კითხვისას წავაწყდებით ხოლმე წარმართულ ჩვეულებას, რომელიც შეგვძრავს ხატოვანებით და ქრისტიანულ წესს, რომელიც შეგვძრავს სისასტკით. თუმცა ჩვენ არ ვიფართოვებთ თვალსაწიერს, რომ წარმართული ჩვეულებისა თუ მისი საწინააღმდეგო ქრისტიანული ქმედების არსს ჩავწვდეთ. ვიდრე ზოგადად მაინც არ გავიგებთ წარმართული პროგრესისა და ქრისტიანული რეაქციის არსს, ვერც ისტორიის იმ მომენტს შევაფასებთ, როდესაც წმინდა ფრანცისკი გამოჩნდა, და ვერც მის უდიდეს სახალხო მისიას.

ვფიქრობ, ახლა უკვე ყველამ იცის, რომ მეთორმეტე და მეცამეტე საუკუნეები მსოფლიოს გამოღვიძების დროა. ესაა კულტურის და ხელოვნების ხელახალი ყვავილობა მკაცრი და უნაყოფო პერიოდის შემდეგ, რომელსაც ბნელ საუკუნეებს ვუწოდებთ. მათ გათავისუფლებაც შეიძლება დავარქვათ; ყველა შემთხვევაში ეს იყო დასასრული მკაცრი და უფრო არაადამიანური დროისა. მაგრამ რაა ის, რაც დამთავრდა? რისგან გათავისუფლდა ადამიანი? ესაა წერტილი, სადაც ისტორიის განსხვავებულ ფილოსოფიათა შეჯახება ხდება. წმინდა გარეგნული და სეკულარული მიდგომის მომხრენი, მართალს ამბობენ, როცა ამას ადამიანის გამოღვიძებას უწოდებენ. მაგრამ ამ ძილს ახლდა მისტიკური და, დროდადრო, შემზარავი სიზმარი. თანამედროვე ისტორიკოსთა რაციონალისტურ რუტინაში მოქცეულ უმრავლესობას საკმარისად მიაჩნია იმის თქმა, რომ ადამიანი გათავისუფლდა ველური ცრურწმენისაგან და წაიწია განათლებისაკენ. ეს დიდი შეცდომაა, რომელიც შებრკოლების ლოდად ძევს ჩვენი ამბის დასაწყისში. ყველას, ვისაც ბნელი საუკუნეები უბრალო სიბნელე ჰგონია და სხვა არაფერი, მეცამეტე საუკუნე კი უბრალოდ გათენება, წმ. ფრანცისკის ადამიანურ ამბავს ვერც თავს გაუგებს და ვერც ბოლოს. სიმართლე ისაა, რომ წმ. ფრანცისკის და მისი Jongleurs de Dieu სიხარული უბრალო გამოღვიძება არაა. ამას ვერ გავიგებთ, თუ მათ საკუთარ მისტიკურ მრწამსს არ გავეცნობით. ბნელი საუკუნეების დასასრული არაა არც უბრალოდ ძილის, არც ცრურწმენის ტყვეობის დასასრული. ესაა სრულიად გარკვეული და სრულიად განსხვავებული სახის იდეათა დასასრული.

ესაა ეპიტიმიის, ან თუ გნებავთ განწმენდის დასრულება. ის აღნიშნავს მომენტს, როდესაც მონანიება შედგა და გარკვეული სულიერი დაავადებები საბოლოოდ განიდევნა სისტემიდან. ისინი განიდევნა ასკეზის ეპოქით, ერთადერთი რამით, რითიც შესაძლებელი იყო მათი განდევნა. ქრისტიანობა ქვეყნად საკურნებლად მოვიდა, და მან განკურნა ქვეყანა ერთადერთი შესაძლო გზით. წმინდა გარეგნული თვალსაზრისით, მთელმა უმაღლესმა ანტიკურმა ცივილიზაციამ არსებობა გარკვეული გაკვეთილით – ქრისტიანობის მიღებით დაასრულა. ეს გაკვეთილი არამარტო თეოლოგიური რწმენა, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტიც გახლავთ. წარმართული ცივილიზაცია ჭეშმარიტად მაღალი ცივილიზაცია იყო. ჩვენი თეზისი არ შესუსტდება – პირიქით, გაძლიერდება, თუ ვიტყვით, რომ წარმართული ცივილიზაცია უმაღლესი რამაა, რისთვისაც კაცობრიობას ოდესმე მიუღწევია. მისი აღმოჩენები პოეზიასა და სახვით ხელოვნებაში დღემდე შეუდარებელია; მან აღმოაჩინა საკუთარი გარდაუვალი პოლიტიკური იდეალები, საკუთარი ლოგიკისა და ენის დახვეწილი სისტემა. მაგრამ უდიდესი მაინც საკუთარი შეცდომის აღმოჩენაა. ეს შეცდომა ძალიან ღრმაა იმისთვის, რომ იდეალურად განისაზღვროს; მისი შემოკლებული სახელი ბუნების თაყვანისცემაა. თითქმის ასეთივე სიზუსტით მას ბუნებრივობის შეცდომა შეიძლება დაერქვას და ეს სრულიად ბუნებრივი შეცდომა იყო. ბერძნებმა, ანტიკური ხანის დიდმა პიონერებმა და გზამკვლევებმა აშკარა და მარტივი იდეით დაიწყეს: იდეით, რომლის მიხედვით ადამიანს არავითარი ზიანი არ მიადგება, თუ ის გონებისა და ბუნების სწორ გზატკეცილზე პირდაპირ ივლის; განსაკუთრებით ადამიანს, რომელიც ბერძენივით ბრძენი და განათლებულია. ჩვენ შეგვიძლია თავს მცირე ქარაფშუტობის უფლებაც მივცეთ და ვთქვათ, რომ ადამიანს შეეძლო უბრალოდ საკუთარ ცხვირს ასდევნებოდა, ვიდრე ეს ცხვირი ბერძნული იყო. ბერძნების შემთხვევა თავისთავად საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ეს უცნაური შეცდომა აშკარად ფატალური ხასიათისაა. აედევნენ თუ არა ბერძნები საკუთარ ცხვირებს და ბუნებრივობაზე საკუთარ წარმოდგენას, ისტორიაში ყველაზე უფრო გასაოცარი რამ დაემართათ. იმდენად უცნაური, რომ მარტივ განსჯასაც კი არ ექვემდებარება. ჩვენი ყველაზე უფრო გულისამრევი რეალისტები ვერ სარგებლობენ საკუთარი რეალიზმის შედეგებით. უკეთური საგნების მათი კვლევა მათ უნებურად ტრადიციული ზნეობის სასარგებლოდ მეტყველებს. სურვილის შემთხვევაში ათასობით ასეთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი ქრისტიანული ზნეობის სასარგებლოდ. არავის დაუწერია ბერძნების რეალური ზნეობის ისტორია. არავის დაუნახავს ამ ამბის უცნაურობის მასშტაბი. მსოფლიოს უჭკვიანესი ხალხი ბუნებრივობის გზას დაადგა და პირველი, რასაც ხელი მიჰყო, ყველაზე არაბუნებრივი რამ აღმოჩნდა. მზისა და ბუნების მზიური სიმრთელის თაყვანისცემის უშუალო შედეგი უკუღმართობა აღმოჩნდა, რომელიც სახადივით გავრცელდა. უდიდესი და უპატიოსნესი ფილოსოფოსებიც კი ვერ ასცდნენ ამ მდარე სიგიჟეს. რატომ? იმ ხალხისთვის, რომლის პოეტებმაც ტროას ელენე, სკულპტორებმა კი მილოსის ვენერა შექმნეს, თითქოს არ უნდა ყოფილიყო ძნელი ამ საკითხში ჯანმრთელობის შენარჩუნება. სიმართლე კი ისაა, რომ ვინც თაყვანს სცემს ჯანმრთელობას, მას ვერ ინარჩუნებს; როცა ადამიანი პირდაპირ სიარულს იწყებს, გზა უმრუდდება; როცა ის თავის ცხვირს მისდევს, ცხვირის ამოგდებას ახერხებს, ან სულაც მოჭრას – სახის ჯინაზე; და ამის მიზეზი ისე ღრმადაა დამარხული ადამიანის ბუნებაში, რომ ბუნების თაყვანისმცემელნი ვერასდროს ჩაწვდებიან. სწორედ ამ ღრმა გრძნობის აღმოჩენაშია ქრისტიანად მოქცევის არსი. ადამიანს, თასის მსგავსად დაქანება აქვს, ქრისტიანობა კი ამ დაქანების გასწორების ცოდნაა. ბევრს ალბათ გაეღიმება ამის გაგონებაზე, მაგრამ სიღრმისეულად ჭეშმარიტი თქმაა იმის თქმა, რომ სახარების კეთილი უწყება პირველქმნილი ცოდვის უწყებაა.

რომი ბერძენი მასავლებლების ხარჯზე ამაღლდა. დიდწილად იმიტომ, რომ სრულად არ დათანხმდა ამ ხრიკების სწავლას. მისი ტრადიცია ბევრად უფრო წესიერი იყო, თუმცა საბოლოოდ იგივე რელიგიურმა სიყალბემ – ბუნების წარმართულმა თაყვანისცემამ იჩინა თავი. მთელი წარმართული ცივილიზაციის პრობლემა ის იყო, რომ მთელი მისი მისტიციზმი ბუნების უსახელო ძალების იდუმალებით შემოიფარგლებოდა, როგორებიცაა სქესი, ზრდა და სიკვდილი. რომის იმპერიაშიც ვპოულობთ, რომ ბუნების თაყვანისცემას უცილობლად არაბუნებრივი შედეგით მთავრდება. ნერონის მსგავსი შემთხვევები, როდესაც სადიზმი ტახტზე უტიფრად ნებივრობდა, საარაკოდ იქცა. თუმცა სიმართლე, რომელსაც ვგულისხმობ, უფრო ღრმა და საყოველთაოა, ვიდრე სისასტიკეთა ჩვეულებრივი ჩამონათვალი. ადამიანის წარმოსახვას უცნაური რამ დაემართა: ქვეყნიერება საშიშმა და გადაგვარებულმა ვნებებმა გააფერადა; ბუნებრივმა ვნებამ, რომელიც არაბუნებრივი გახდა. სქესობრივი ურთიერთობა ბუნებრივ, უბრალო რამედ ჩაითვალა და ყველა სხვა უბრალოება სქესობრივი ცხოვრებით გაიჟღინთა. ამის მიზეზი ისაა, რომ დაუშვებელია სქესობრივი ურთიერთობის გათანაბრება სხვა, ძილისა და ჭამის მსგავს ელემენტარულ ქმედებებთან და ემოციებთან. სქესი ან მსახურია, ან ტირანი. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, არის რაღაც სახიფათო და არაპროპორციული იმ მნიშვნელობაში, რაც სქესობრივ ურთიერთობას აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ის ნამდვილად მოითხოვს საგანგებო განწმენდას და ერთგულებას. თანამედროვე საუბრები სქესობრივ თავისუფლებაზე, სხეულის მშვენიერებაზე, რომელიც ყვავილის ან ხის მშვენიერების მსგავსია, ან ედემის ბაღის აღწერაა, ან კიდევ ძალიან ცუდი ფსიქოლოგიის, რომლისგანაც კაცობრიობა ორი ათასი წლის წინ გადაიღალა.

ეს არ უნდა აგვერიოს წარმართული სამყაროს ბოროტების გამარტივებულ და თავმომწონე გმობაში. იმ სამყაროს აღმოაჩნდა კეთილი უნარი იმის დანახვისა, რომ მისი წარმართობა უკეთურობად იქცა. ცხადი გახდა, რომ „ბუნებრივ მაგიას“ მომავალი არ გააჩნდა, რომ მისი გაღრმავება მხოლოდ მის ჩაბნელებას და შავ მაგიად გადაქცევას გამოიწვევდა. წარსული უმანკოება ახალგაზრდობით და მცირე სიღრმით აიხსნებოდა. წარმართი წარმართობაზე უფრო ბრძენი აღმოჩნდა და ამიტომაც გაქრისტიანდა. ათასობით წარმართს ჰქონდა საკმარისი სიბრძნე, ოჯახური ფასეულობები და მხედრული მამაცობა იმისათვის, რათა გამართულად ევლო, მაგრამ რელიგიად წოდებული ხალხური წარმოდგენა მათ დაბლა ექაჩებოდა. ეს ბოროტება ყველაფერს მოედო და მას სახელად პანი ერქვა.

თქმა იმისა, რომ ამ ხალხს ახალი ცა და ახალი მიწა სჭირდებოდა, არაა მეტაფორა, რადგან მათ საკუთარი მიწა და ზეცა წაბილწეს. ზეცად მზერის აპყრობას აზრი დაეკარგა, რადგან ყველგან მათი ეროტიკული ლეგენდები იყო ვარსკვლავებით დაჯღაბნილი. რა უნდა ესწავლათ ჩიტებისა ყვავილების სიყვარულისგან, მათი სასიყვარულო ამბების შემხედვარეს? ბევრისმთქმელი მაგალითით დავასრულებ: წარმოვიდგინოთ ბაღი და მასთან დაკავშირებული ჩვენი სენტიმენტალური ასოციაციები; უმეტესად მელანქოლიური და უბიწოდ რომანტიკული, მოხდენილი ქალწულით, ან ურთხლის ღობესთან მოფუფუსე კეთილი მოხუცით. და ვინც ოდნავ მაინც იცის ლათინური პოეზია, წარმოიდგინოს, რა იდგა შადრევანის ან მზის საათის ადგილას, უმსგავსო და საშინელი მზის სინათლეზე, და რაგვარი იყო მათი ბაღების ღმერთი.

ამ აკვიატებას ვერაფერი გაწმენდდა გარდა რელიგიისა, რომელიც არამიწიერი იყო პირდაპირი მნიშვნელობით. აზრი აღარ ჰქონდა ვარსკვლავების და ყვავილების ბუნებრივ რელიგიაზე ლაპარაკს, რადგან ყველა ვარსკვლავი და ყვავილი წაიბილწა. აუცილებელი გახდა უდაბნოში გასვლა, სადაც არცერთი ყვავილი არაა, ან სულაც გამოქვაბულში შესვლა, სადაც ვარსკვლავებიც არ ჩანს. ამ უდაბნოსა და გამოქვაბულში გადაინაცვლა უმაღლესმა ადამიანურმა გონიერებამ ოთხი საუკუნით, და ეს ბრძნული გადაწყვეტილება იყო. მკაცრად ზებუნებრივი ზრუნავდა მის გადარჩენაზე; თუ ღმერთი მას ვერ გადაარჩენდა, ღმერთები, მით უფრო, ვერაფერს იზამდნენ. ადრეული ეკლესია წარმართულ ღმერთებს ეშმაკებს უწოდებდა და ეს სავსებით სწორი იყო. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იწყებოდა ბუნებრივი რელიგია, ახლა მისი ტაძრები ჭინკების სამფლობელო გახდა. პანი პანიკად იქცა, ვენერა – სნეულებად. ერთი წუთითაც კი არ მიგულისხმია, რომ ყველა წარმართი ასეთი იყო, მაგრამ მათი განსხვავება პიროვნული ხასიათისა იყო. არაფერი ისე არ განასხვავებს წარმართობას ქრისტიანობისგან, როგორც ინდივიდუალური ფილოსოფიისა და საზოგადო რელიგის დაშორებულობა. ყოველ შემთხვევაში, ბუნებრივი რელიგიის ქადაგებას აზრი დაეკარგა იმ ხალხისათვის, ვისთვისაც ბუნება ისეთივე არაბუნებრივი გახდა, როგორც ნებისმიერი რელიგია. მათ ჩვენზე ბევრად უფრო კარგად იცოდნენ მათი მტანჯველი და მაცდუნებელი დემონების ბუნება და ამიტომაც გადააწერეს ისტორიის ხანგრძლივ პერიოდს: „ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.“

წმ. ფრაცისკის და მეთორმეტედან მეცამეტე საუკუნეში გადასვლის ისტორიული მნიშვნელობა ისაა, რომ აქ სრულდება მონანიება. ბნელი ეპოქის დასასრულს ადამიანი უხეში, გაუნათლებელი და არაფრის მცოდნეა, გარდა თავისზე უფრო ბარბაროს წარმართებთან ომისა, მაგრამ ის სუფთაა. ის ბავშვივითაა. ხელოვნებაც უხეშია და ბავშვური სიამოვნებითაა სავსე. ევროპა მთლიანად მცირე ფეოდალური მმართველობებითაა მოცული, რომლებიც ბარბაროსებთან ბრძოლაში ჩამოყალიბდა. ხშირად ეს მმართველობა სამონასტროა - შესაბამისად, უფრო მეგობრული და მზრუნველი ხასიათის მატარებელია. ყველაფერს მკრთალი იმპერიული შეფერილობა დაჰკრავს, რომის დიდი ლეგენდა კიდევ მართავს. თუმცა იტალიაში მეტი რამ შეინარჩუნეს ანტიკურობის ტიპიური და ნატიფი სულისკვეთებისგან. იტალია რესპუბლიკაა და მცირე სახელმწიფოებითაა მოცული, მეტწილად დემოკრატიული იდეალებითა და ხშირად – რეალური მოქალაქეებით აღსავსე. ქალაქი აღარაა ღია, როგორც რომის მშვიდობის ქვეშ იყო, არამედ მაღალი გალავნითაა გარემოცული, ფეოდალური ომისგან თავის დასაცავად, მოქალაქეები კი ჯარისკაცები არიან. ერთი ასეთი, სახელად ასიზი, უმბრიის ტყიან ბორცვებზე განლაგებულა. მისი კოშკებით გარემოცული ღრმა კარიბჭიდან გამოდის კეთილი ამბავი: „თქვენი ბრძოლა დასრულებულია, თქვენი ცოდვა შეწყნარებულია.“ ამ ფეოდალური დანაწევრებულობის, თავისუფლების და რომის კანონის ნარჩენებისგან მეცამეტე საუკუნეში აღმოცენდა უზარმაზარი და თითქმის უნივერსალური, შუა საუკუნეების დიდი ცივილიზაცია.

გადაჭარბება იქნება, თუ ყველაფერს ერთი კაცის, თუნდაც მეცამეტე საუკუნის უდიდესი გენიოსის აღმაფრენას მივაწერთ. ძმური სულისკვეთება და პატიოსნება არასოდეს გამქრალა სრულად და ქრისტიანობაც არასდროს ყოფილა ნაკლებად ქრისტიანული. სამართლიანობისა და მოწყალების დიდი ანბანური ჭეშმარიტება ადვილი საპოვნელია ბარბაროსული გარდამავალი ეპოქის უმარტივეს სამონასტრო ჩანაწერებშიც და ბიზანტიის დაქვეითებისდროინდელ უმკაცრეს სენტენციებშიც. მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნეებშიც შეინიშნება დიდი ზნეობრივი მოძრაობა, თუმცა ყველაფერს ამას ჯერ კიდევ მოსდევს სინანულის ძველი და ხანგრძლივი პერიოდის განწყობილება. ეს იყო განთიადი, მაგრამ ჯერ კიდევ რუხი და მკაცრი. ამის საილუსტრაციოდ ორ – სამ ფრაცისკამდელ რეფორმას ვახსენებ. მონასტრის ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, ყველაფერ ამაზე უფრო ძველია, მისი ასაკი თითქმის უტოლდება ქრისტიანობისას. სრულყოფილებისკენ სწრაფვის სამონასტრო რჩევები ყოველთვის ატარებდა უბიწობის, სიღარიბისა და მორჩილების აღთქმის ფორმას. ამ არამიწიერი მიზნების წყალობით მან ბევრად უფრო ადრე აზიარა ცივილიზაციას ქვეყნიერების დიდი ნაწილი. ბერები ასწავლიდნენ ხვნა-თესვასაც და წერა-კითხვასაც, ადამიანებმა მათგან ისწავლეს თითქმის ყველაფერი, რაც იცოდნენ. მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ ბერები მკაცრად პრაქტიკულნი იყვნენ, ანუ არა მარტო პრაქტიკულნი, არამედ მკაცრნიც; მკაცრნი საკუთარი თავის, პრაქტიკულნი კი სხვების მიმართ. ეს ადრეული სამონასტრო მოძრაობა დიდი ხნის წინ დალაგდა და ეჭვგარეშეა, ხშირად გაუარესებულა კიდეც. და როცა პირველ, შუასაუკუნოებრივ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, ეს მკაცრი ხასიათი კიდევ აშკარაა. სამ მაგალითს მოვიყვან:

მონობის ძველი ყალიბი უკვე დაირღვა. მონა ყმად გადაიქცა, რომელიც საკუთარ მიწაზე და ოჯახურ საკითხებში პრაქტიკულად თავისუფალი იყო. ამას გარდა, ბევრი მებატონე მონებსა და ყმებს ერთად ათავისუფლებდა. ეს ღვთისმსახურთა ზემოქმედებით კეთდებოდა, ძირითადად – როგორც სინანულის გამოვლინება. გარკვეული თვალსაზრისით, ნებისმიერი მართლმორწმუნე საზოგადოება უნდა იყოს სინანულის სულისკვეთებით გამსჭვალული, მაგრამ მე ვლაპარაკობ წარმართულ გადაჭარბებათა გამოსყიდვის მკაცრ სინანულზე. ამ ანაზღაურებაში ნამდვილად იგრძნობა სასიკვდილო სარეცელის ატმოსფერო. ბევრი მათგანი მართლაც იყო სასიკვდილო სინანულის მაგალითი. ერთმა გულწრფელმა ათეისტმა ჩემთან კამათში ასეთი გამოთქმა გამოიყენა: „ადამიანი ისევ მონობაში ჩავარდა, ამჯერად – ჯოჯოხეთის შიშით.“ მე ვუპასუხე: „რომ გეთქვათ, ადამიანმა მხოლოდ ჯოჯოხეთის შიშის გამო დააღწია თავი მონობასო, სულ მცირე, უდავო ისტორიულ ფაქტს აღიარებდით - მეთქი.“

მეორე მაგალითი პაპ გრიგოლ VII-ს მიერ განხორციელებული საეკლესი წესრიგის რადიკალური რეფორმაა. ეს ჭეშმარიტი რეფორმა იყო, წმინდა მიზნებითა და ჯანსაღი შედეგებით. ის დაუპირისპირდა საეკლესი თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვის პრაქტიკას, დააწესა უფრო სერიოზული და თავგანწირული იდეალი მღვდლებისთვის. ეს დიდწილად საყოველთაო უქორწინობის პირობით განხორციელდა, რომელიც, მიუხედავად კეთილშობილი მოტივებისა, ბევრს უარყოფითად ეჩვენება. მესამე მაგალითი ერთი თვალსაზრისით ყველაზე უფრო ძლიერია, რადგან ეს ომია. ომი გმირული და ბევრი ჩვენგანისთვის – წმინდა, თუმცა ომისთვის დამახასიათებელი მკვეთრი და საშინელი პასუხისმგებლობით. აქ ვერ ვიტყვი ყველაფერს, რაც სათქმელია ჭეშმარიტი ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ. ყველასთვის ცნობილია, რომ ბნელი ეპოქის უბნელეს საათს არაბეთში წარმოქმნილი ერესი მუჰამედის სამხედრო ტომობრივ რელიგიად ჩამოყალიბდა. მისი ხასიათი ბევრი სხვადასხვა ერესის , მაგალითად მონიზმის მსგავსია. ბევრ ერეტიკოსს ეს რელიგიის საღ გამარტივებად ეჩვენებოდა, კათოლიკეთა თვალსაზრისით კი ეს შლეგური გამარტივებაა, რადგან ყველაფერი ერთ იდეაზე დაჰყავს და კათოლიციზმის სიღრმეს და გაწონასწოებულობასაა მოკლებული. ყოველ შემთხვევაში მისი სამხედრო ხასიათი ქრისტიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და ქრისტიანობამაც მას გულში დაარტყა, წმინდა ადგილების დაბრუნების მიზნით. დიდი ჰერცოგი გოდფრი და პირველი ქრისტიანები, რომლებმაც იერუსალიმს შეუტიეს, იყვნენ გმირები, თუკი ვინმეა საერთოდ, მაგრამ - ტრაგედიის გმირები.

ადრეული შუასაუკუნოვანი მოძრაობის ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანე, რომ მათში ერთი, ზოგადი ხასიათი დაგანახოთ, რომელიც წარმართობის მომდევნო სინანულზე მიანიშნებს. ყველა ამ მაგალითშია რაღაც, რაც მხნეობას გმატებს, თუმცა ჯერ ცივია, მთიდან მქროლავი ქარივით. ეს ქარი, მკაცრი და სუფთა, დროის სულის გამოხატულებაა, რადგან ეს იმ სამყაროს ქარია, რომელიც ბოლოს და ბოლოს განიწმინდა. არის რაღაც სუფთა და გამჭვირვალე ამ ნედლი და ხშირად უხეში საზოგადოების ატმოსფეროში. აქ აღვირახსნილობაც კი სუფთაა, რადგან უკუღმართობის სუნი აღარ ასდის; აქაური სისასტიკეც სუფთაა, რადგან ამფითეატრის ფუფუნება აღარ ახლავს; ის ან მკრეხელობის მარტივი შიშის ან შეურაცხყოფის მარტივი მრისხანების შედეგია. ამ ნაცრისფერ ფონზე ჩნდება მშვენიერება, მართლაც ხალასი და ნაზი, და ყველაფერთან ერთად – გასაოცარი. სიყვარული ბრუნდება, მაგრამ არა პლატონური, არამედ უკვე რაინდული. ყვავილები და ვარსკვლავები პირველყოფილ უბიწობას იბრუნებენ. ცეცხლი და წყალი წმინდანის და-ძმობას იმსახურებს. წარმართობისგან განწმენდა, როგორც იქნა, დასრულდა. 

წყალმა საკუთარი თავი განბანა, ცეცხლმა საკუთარი თავი გამოწვა. წყალი აღარაა ის წყალი, რომელშიც თევზებს საჭმელად მონებს უყრიდნენ. ცეცხლი აღარაა ის ცეცხლი, რომლითაც ბავშვებს მოლოქს გადასცემდნენ. ყვავილებს აღარ ასდით პრიაპის ბაღის მივიწყებულ გვირგვინთა სუნი; ვარსკვლავები აღარ ატარებენ ღმერთების უგრძნობელობის ნიშანს. ყველაფერი განახლებულია და თითქოს ახალი სახელის დარქმევას ელოდება იმისგან, ვინც უნდა მოვიდეს. ისინი მზად არიან ადამიანთან შესარიგებლად. ადამიანმა სულს ბუნების თაყვანისცემის უკანასკნელი ძონძი მოაცილა და შეუძლია ბუნებასთან დაბრუნება.

გამთენიის ამ ბინდბუნდში, უეცრად და ჩუმად, ქალაქის ახლოს ამაღლებულ ბორცვზე გამოჩნდება ადამიანი. მკაცრი და ხანგრძლივი ღამე სრულდება, არც თუ უვარსკვლავო ღამე სიფხიზლისა. ის დგას ზეაღმართული ხელებით, როგორც უამრავ ქანდაკებაში და სურათზე, მის თავს ზემოთ ფრინველთა ჟივილ-ხივილია, ზურგს უკან კი - განთიადი.

No comments:

Post a Comment