თავი VII. სამი ორდენი

გამოთქმა „ორი კაცი გუნდია და სამი - არა,“ უდავოდ აზრიანია. სამი – გუნდია და ოთხი არა – ასეთიც გამიგია, და ბევრი ისტორიული თუ ბელეტრისტული ტრიოც გაგახსენდება, რომელიც მას ადასტურებს – სამი მუშკეტერიდან კიპლინგის სამ ჯარისკაცამდე. თუმცა სხვა მოსაზრებაც არსებობს, რომლის მიხედვით ოთხი – გუნდია, და სამი - არა, თუ გუნდს ბუნდოვანი მნიშვნელობით – მასის აღმნიშვნელად ვიხმართ. მეოთხე ადამიანს გროვის აჩრდილი შემოჰყვება ხოლმე; ჯგუფი აღარაა სამი ცალკე აღქმული პიროვნება. მეოთხე ადამიანის ეს ჩრდილი პორციუნკულას განდეგილთა პატარა სადგომს მაშინ დაეცა, როდესაც ეგიდიომ, სავარაუდოდ ღარიბმა ხელოსანმა, იქ შეაბიჯა. ვაჭართან და მღვდელთან – მაშინ უკვე ფრანცისკის თანამგზავრებთან - ის იოლად ურთიერთობს და მისი მოსვლა უხილავი ხაზის გადაკვეთას ნიშნავს, რადგან ამ დროისთვის უკვე იგრძნობა, რომ ეს მცირე ჯგუფი ზრდის უსასრულო შესაძლებლობას შეიცავს. იქნებ ამ დროს ნახა ფრანცისკმა კიდევ ერთი, ხმებით აღსავსე სიზმარი, ოღონდ ამჯერად ეს ხმები ყველა თავის ენაზე – ფრანგულად იტალიურად, ესპანურად თუ გერმანულად - ადიდებდნენ ღმერთს, ახალ სულთმოფენას და წარმატებულ გოდოლს.

ვიდრე ამ ჯგუფის მოწესრიგების პირველ ნაბიჯებს აღვწერთ, სასურველია მზერა შევავლოთ, როგორ წარმოედგინა მას ეს ჯგუფი. ის არ უწოდებდა თავის მიმდევრებს ბერებს და ამ დროისათვის ასეთებად, ალბათ, არც წარმოედგინა; მათ სიტყვასიტყვით უმცროს ძმებს ეძახდა. სავარაუდოდ, უკვე სჯეროდა, რომ სამი – სიღარიბის, უბიწობის და მორჩილების აღთქმა უნდა დადონ, რაც ბერს ყოველთვის გამოარჩევდა. როგორც ჩანს, მას არა იმდენად ბერობა, რამდენადაც წინამძღვრობა აშინებდა. დიდი სულიერი ხელისუფლება, რომელიც მის უწმინდეს მატარებელსაც კი უპიროვნო კორპორაციულ სიამაყეს ჰმატებს, პომპეზურობის ელემენტს შეიტანდა და ამით შებღალავდა მის მიერ ჩაფიქრებულ, მორჩილების უკიდურესად გამარტივებულ ცხოვრების წესს. თუმცა უდიდესი განსხვავება, ძველ და ახალ, მისეულ წესრიგში, რა თქმა უნდა, იმაშია, რომ ძველი სამონასტრო ცხოვრება უძრავი, ახალი ბერების ცხოვრება კი მოძრავი, თითქმის მომთაბარე უნდა ყოფილიყო. ისინი სოფელს უნდა შერეოდნენ. ამაზე ძველი ყაიდის ბერი, ბუნებრივია, იკითხავდა: როგორ უნდა შეერიო სოფელს და თან გარიდებული დარჩე მისგან? ეს შეკითხვა ბევრად უფრო აზრიანია, ვიდრე უბრალო რელიგიურობას წარმოუდგენია. თუმცა წმ. ფრაცისკს ჰქონდა მასზე პასუხი, საკუთარი და განუმეორებელი, რაც პრობლემა კიდევ უფრო საინტერესოდ გამოაჩენს.

ასიზის კეთილი ეპისოპოსი შეძრწუნდა პორციუნკულაში უმცროსი ძმების ცხოვრების პირობებით: მათ ხომ არაფერი გააჩნდათ, იკვებებოდნენ იმით, რაც ხელში მოხვდებოდათ და ეძინათ შიშველ მიწაზე. ამაზე წმ. ფრანცისკის უცნაური და გამაოგნებებლი სიბრძნის პასუხი მიიღო, არაამქვეყნიური ადამიანი ხშირად კომბალივით რომ მოიქნევს ხოლმე: „რამე რომ გვქონდეს, იარაღი და კანონები დაგვჭირდებოდა მის დასაცავად.“ ეს წინადადება მისი სამოქმედო გეგმის გასაღებია. ის ჭეშმარიტ ლოგიკას ეფუძნება. ყველაფერ სხვაში დამთმობი, აქ ის შეუვალი იყო: მხოლოდ ერთხელ უნახავთ გაბრაზებული – მაშინ, როდესაც ამ წესიდან გამონაკლისზე იყო საუბარი.

მისი არგუმენტი ასეთი იყო: თავდადებულ ადამიანს ყველგან შეუძლია მისვლა, ყველანაირ, ყველაზე უფრო უღირს ადამიანებთანაც კი, თუ მას ხელმოსაკიდი არაფერი გააჩნია. ჩვეულებრივი ადამიანიური კავშირები და მოთხოვნილებები მას თავად ჩვეულებრივ ადამიანად აქცევს. წმ. ფრანცისკოს არასდროს უფიქრია ჩვეულებრივ ადამიანებზე ცუდად – პირიქით, ასეთი აღტაცება და სიყვარული მათ აღარასოდეს ღირსებიათ; მაგრამ სამყაროს ახალი სულიერი აღზევების მიზნის მისაღწევად, ყოველგვარი სენტიმენტალიზმის და ფანატიზმის საპირისპირო, სრული ლოგიკური სიცხადით ის ხედავდა, რომ ძმები არ უნდა დამსგავსებოდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს; რომ მარილი არ უნდა განქარდეს, თუნდაც ადამიანური ბუნების ყოველდღიურ საკვებად გადაქცევისას; რომ ძმა ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო თავისუფალი უნდა იყოს – ამაშია რეალური განსხვავება. აუცილებელია მონასტრისაგან, კიდევ უფრო აუცილებელი – სოფლისგან გათავისუფლება. ზედმიწევნით საღი აზრის კარნახია: ჩვეულებრივი ადამიანი ვერ იქნება სოფლისგან თავისუფალი, უფრო სწორად, არც უნდა იყოს თავისუფალი. სამყარო, განსაკუთრებით ფეოდალური, დამოკიდებულებათა ლაბირინთების ერთიანი სისტემაა. თანამედროვე პროფესიული კავშირები, შუასაუკუნოვანი ამქრების მსგავსად, ურთიერთდამოკიდებულნი არიან, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ყველაფრისგან იყვნენ დამოუკიდებელნი. შუასაუკუნოვან, ისევევ როგორც თანამედროვე ცხოვრებაში, იქ, სადაც ეს შეზღუდვები საერთო თავისუფლებას ემსახურება, დიდია შემთხვევითობის წილი. ეს მეტწილად გარემოებათა შედეგია, ხშირად – გარდუვალი შედეგი. მე-12 საუკუნე აღთქმის ეპოქა იყო და ფეოდალურ აღთქმაში არის გარკვეული თავისუფლება, რადგან არავინ მოსთხოვს ფიცს მონას, ისევე როგორც ნიჩაბს, მაგალითად. და მაინც, ადამიანები ომობდნენ პეტრეს ან პავლეს მხარეს ძირითადად იმ მიზეზით, რომ ამა თუ იმ ქალაქსა თუ სოფელში დაიბადნენ. თუმცა არავინ იყო ვალდებული ყავისფერსამოსიან პატარა ფრანცისკს დამორჩილებოდა, თუ ამას თავად არ ისურვებდა. არჩევანის შემთხვევაშიც კი ის საკმაოდ თავისუფალი იყო წინამძღოლთან ურთიერთობაში, გარემომცველ სამყაროსთან შედარებით. ის მორჩილი იყო და არა დამოკიდებული, და სრულიად თავისუფალი, ქარივით თავისუფალი სოფლისგან. გარემომცველი სამყარო, როგორც უკვე ვთქვით, ფეოდალურ, ოჯახურ და სხვა დამოკიდებულებათა ბადეა. წმ. ფრანცისკის მთავარი იდეა ისაა, რომ უმცროსი ძმები, პატარა თევზებივით, თავისუფლად უნდა აღწევდნენ ბადეში. ვერაფერმა ვერ უნდა შეაკავოს ისინი: სოფელს ხომ ჩვენი სამოსის კალთით – ჩვენი ცხოვრების ამაო გარეგნული ნიშნით - წამოვედებით ხოლმე. ერთერთი ფრანცისკანელი იტყვის მოგვიანებით: „ბერს არაფერი არ უნდა გააჩნდეს, გარდა ჩანგისა“ - იგულისხმება, რომ მას არაფერი აქვს ფასეული, გარდა სიმღერისა, რომელსაც ყველა შემხვედრ ციხე-დარბაზს და ქოხს უმღერებს, როგორც მენესტრელი, შემქნელის ქმნილებით გამოწვეულ სიხარულსა და ადამიანთა ძმობის მშვენიერებზე. ასეთი მოხეტიალე მისტიკოსის ცხოვრების წარმოდგენით, იქნებ ასკეზის პრაქტიკულ მხარესაც მივწვდეთ, რომელიც ასე აბნევს პრაქტიკულად წოდებულ ხალხს. ადამიანი გამხდარი უნდა იყოს, თუ უნდა გალიიდან გამოაღწიოს; მსუბუქად უნდა იმოძრაოს, თუ უნდა შორს წავიდეს და სწრაფად იაროს. ესაა ამ გულუბრყვილო ეშმაკობის გათვლა: ის სოფელს ატყუებს და აბნევს. შიმშილი ვერას დააკლებს, რადგან მუდმივად მარხვას ესწრაფის, ვერ გაძარცვავ და გაამათხოვრებ, რადგან ისედაც მათხოვარია. ჯოხით ცემასაც აზრი არ აქვს - დახტის და სიხარულით ყვირის, რადგან ერთადერთ ღირსებას დამცირებაში ჰპოვებს. და თუ თავი ყულფში გააყოფინე, რისკავ, შარავანდით შემოსო.

თუმცა ერთი განსხვავება ძველ ბერობასა და ახალ ძმობას შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკულობის და სისწრაფის თვალსაზრისით. ძველი მონასტრები უძრავი საცხოვრებლით და დახურული არსებობით ჩვეულებრივი ოჯახის მსგავსად იყო შეზღუდული. რაგინდ მარტივად ეცხოვრათ, გარკვეული რაოდენობის საკნები, ან საწოლები, ან სულაც გარკვეული სივრცე დაჭირდებოდათ გარკვეული რაოდენობის ბერებისათვის. ამდენად, ბერების რაოდენობა მიწის და სამშენებლო მასალის რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. ფრანცისკანელი კი შეიძლება გამხდრიყო ადამიანი, რომელმაც აღთქმა დადო, კენკრა ეჭამა მდელოზე, ან სამზარეულოდან გამხმარი პურის ქერქი ეთხოვა, ღობის ქვეშ დაეძინა ან კარის ზღურბლზე მჯდარიყო. ამიტომ ასეთი ექსცენტრიკული ენთუზიასტების რიცხვს ვერანაირი ეკონომიკური მოსაზრება ვერ შეზღუდავდა. უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი ეს სწრაფი განვითარება სავსეა დემოკრატიული ოპტიმიზმით, რომელიც წმ. ფრანცისკს ახასიათებდა. თვით მისი ასკეტიზმი ოპტიმიზმის მწვერვალია. ის ძალიან ბევრს მოითხოვდა ადამიანისაგან, იმიტომ რომ აფასებდა მის ბუნებას; ძალიან ბევრს ელოდა თავისი არაჩვეულებრივი მიმდევრებისაგან და ასევე ბევრს - უბრალო ადამიანებისაგან, რომელთანაც მათ აგზავნიდა. მას ერთნაირად სჯეროდა სოფლისაც, რომელსაც საკვებს სთხოვდა და საძმოსიც, რომლისგანაც მარხვას ითხოვდა. მას ჰქონდა ადამიანთა სტუმართმოყვარეობის იმედი, რადგან ყველა სახლში მეგობრები ეგულებოდა. მას მართლაც უყვარდა უბრალო ხალხი და უბრალოება; შეიძლება ითქვას, რომ არაჩვეულებრივი ადამიანების მეშვეობით ადამიანთა ჩვეულებრივობას აგულიანებდა.
ეს პარადოქსი უკეთ ჩამოყალიბდება და აიხსნება, როდესაც მესამე ორდენის საინტერესო მაგალითს განვიხილავთ, რომელიც უბრალო ადამიანთა უბრალოებას არაჩვეულებრივი საზეიმო განწყობით ახალისებდა. ახლა კი ფრანცისკანული გეგმის გაბედულებას და სიმარტივეს დავაკვირდეთ, რომლის მიზანი ამ სულიერი მხედრობის მოსახლეობაში განთავსება იყო: არა ძალით, არამედ დარწმუნებით – უმწეობაში დარწმუნებით. ეს ნდობის, და შესაბამისად – ქების აქტი იყო და ამიტომაც – სავსებით წარმატებული. ესაა რაღაც, რაც მუდმივად თან სდევდა წმ. ფრანცისკს – ტაქტიანი უტაქტობის მსგავსი, მარტივი და პირდაპირი, როგორც ჭექა-ქუხილი. ამის მსგავსი მაგალითი მის პირად ურთიერთობებშიც მრავლადაა: მოულოდნელი შედეგი, რომელიც ერთი, პირდაპირი დაკვრით მიიღება. ამბობენ, რომ ერთი ახალგარზდა ძმა სადღაც გულჩათხრობილობასა და მორჩილებას შორის გაიბუტა, როგორც ხშირად ემართებათ ყმაწვილობაში გმირის თაყვანისმცემლებს, რადგან ჩათვალა, რომ გმირი მას არაფრად აგდებს. ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ ტაქტიანად მიუდგებოდა საქმეს დიპლომატი, სცენებისა და აღგზნების გარეშე, როგორ ფრთხილად განმუხტავდა ამ სიტუაციას ფსიქოლოგი. ფრანცისკი უეცრად მივიდა ახალგაზრდასთან, რომელსაც დანა კბილს არ უხსნიდა და უთხრა: „ნუ დაღონდები, რადგან ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, თვით უძვირფასესთა შორისაც კი. შენ ღირსი ხარ ჩემი მეგობრობის; მოდი ჩემთან როცა გინდა და მეგობრობით რწმენა ისწავლე.“ კაცობრიობასაც ზუსტად ასე მიმართავდა, როგორც ამ დაღვრემილ ბიჭს; ყოველთვის გულს უმიზნებდა; ყოველთვის უფრო მართალი და მარტივი იყო, ვიდრე თანამოსაუბრე. განმაიარაღებელი სიმარტივე დახვეწილ დიპლომატიას ერწყმოდა. მას შემდეგ სამყარო ასე განიარაღებული აღარავის უნახავს. ის სჯობდა სხვებს, ემსახურებოდა სხვებს და ამის მიუხედავად ის არ სძულდათ. კაცობრიობამ ეკლესიაში ახალი და უფრო ხელმოსაწვდომი კარით შეაბიჯა და მეგობრობით რწმენა ისწავლა.

პორციუნკულაში ერთი მუჭა ხალხი ირეოდა – იმდენი, რომ ერთ მცირე ოთახში დაეტია, როდესაც წმ. ფრანცისკმა პირველი მნიშვნელოვანი და გამაოგნებელი დარტყმა ჩაიფიქრა. ამბობენ, როდესაც მან რომში ლაშქრობა და ორდენის დაარსება გადაწყვიტა, ფრანცისკანელთა რიცხვი სულ თორმეტს ითვლიდა. ალბათ ჩაითვალა, რომ შეიძლებოდა ასიზის ეპისკოპოსის და სხვა სასულიერო პირების გავლით მოქმედება; იქნებ თვლიდნენ კიდეც, რომ არც ღირდა უმაღლესი საეკლესიო ტრიბუნალის შეწუხება იმით, თუ რა სახელს დაირქვამდა თორმეტი შემთხვევითი ადამიანი. მაგრამ ფრანცისკი ბრმასავით გაჯიუტდა, და ეს ბრწყინვალე სიბრმავე ზედმიწევნით დამახასიათებელია. კაცი, რომელიც მცირედით კმაყოფილდებოდა, უყვარდა კიდეც სიმცირე, მცირეს და დიდს შორის არათანაზომადის შეგრძნება არ ჰქონდა. ეს არათანაზომადობა თავბრუდამხვევია, ხანდახან შუასაუკუნეების მხიარულად გაფერადებული რუკასავით, ხან კი მეოთხე განზომილებაში გასასვლელი მოკლე გზასავით. ამბობენ, რომ მან ჯარებით გარშემორტყმულ, წმინდა რომის იმპერიის არწივქვეშ მოკალათებულ იმპერატორთან იმოგზაურა, რათა რამდენიმე ჩიტს გამოსარჩლებოდა. მას თავისუფლად შეეძლო ორმოცდაათი იმპერატორის წინაშე წარმდგარიყო ერთი ჩიტის ხათრით. ორ თანხმლებთან ერთად ის მუსლიმური სამყაროს გასაქრისტიანებლად, თერთმეტ თანამგზავრთან ერთად კი ახალი სამონასტრო სამყაროს შესაქმნელად გაემართა.

ინოკენტი III, დიდი პაპი, ბონავენტურას თქმით, ლატერანის წმ. იოანეს ტაძრის ტერასაზე სეირნობდა - ალბათ დიდ პოლიტიკურ პრობლემებზე დაფიქრებული, მის მმართველობას რომ ასე ამძიმებდა - როდესაც გლეხურად გამოწყობილი ადამიანი გამოეცხადა. როგორც ჩანს, მწყემსი ეგონა – არც თუ მთლად დალაგებული, და სწრაფად გაერიდა. ეს შემთხვევა, ფრანცისკის დიდი ბიოგრაფის თქმით, აღარც გახსენებია, ვიდრე იმავე ღამეს უცნაური სიზმარი არ ნახა. ლატერანის უზარმაზარი და უძველესი ტაძარი, რომლის მაღალ ტერასაზეც ასე მშვიდად სეირნობდა, გუმბათებიან ქონგურებიანად საშინლად გადახრილიყო და წაქცევისაგან ის დაკონკილი მწყემსი იცავდა, ცოცხალი კარიატიდასავით. მიუხდავად იმისა, სიმართლეა თუ ხატოვანი ნათქვამი, ეს ამბავი ზუსტად აღწერს იმ სისწრაფეს, რომლითაც ფრანცისკმა რომის ყურადღება და მხარდაჭერა მოიპოვა. სავარაუდოდ, მისი პირველი მეგობარი, კარდინალი ჯოვანი დი სან პაოლო გახდა, რომელმაც ფრანცისკანულ იდეას კარდინალთა საგანგებოდ მოწვეულ კონკლავთან უშუამდგომლა. საინტერესოა, რომ ძირითადი ეჭვები წესის სიმკაცრეს უკავშირდებოდა, რადგან ეკლესია ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა მომეტებულ ასკეტიზმს და მასთან დაკავშირებულ ბოროტებას. ალბათ თვლიდნენ, რომ შეუსაბამო სიმძიმე სახიფათოა. სიახლე ყოველთვის შეიცავს ხიფათს. გარკვეული თვალსაზრისით, ახალი ყაიდის ბერი ძველის ანტიპოდი აღმოჩნდა. ძველი სამონასრტრო ცხოვრება არა მარტო სულიერი, არამედ ეკონომიკური სიმშვიდის წყაროც იყო. ამ სიმშვიდის შედეგია ის ნაყოფი, რომელსაც მსოფლიო ბერებს უნდა უმადლოდეს: კლასიკოსების შენარჩუნებას. გოთიკის დასაწყისს, ფილოსოფიურ და მეცნიერულ სისტემებს, განმანათლებელ ხელნაწერებს და ფერად მინას. ბერს ყოფა მოგვარებული ჰქონდა; მან იცოდა, რომ ვახშამი - თუმცა მწირი, მაგრამ მაინც ვახშამი ელოდა. ახალი საძმოს დედააზრი კი ის იყო, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ივახშმებდნენ საერთოდ თუ არა. აქ რომანტიკის ელემენტია - როგორც ბოშას ან მოგზაურის ცხოვრებაში, იქნებ – ტრაგედიისაც, როგორც მაწანწალას და დღიური მუშის ცხოვრებაში. მეცამეტე საუკუნის კარდინალებს თანაგრძნობით აღსავსენი ადევნებდნენ თვალს რამდენიმე ადამიანის საკუთარი ნებით შესვლას იმ მდგომარეობაში, რომელშიც მეოცე საუკუნის ღატაკებს გულქვა იძულებით, პოლიციის საშუალებით ერეკებიან ყოველდღიურად.

კარდინალი სან პაოლო ალბათ ასე მსჯელობდა: ეს ალბათ მძიმე ცხოვრებაა, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ესაა სახარებისეული იდეალი; შეიძლება გონივრულ და ადამიანურ კომპრომისზე წავიდეთ, მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ ადამიანი არ უნდა ისწრაფოდეს ამ იდეალისკენ, თუ ეს ძალუძს. ამ არგუმენტის მნიშვნელობას კიდევ დავინახავთ, როდესაც წმ. ფრანცისკის ცხოვრების უმაღლეს ასპექტს განვიხილავთ, ქრისტეს იმიტაცია რომ შეიძლება ეწოდოს. ამ მსჯელობის შედეგად პაპმა გეგმა სიტყვიერად მოიწონა და უფრო მეტი მხარდაჭერა აღუთქვა, თუ მოძრაობის მასშტაბი გაიზრდებოდა. ინოკენტის, რომელიც გონიერი კაცი იყო, ალბათ ეჭიც არ შეჰპარვია, რომ მოძრაობა გაფართოვდებოდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ყოველგვარ ეჭვს საფუძველი მალე გამოეცალა. ზრდა ისეთი სიჩქარით მიდიოდა, რომელიც გამორიცხულია ნებისმიერი ჩვეულებრივი საზოგადოებისთვის, სახსრები და შენობები რომ სჭირდება. თორმეტი პირველი ძმის პაპთან შეხვედრიდან დაბრუნება ტრიუმფალურ მსვლელობად იქცა. ერთ ადგილას ქალაქის მთელი მოსახლეობა დიდიან პატარიანად გარეთ გამოფენილა, ყველაფერი მიუტოვებია და ძმებს ევედრებოდა, საღვთო ლაშქარში მიეღოთ. გამოცემის თანახმად, სწორედ ამ დროს ჩაესახა წმ. ფრანცისკს მესამე ორდენის იდეა, რომელიც საშუალებას მისცემდა ადამიანს, წილი დაედო ამ მოძრაობაში სახლსა და ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებასთან განუშორებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მთელი იტალია მოქცევის ამბოხებამ მოიცვა; ძმებს შეხვდებოდით ყველა შარაგზაზე და შეხვედრისას სულიერი თავგადასავალი გელოდათ. წმ. ფრანცისკის პირველმა ორდენმა ისტორიაში შეაბიჯა.

ამ მიახლოებით მონახაზს მეორე და მესამე ორდენის დაარსებით დავასრულებ, თუმცა ეს მოგვიანებით და თანაც სხვადასხვა დროს მოხდა. ერთი ქალთათვის იყო განკუთვნილი და თავის დაარსებას წმ. ფრანცისკის და წმ. კლარას მშვენიერ მეგობრობას უნდა უმადლოდეს. არც ერთი სხვა ამბავი ასე არ აბნევს განსხვავებული რწმენის კრიტიკოსს, ყველაზე კეთილგანწყობილსაც კი.
არცერთი სხვა ამბავი არ იძლევა ჩემს მიერ ნახსენები შემოწმების გამოყენების საშუალებას: ამ კრიტიკოსებს არ სჯერათ, რომ ზეციური სიყვარული ისეთივე რეალურია, როგორც მიწიერი. იმწამსვე, როგორც კი მას რეალურად ჩათვლი, გამოცანა ადვილად იხსნება. ჩვიდმეტი წლის ქალი, სახელად კლარა, ასიზის ერთერთი კეთილშობილი ოჯახიდან, სამონასტრო ცხოვრების სურვილით აღივსო. ფრანცისკი მას სახლიდან გაქცევასა და მონაზვნად აღკვეცაში დაეხმარა. თუ გნებავთ, ფრანცისკი მას მშობლების დაუმორჩილებლობაში დაეხმარა, ისევე, როგორც თავად იმოქმედა მამის წინააღმდეგ. ამ ეპიზოდს მართლაც თან სდევს რომანტიკული ელფერი: ქალი კედლის ხვრელში გაძვრა და ტყეში გაიქცა, სადაც შუაღამისას ჩირაღდნებით დახვდნენ. თვით ქ-ნი ოლიფანტი, თავის მშვენიერ კვლევაში ამას ნათლავს, როგორც „ინციდენტს, რომელსაც ძნელად თუ მოეკიდები კმაყოფილებით.“

ინციდენტზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: ეს რომ რომანტიკული გაქცევა ყოფილიყო და ქალი მონაზონი კი არა, პატარძალი გამხდარიყო, ტანამედროვე საზოგადოება მას გმირად აქცევდა. თუ ბერი ისევე იმოქმედებდა, როგორც ჯულიეტას შემთხვევაში, მას ყველა ჯულიეტასავით თანაუგრძნობდა. მერე რა, რომ კლარა მხოლოდ ჩვიდმეტის იყო: ჯულიეტა სულაც თოთხმეტისაა; გოგოები ადრე თხოვდებოდნენ, ბიჭები კი ადრე იწყებდნენ ბრძოლას იმ დროში; მეცამეტე საუკუნის ჩვიდმეტი წლის ქალს ზუსტად ეცოდინებოდა, რაც სწადდა. მომდევნო მოვლენების გათვალისწინებით, არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ იეჭვებს, თითქოს წმ. კლარამ არ იცოდა, რა უნდოდა. თანამედროვე რომანტიზმი სავსებით ამართლებს მშობლბისადმი ასეთ დაუმორჩილებლობას, თუ მას რომანტიკული სიყვარულის სახელით ჩადიან, რადგან იცის, რომ რომატიკული სიყვარული რეალობაა, მაგრამ არ იცის, რომ ღვთაებრივი სიყვარული რეალობაა. შეიძლება კლარას მშობლებს შევაწიოთ სიტყვა, ან პიეტრო ბერნარდონეს, ისევე, როგორც ბევრი შეიძლება ითქვას მონტეკებისა და კაპულეტების დასაცავად, მაგრამ თანამედროვენი ამას არ აკეთებენ. ფაქტია, რომ თუ იმას, რისაც წმ. ფრანცისკს და წმ. კლარას ურყევად სწამდათ, წუთიერად მაინც ჰიპოთეზად მივიღებთ – რომ არსებობს პირდაპირი ღვთაებრივი ურთიერთობა, ბევრად უფრო აღმატებული, ვიდრე ნებისმიერი რომანტიკული კავშირი, მივხვდებით, რომ წმ. კლარას გაქცევა უბრალოდ ბედნიერდაბოლოებიანი რომანტიკული ამბავია, წმ. ფრანცისკო კი წმ. გიორგი ან მოხეტიალე რაინდია, რომელმაც ის კეთილად დაასრულა. და როცა ხედავ, რომ მილიონობით ქალსა და კაცს უცხოვრია და მომკვდარა ამ კავშირის რეალობის გრძნობით, ვერაფერი ფილოსოფოსი ხარ, თუ მას ჰიპოთეზადაც კი ვერ განიხილავ.

ბოლოს, ვერავინ, ვინც იმის მომხრეა, რასაც ქალთა ემანსიპაციას უწოდებენ, ვერ დაგმობს წმ. კლარას ამბოხს. მან ჭეშმარიტად საკუთარი ცხოვრებით იცხოვრა, თუ თანამედროვე ჟარგონს გამოვიყენებთ – ცხოვრება, რომელიც თავად სურდა, და არა ის, რომლისკენაც მშობლები და პირობითობა ეწეოდნენ. მან ქალთა დიდი მოძრაობა დააარსა, რომელიც დღემდე დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოზე. მისი ადგილი ისტორიის გავლენიან ქალთა შორისაა. ვეჭვობ ასეთი დიდი ან სასარგებლო ადამიანი გამხდარიყო, სიყვარულის გამო რომ გაპარულიყო სახლიდან, ან შინ დარჩენილიყო და გარიგებით გათხოვებულიყო. ყველაფერ ამას ნებისმიერი გონიერი ადამიანი იტყოდა, ამ ამბის გარეგანი განხილვისას. შიგნიდან განხილვას კი არც მე ვაპირებ; ადამიანს, რომელიც ეჭვობს, ღირსია თუ არა წმ. ფრანცისკზე სიტყვა დაძრას, მითუმეტეს გაუჭირდება წმ. ფრანცისკის და წმ. კლარას მეგობრობაზე ლაპარაკი. ამ ამბის იდუმალებას საუკეთესოდ სიმბოლური, უსიტყვო დამოკიდებულება ან მოქმედება გამოხატავს. ამ ლეგენდაზე უფრო ზუსტი სიმბოლო არ მეგულება: ერთ ღამეს ასიზელებს ეგონათ, რომ ხეებს და ეკლესიას ცეცხლი მოედო და ხანძრის ჩასაქრობად გარეთ გამოცვივდნენ. აღმოჩნდა, რომ შიგნით ყველაფერი წყნარადაა, უბრალოდ წმ.ფრანცისკს და წმ. კლარას ერთი, იშვიათი შეხვედრისას პური გაეტეხათ და ღვთიურ სიყვარულზე საუბრობდნენ. ზედმიწევნით სუფთა და უსხეულო ვნებისთვის უფრო ხატოვან ხატს ვერ მოიფიქრებ, ვიდრე წითელი შარავადით გარემოცული ბორცვზე მდგომი ორი ადამიანია; ალი, რომელსაც არაფერი კვებავს, და თვით ჰაერს ეკიდება.

თუ მეორე ორდენი ესოდენ არამიწიერი სიყვარულის ძეგლია, მესამე ძეგლია მიწიერი ცხოვრების და სიყვარულის მიმართ მყარი თანაგრძნობისა. კათოლიკური ცხოვრების ეს მხარე, საერო წესრიგის და საეკლესიო ორდენების ურთიერთკავშირი ცუდად ესმით პროტესტანტულ ქვეყნებში და არ შუქდება პროტესტანტულ ისტორიაში. ხედვა, რომელიც ბუნდოვნადაა აქ წარმოდგენილი, არასდროს იფარგლებოდა ბერებით და საძმოებით. ეს იყო ურიცხვი ჩვეულებრივი, დაქორწინებული ქალებისა კაცების შთაგონების წყარო, რომლებიც ჩვენნაირად, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ოღონდ სრულიად განსხვავებულად. ცისკრის დიდებულება, რომელიც წმ. ფრანცისკმა ცას და მიწას მოჰფინა, მრავალი სახურავის ქვეშ, მრავალ ოთახში, საიდუმლო მზის ნათებასავით დამკვიდრდა. ჩვენის მსგავს საზოგადოებაში არაფერი ვიცით ასეთ ფრანცისკანულ მიმდევრობაზე; არაფერია ცნობილი ასეთ უსახელო მიმდევრებზე; კიდევ უფრო ნაკლები – სახელოვანზე. თუ ქუჩაში მესამე ორდენის საზეიმო მსვლელობას წარმოვიდგენთ, ცნობილი ფიგურები უფრო გაგვაოცებენ, ვიდრე უცნობი. ეს მძლავრი საიდუმლო საზოგადოებისთვის ნიღაბის მოხსნას დაემსგავსებოდა. აი წმ. ლუდოვიკო, დიდი მეფე, დიდი სამართლის მეუფე, რომლის სასწორიც მუდამ ღარიბთა მხარეს სცოდავდა. აი დანტე, დაფნის გვირგვინოსანი, რომელიც თავის ვნებებით აღსავსე ცხოვრებაში ქალბატონ სიღარიბეს უმღერდა, რომლის ნაცრისფერი სამოსი შიგნიდან მეწამული დიდებულებითაა შემკული. აქ უკანასკნელი და რაციონალისტური საუკუნეების მრავალი დიადი სახელი გამობრწყინდებოდა; დიდი გალვანი, მაგალითად, მთელი ელექტრობის მამა, ჯადოქარი, თანამედროვე ვარსკვლავებისა და ხმის სიტემების შემქმნელი. მიმდევართა ასეთი მრავალფეროვნება თავისთავად საკმარისი საბუთია იმ თანაგრძნობისა, რომელიც წმ. ფრანცისკს ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ ჰქონდა, თავი რომ დავანებოთ მის საკუთარ ცხოვრებას.



თუმცა მისი ცხოვრებაც ამას ამტკიცებს, და, შესაძლოა, უფრო ფაქიზადაც. ვფიქრობ, მართალს ამბობს ერთი მისი თანამედროვე ბიოგრაფი, რომ წმ. ფრანცისკის ბუნებრივი ვნებანი გამორჩეულად ნორმალური და კეთილშობილიც კი იყო, იმ თვალსაზრისით, რომ მიმართული იყო არა თავისთავად არასწორ, არამედ მისთვის არასწორ რამისკენ. არცერთ სხვა ადამიანთან დაკავშირებით ასე უადგილო არ იქნება სიტყვა „სინანულის“ ხმარება. ძალიან ბევრია მის ხასიათში რომატიკული, მაგრამ არაფერია სენტიმენტალური. ამისთვის საკმარისი მელანქოლია არ გააჩნდა. ის ზედმეტად სწრაფი იყო იმისთვის, რომ თავისი რბოლა ეჭვისა და გადასინჯვის საგნად ექცია; საკუთარი თავის სასაყვედურო ისევ ამ რბოლის არასაკმარისი სიჩქარე ექნებოდა. თუმცა როდესაც ბოროტს ებრძოდა, როგორც ებრძვის ყველა ადამიანი, რომელიც ღირსია, ადამიანად იწოდებოდეს, ალბათ ცდუნება, ძირითადად, ისეთი ჯანსაღი ინსტინქტებისგან შედგებოდა, რომლებსაც ის სხვებში არც დაგმობდა. ეს არ იყო ის შეთითხნილი წარმართობა, რომელიც დემონიურ კურტიზანებს უგზავნიდა წმ. ანტონის უდაბნოში. წმ. ფრანცისკოს სიამოვნებები მარტივი ყაიდისა იქნებოდა. ის სიყვარულისკენ იხრებოდა და არა ვნებისკენ, და ყველაზე დაუოკებელი ოცნება საქორწინო ზარების რეკვას არ გასცდებოდა. ერთი უცნაური ამბავი მოგვითხრობს, როგორ ებრძოდა ის ეშმაკს თოვლისგან სახეების კეთებით და წამოძახებით, რომ ესეც ეყოფა ცოლად და შვილებად. ამბობენ, რომ ცოდვისგან დაუცველობის აღიარებისას ამბობდა: „მე კიდევ შეიძლება შვილები მყავდეს,“ თითქოს შვილებზე ოცნებობდა, და არა ქალზე. ესაა ამ ხასიათის უკანასკნელი შტრიხი – თუ მართალია, რა თქმა უნდა. მასში იმდენი დილის განწყობაა, ახალგაზრდულად ცნობისმოყვარე და წმინდა, რომ მისი ცუდიც კი კარგია. სხვებზე რომაა ნათქვამი, მათი სხეულის სინათლეც სიბნელეაო, ამ ნათელ სულზეც შეიძლება ასევე ითქვას: მისი ჩრდილებიც კი სინათლისგანაა. მას თვით ბოროტებაც მხოლოდ აკრძალული სიკეთის ფორმით ეცხადებოდა, და მისი ცდუნება მხოლოდ საიდუმლოთი იყო შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment