თავი IX სასწაულები და სიკვდილი

წმ. ფრანცისკის სტიგმების თავზარდამცემი ამბავი, რომლითაც წინა თავი დავაბოლოვეთ, მისი ცხოვრებასაც ასრულებს. ლოგიკურად ეს დასასრულია, დასაწყისშიც რომ მომხდარიყო; თუმცა სანდო გადმოცემების მიხედვით ბოლოთი თარიღდება და მისი მიწიერი ცხოვრების დარჩენილი დღეები ჩრდილის არსებობას ემსგავსება. წმ. ბონავენტურას მიაჩნია, რომ წმ. ფრანცისკოს სერაფიმული ხილვა მისი სულის გიგანტური სარკეა და ის ანგელოზივით უნდა ვნებულიყო, და არა ღმერთივით; ან იქნებ ამაში საერთო ქრისტიანულ ხელოვნებაზე უფრო მარტივი, მაგრამ კოლოსალური ხატოვანებით ღმერთის სიკვდილის პირველადი პარადოქსი გამოისახა. ყველა შემთხვევაში ეს მისი ცხოვრების გვირგვინი და ბეჭედია. ამ ხილვის შემდეგ მან დაბრმავება დაიწყო.

ჩვენი შეზღუდული თხრობისთვის ეს შემთხვევა სხვა, ნაკლებმნიშვნელოვანი თვალსაზრისითაც საინტერესოა. ის საშუალებას გვაძლევს მოკლედ და ერთიანად განვიხილოთ ფაქტები და ლეგენდები, რომლებიც წმ. ფრანცისკის ცხოვრების სხვა მხარეს უკავშირდება; მხარეს, რომელიც ყველაზე მეტ კამათს იწვევს, თუმცა არ მგონია, რომელიმე სხვაზე უფრო საკამათო რომ იყოს. ვგულისხმობ მის სასწაულმოქმედ ძალასთან და ზებუნებრივ გამოცდილებასთან დაკავშირებულ იმ უამრავ მოწმობას და გადმოცემას, ამ ამბის ყველა გვერდს ძვირფასი თვალივით რომ დაამშვენებდა. თუმცა ჩვენი თხრობის მიზნებისთვის იქნებ უკეთესციცაა ამ თვლების ერთად შეგროვება.

ეს გზა ერთი ცრურწმენის გათვალისწინებით ავირჩიე. ეს ცრურწმენა დიდწილად წარსულს ჩაბარდა, რადგან მეტი განათლების, განსაკუთრებით კი მეტი ცდისეული მეცნიერული ცოდნის წინაშე ქრება, თუმცა უფროს თაობაში და აქა იქ - ახალგაზრდებშიც ჯერაც ფეხმოკიდებულია. ვგულისხმობ რწმენას სახელად „სასწაულები არ ხდება,“ რომელიც, მგონი, მეთიუ არნოლდმა გამოხატა და ამით ჩვენი ვიქტორიანელი ბიძია-ბაბუების შეხედულება ჩამოაყალიბა. ეს იმ სკეპტიკური გამარტივების ნარჩენებია, რომლითაც მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისის ზოგიერთმა ფილოსოფოსმა შექმნა განწყობა (ძალიან ხანმოკლე), თითქოს ჩვენ ასამყაროს საათისმაგვარი მექანიზმიღმოვაჩინეთ , და ეს მექანიზმი იმდენად მარტივია, რომ საშუალებას გვაძლევს, ერთი შეხედვით განვასხვავოთ, რა შეიძლება მოხდეს და რა - არა ადამიანის ცხოვრებაში. არ დაგვავიწყდეს, რომ სკეპტიციზმის ოქროს ხანის ეს ნამდვილი სკეპტიკოსები ისევე აგდებულად ეკიდებოდნენ ახალ მეცნიერულ წარმოდგენებს, როგორც ძველ რელიგიურ ლეგენდებს. ვოლტერმა თურმე გულიანად იცინა, როცა გაიგო, რომ ალპებში ნამარხი თევზი აღმოაჩინეს: რომელიმე მომარხულე ბერის ან განდეგილის დაყრილია და რამე ახალი მონაზვნური ხრიკიაო. დღეს ყველამ იცის, რომ მეცნიერებამ სკეპტიციზმზე შური იძია. სანდოს და დაუჯერებელს შორის ზღვარი ისევ ისე ბუნდოვანია, როგორც ბარბაროსული რიჟრაჟისას. შესაძლებლის საზღვრები ფართოვდება, შეუძლებელის კი მცირდება. ვოლტერის თანამედროვე მარჩიელობდა, რომელ სასწაულს მოისვრიან შემდეგს, ჩვენს დროში ადამიანს უჭირს თქმა, კიდევ რომელი სასწაულის გადაყლაპვა მოუწევს.

დიდი ხნის წინ, ჩემს ბიჭობაში, როდესაც პირველად დავინახე წმ. ფრანცისკის შორეული ფიგურა და შორეული მიზიდულობაც ვიგრძენი, იმ ვიქტოტიანულ დღეებში, როდესაც წმინდანთა სიქველეს სავსებით სერიოზულად აცალკევებდნენ მათი სასწაულებისგან – მაშინაც კი მიკვირდა, როგორ შეიძლება კვლევის ასეთი მეთოდის გამოყენება. არც მაშინ მესმოდა და არც ახლა მესმის, რა პრინციპით ხდება წარსულის ქრონიკების დანაწევრება და ნაწილების ამოკრება; ეს ხომ ერთი მთლიანი რამაა. ჩვენი ისტორიული ცოდნა - განსაკუთრებით შუა საუკუნეების პერიოდის, ურთიერთდაკავშირებულ მატიანეებს ეყრდნობა, რომელთა ავტორებიდან ზოგი სახელიანია, ზოგი - უსახელო და ყველა ერთად – მკვდარი. მათი ჯვარედინი დაკითხვა და შემოწმება აღარ მოხერხდება. არასდროს მესმოდა, რა საფუძველზე იღებენ ისტორიკოსები მათგან უამრავ დეტალს უდავო ჭეშმარიტებად, და მთლიანად უარყოფენ სანდოობას მაშინვე, როგორც კი ერთ ზებუნებრივ დეტალს წააწყდებიან. არ ვეწინააღმდეგები მათ სკეპსისს – მიკვირს, რატომ არ არიან ბოლომდე სკეპტიკოსები. მესმის, როცა ამბობენ, რომ მატიანეში ასეთ დეტალებს მატყუარა ან შეშლილი თუ შეიტანდა; მაგრამ აქედან ხომ მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ მატიანე შეშლილების და ცრუპენტელების შედგენილია. დაწერენ, მაგალითად, რომ „მონაზვნური ფანატიზმი ავრცელებდა ცნობებს, თითქოს თომას ბეკეტის საფლავთან სასწაულები ხდებოდა.“ რატომ არ იტყვიან ასევე, რომ „ მონაზვნურმა ფანატიზმმა გაავრცელა ცილისწამება, თითქოს თომას ბეკეტი მეფე ჰენრის კარის ოთხმა რაინდმა ტაძარში ხმლებით აკუწა?“ ან მაგალითად: „ეპოქის მიამიტობამ ირწმუნა, თითქოს ჟანა დარკმა შენიღბული დოფინი ამოიცნო.“ იგივე პრინციპით ხომ შეიძლება თქვა: „ეპოქის მიამიტობამ დაიჯერა, რომ გლეხის ბნელ გოგოს დოფინის კარზე აუდიენცია ეღირსა.“ ჩვენ შემთხვევაშიც, როცა გვეუბნებიან, რომ წმ. ფრანცისკის ცეცხლში გადაშვების და იქიდან უვნებლად გამოსვლის ამბავი დაუჯერებელია, რა პრინციპი კრძალავს იმის თქმას, რომ გაავებულ მუსლიმთა ბანაკში გადაშვების და იქიდან უვნებლად დაბრუნების ამბავიც დაუჯერებელია? მე მხოლოდ ინფორმაცია მაინტერესებს; ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ. არ მეგულება წმ. ფრანცისკის არცერთი თანამედროვე, რომელსაც მასზე სიტყვა დაეწეროს და თავად არ სჯეროდეს სასწაულებრივი ამბებისა. იქნებ ეს ყველაფერი მონაზვნური მონაჩმახია და არანაირი წმ. ფრანცისკი, წმ. თომას ბეკეტი და ჟანა დარკი საერთოდ არ არსებულან. მესმის, რომ ეს აბსურდამდე დაყვანაა; მაგრამ ეს აბსურდამდე დაყვანაა იმ თვალსაზრისის, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სასწაული აბსურდია.
აბსტრაქტულ ლოგიკაში შერჩევის ასეთ მეთოდს გაუგონარ უგუნურებამდე მივყავართ. თუ ამბავი არსებითად დაუჯერებელია, მაშინ ავტორი არასანდოა. შეუძლებელია ასეთ ამბავს რომელიმე მის ნაწილში ენდო. თუ ვინმე ამბობს, რომ ყვითელ შარვალში გამოწყობილი ადამიანი საკუთარ ხახაში ჩახტა, ყვითელი შარვლის გამო არც ბიბლიაზე დაფიცება ღირს და არც ეშაფოტზე ასვლა. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ლურჯი საჰაერო ბურთით მთვარეზე აფრინდა და აღმოაჩინა, რომ ის მწვანე ყველისგანაა, ბურთის სილურჯე არ იმსახურებს იმაზე მეტად თავის გამოდებას, ვიდრე მთვარის სიმწვანე. ერთადერთი ლოგიკური შედეგი, რომელსაც წმ. ფრანცისკის სასწაულების ამბავთა უარყოფას მოაქვს, თავად ამ ადამიანის არსებობის უარყოფაა. ასეთი მომენტი მართლაც დადგა, როდესაც შეშლილმა სკეპტიციზმმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია; ხალხი იქამდე მივიდა, რომ ამტკიცებდნენ, თითქოს ისეთი პიროვნება, როგორც წმ. პატრიკია, საერთოდ არ არსებულა. ეს ზუსტად ისეთივე ადამიანური და ისტორიული სიბრიყვეა, როგორც იმის თქმა, რომ წმ. ფრანცისკი არასოდეს არსებულა. იყო დრო, როდესაც მითოლოგიური ინტერპრეტაციაზე გაგიჟებამ მყარი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მზის მითოსის ბრწყინვალებით და სიმხურვალით დაადნო. ვფიქრობ, ის მზე კარგა ხანია ჩაესვენა, თუმცა მისი ადგილი უთვალავმა მთვარემ და მეტეორმა დაიკავა.

წმ. ფრანცისკისგან, რა თქმა უნდა, მშვენიერი მზის მითი გამოვიდოდა. როგორ შეიძლებოდა ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, როდესაც ადამიანმა მზის სიმღერით გაითქვა სახელი? რაღა თქმა უნდა, კოცონი სირიაში აღმოსავლეთის აისია, ტოსკანის სისხლმდენი ჭრილობები კი დასავლეთის დაისი. ამ თეორიას გრძლად განვავითარებდი, მეორე, უფრო მიზიდველი თეორია რომ არ წარმომედგინა – როგორც ჩვეულებრივ ემართებათ ხოლმე ასეთ თეორეტიკოსებს: ვერ ვხვდები, როგორ გამოგვრჩა ყველას, ჩემი ჩათვლით, რომ წმ. ფრანცისკის მთელი ამბავი ტოტემური წარმოშობისაა. ეს ამბავი უბრალოდ ტოტემებითაა გატენილი. ფრანცისკის ტყეები ისევე სავსეა მათით, როგორც ინდიელთა თქმულებანი. ფრანცისკი იძულებულია საკუთარ თავს სახედარი უწოდოს, რადგან პირველად მითოსში ფრანცისკი უბრალოდ ნამდვილი, ოთხფეხა ვირის სახელია, რომელიც შემდგომში ბუნდოვან ნახევრადადამიან ღმერთად თუ გმირად გარდაიქმნება. ნამდვილად ესაა იმის მიზეზი, რომ წმ. ფრანცისკის ძმობილი მგელი და დობილი ჩიტი ბიძია რიმუსის ძმა მელას და და ძროხას მაგონებდა. ამბობენ, უმანკო ბავშვობაში მართლა გვჯერა, რომ ძროხა ლაპარაკობს და მელას შეუძლია კუპრის კაცუნა დაამზადოს. ინტელექტუალურ ზრდაშიც არსებოს უმანკოების ეტაპი, როდესაც რეალურად შეიძლება ვირწმუნოთ, თითქოს წმ. პატრიკი მზის მითი, წმ. ფრანცისკი კი ტოტემია. თუმცა უმრავლესობა ჩვენგანისთვის სამოთხის ორივე ეს ფაზა წარსულს ჩაბარდა.

არის ერთი მოსაზრება, რომლის საშუალებითაც შეიძლება პრაქტიკული თვალსაზრისით განვასხვავოთ სარწმუნო დაუჯერებელისგან ასეთ ამბებში. ეს არა იმდენად მოვლენათა ბუნების, არამედ ლიტერატურული ხედვის საკითხია. ერთ ამბავს ბევრად უფრო სერიოზულად ყვებიან, ვიდრე მეორეს; მაგრამ ამის მიუხედავად, აქ მათ განცალკევებას არ ვეცდები. ასე პრაქტიკული მოსაზრებით ვიქცევი, რადგან ყველაფერი ეს ერთ ქოთანში იხარშება და ისეთი რამ შეიძლება გამოდნეს, რასაც რაციონალიზმი ურჩხულად ჩათვლის. ფილოსოფიისა და რწმენის მთავარი საკითხები, რა თქმა უნდა, უცვლელია. სჯერა თუ არა ადამიანს, რომ ცეცხლი დროდადრო არ წვავს, იმაზეა დამოკიდებული, თუ რატომ წვავს, მისი აზრით, ცეცხლი საერთოდ. თუ ის ათიდან ცხრა ჯოხს იმიტომ წვავს, რომ ეს მისი ბუნება, ან აუცილებლობაა, მაშინ ის მეათესაც ასევე დაწვავს. თუ ათიდან ცხრის დაწვა ღვთის ნებაა, მაშინ მეათეს დაწვა იქნებ არც იყოს. ვერავინ შეაღწევს მოვლენათა ბუნების ამ ფუნდამენტური განსხვავების მიღმა: თეისტისთვის სასწაულის რწმენა ისეთივე გონივრულია, როგორც ათეისტისთვის მისი ურწმუნობა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთადერთი გონივრული მიზეზი სასწაულის ურწმუნობისა მატერიალიზმის რწმენაა. თუმცა ფილოსოფიისა და რწმენის ამ მარადიულ პრობლემათა ადგილი თეორიულ ნაშრომშია და არა აქ; ისტორიასა და ბიოგრაფიაში კი, რომლითაც აქ ვართ დაკავებულნი, არაფერია უცვლელი. მსოფლიო შესაძლებელ – შეუძლებლის გაურკვევლობაშია და არავინ უწყის, რომელ უძველეს ცრურწმენას გაამყარებს რომელიმე უახლესი მეცნიერული ჰიპოთეზა. წმ. ფარნცისკის სასწაულთა სამ მეოთხედს უკვე ახსნის ფსიქოლოგი, თუმცა არა ისე, როგორც კათოლიკე, მაგრამ ისე, რომ მატერიალისტისთვის ეს აუცილებლად მიუღებელი იქნება. წმ. ფრანცისკის სასწაულთა მთელი წყება კურნებას უკავშირდება. რა აზრი აქვს სკეპტიკოსის მიერ მათ ხელაღებით უარყოფას, როდესაც რწმენით მკურნალობა ამერიკაში ბარნუმის შოუსავით დიდ ბიზნესად იქცა? სხვა დიდი წყება, ქრისტეს მსგავსად, „ადამიანის აზრის აღქმას“ უკავშირდება. რა აზრი აქვს მათ ცენზურას და ამოშლას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დამღად „სასწაული“ აქვს, როდესაც აზრების კითხვა მუსიკალური სკამების მსგავს სალონურ თამაშად იქცა? კიდევ ერთი, კარგად დადასტურებული წყება, რომელიც ცალკეა შესასწავლი, ასეთი რამ რომ შესაძლებელი იყოს, მის წმინდა ნაწილებს უკავშირდება. რა აზრი აქვს მათ უკუგდებას,როგორც რაიმე წარმოუდგენელის, როდესაც მთელი ეს სალონური ხრიკები ნაცნობი საგნის შეხებაზე და პირადი ნივთების ხელში დაჭერის ირგვლივ ტრიალებს? რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ეს ხრიკები იგივე ბუნებისაა, რაც წმინდანის მოღვაწეობა, გარდა იმ თვალსაზრისისა, რომ Diabolus simius Dei. საქმე ის კი არაა, რისი მჯერა და რატომ, არამედ ის, რისი არ სჯერა სკეპტიკოსს და რატომ. ამიტომაც დაასკვნის პრაქტიკული ბიოგრაფი და ისტორიკოსი, რომ ვიდრე გადაწყვეტს, რა არ სჯერა, ჯობს მოიცადოს - იქნებ ყველაფერი ოდნავ უფრო მეტად დალაგდეს.

რადგან ასეა, ორი არჩევანი რჩება, და არც თუ უყოყმანოდ, მე ჩემი გავაკეთე. საუკეთესო და ყველაზე გაბედული მთელი ამ ამბავი პირდაპირი მოყოლა იქნებოდა - სასწაულებიანად, როგორც პირველი ისტორიკოსები ყვებოდნენ. თანამედროვე ისტორიკოსებიც ალბათ ამ მარტივ და საღ გზას უნდა დაუბრუნდნენ. თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ ამ წიგნის გაცხადებული მიზანი მხოლოდ წმ. ფრანცისკის უცხო ადამიანებისთვის წარდგენაა; სურვილი, რომ მათ წმ. ფრანციკს ყური ათხოვონ. ამ ამოცანის გადასაწყვეტად კი სავსებით ლეგიტიმურია ფაქტების ისეთნაირი მიწოდება, როდესაც ცნობილი უცნობს უსწრებს და იოლად გასაგები – ძნელად გასაგებს. უკიდურესად კმაყოფილი ვიქნები, თუ ეს თხელტანიანი, მოუხეშავი ჩანახატი ერთ-ორ ისეთ ბწკარს შეიცავს, ვინმეს წმ. ფრანცისკის დამოუკიდებლად შესწავლისკენ რომ უბიძგებს; და თუ ასე მოხდა, ეს ადამიანი მალე აღმოაჩენს, რომ ამ ამბის ზებუნებრივი ნაწილი დანარჩენივით ბუნებრივად გამოიყურება. წმ. ფრანცისკი ადამიანებთა კუთვნილებაა, სკეპტიკოსების ჩათვლით, და ეს მონახაზიც უბრალოდ ადამიანური უნდა ყოფილიყო. ამიტომაც ავირჩიე მეორე გზა. ჯერ ის მინდოდა მეჩვენებინა, რომ დაბადებით ჭკუასუსტის გარდა ყველა უნდა ხვდებოდეს: ფრანცისკ ასიზელი სავსებით რეალური ისტორიული ადამიანია. მხოლოდ ამის შემდეგ ვეცადე მოკლედ შემეჯამებინა ის ზეადამიანური შესაძლებლობები, რომელიც იმ ისტორიის ცხადი ნაწილია. ისღა დარჩა, რომ ორიოდ სიტყვით ვახსენოთ სიფრთხილე, რომელიც ნებისმიერი შეხედულების ადამიანს სჭირდება, რათა წმინდანის ცხოვრების მიზანი და კულმინაცია ფანტაზიებისა და ჭორებისაგან განასხვავოს.


წმ. ფრანცის ასიზელზე უამრავი გადმოცემა არსებობს და მათი შესანიშნავი კომპილაციაც ბევრია. იძულებული ვარ, ახსნის ერთ ხაზს გავყვე და აქა-იქ თითო ამბავი საილუსტრაციოდ გამოვიყენო. ეს განსაკუთრებით სასწაულების თვალსაზრისითაა გამართლებული: მათი მიყოლებით აღწერა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ წმინდანის ცხოვრებაში ბუნებრივს ზებუნებრივი სჭარბობდა. ადამიანის ცხოვრებაში ასეთი პროპორციის არსებობის ვარაუდი სრულად ეწინააღმდეგება კათოლოკურ ტრადიციას, რომელიც საღ აზრს ძალიან ბევრ რამეში ემთხვევა. მეტიც, თვით ზებუნებრივად ჩათვლილი ამბებიც რამდენიმე კატეგორიაში ექცევა, არა იმდენად სასწაულების, არამედ უფრო ამბების მიხედვით. ზოგიერთი ამბავი ზღაპრის ხასიათისაა, ფორმით კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აღწერილი შემთხვევით. ეს ისეთი ამბებია, რომლებსაც ცეცხლის პირას გლეხს, ან გლეხის შვილებს უყვებიან ხოლმე. ამ დროს ხომ არავინ ფიქრობს, რომ რელიგიურ დოქტრინას ავითარებს, რომელსაც მიიღებენ ან უარყოფენ; უბრალოდ ამბავს სიმეტრიულად ამრგვალებენ ხოლმე იმ დეკორატიული ნიმუშის მიხედვით რომელსაც ყველა ზღაპარი მისდევს. სხვა ამბები ფორმით ენერგიული მტკიცებულებებია, ანუ ჩვენებები, რომლებიც ან სიმართლეა, ან სიცრუე; და ნებისმიერს, ვინც ადამიანურ ბუნებას ასე თუ ისე იცნობს, ძალიან გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ეს სიცრუეა.

ითვლება, რომ სტიგმების ამბავი არაა ლეგენდა და მხოლოდ სიცრუე შეიძლება იყოს. ვგულისხმობ იმას, რომ ეს არაა წმინდანის დიდების გვიანდელი, ლეგენდარული დანამატი, არამედ ის, რაც უადრეს ბიოგრაფებისგან იღებს სათავეს. შეთქმულების ვარაუდი პრაქტიკულად აუცილებელი ხდება; მართლაც იყო ასეთი განწყობა, რომ ეს სიყალბე უიღბლო ელიასისთვის აეკიდებინათ, ესოდენ მრავალმა სასარგებლო ავაზაკად რომ აქცია. მართლაც ითქვა, რომ პირველი ბიოგრაფები: წმ. ბონავენტურა, ჩელანო და სამი თანამგზავრი, თუმცა აცხადებენ, რომ წმ. ფრანცისკმა იდუმალი ჭრილობები მიიღო, არ ამბობენ, თავად უნახავთ თუ არა ეს ჭრილობები. ვფიქრობ, რომ ეს უსუსური არგუმენტია, რადგან ეს თვით თხრობის ბუნებითაა განპირობებეული. ეს სამი თანამგზავრი წერილობით ჩვენებას ხომ არ იძლეოდა? შესაბამისად, მათი ამბის არცერთი აღიარებული ნაწილი არ ატარებს აფიდავიტის ხასიათს. მათი დაწერილი მატიანე შედარებით გაუპიროვნებელი და ძალიან ობიექტურია. ისინი არ ამბობენ: „მე ვნახე წმ. ფრაცისკის ჭრილობები;“ ისინი ამბობენ „წმ. ფრანცისკმა მიიღო ჭრილობები.“ მაგრამ არც იმას ამბობენ: „ ვნახე წმ. ფრანცისკი, რომელიც პოციუნკულაში მიდიოდა,“ არამედ „ წმ. ფრანცისკი პორციუნკულაში მიდიოდა.“ ისევ არ მესმის, რატომაა ერთი მოწმობა სანდო და მეორე – არა. ეს ხომ მთლიანობაა. ეს ხომ არანორმალური იქნებოდა, თხრობა რომ გაეწყვიტათ, ფიცილი და წყევლა აეტეხათ, საკუთარი სახელები და მისამართები ჩამოეწერათ და ემტკიცებინათ, როგორ თავად ნახეს ყველაფერი. ამიტომ მგონია, რომ ასეთი კერძო მსჯელობა ყოველთვის ზოგად საკითხს უბრუნდება, რომელიც უკვე ვახსენე; საკითხს იმის შესახებ, საერთოდ რატომ უნდა დავუჯეროთ მატიანეს, რომელი დაუჯერებელი ამბებითაა სავსე. თუმცა ამას ისევ უკანასკნელი არგუმენტისკენ შეაბრუნებენ, რომელიც იმაში მდგომრეობს, რომ ზოგ ადამიანს არ სჯერა სასწაულის, რადგან მატერიალისტია. ვერაფერს იტყვი – ლოგიკურია. მაგრამ მათ ზებუნებრივის უარყოფა თანამედროვე მეცნიერი პროფესორის ნათქვამშიც მოუწევთ, ისევე, როგორც შუასაუკუნოვანი ბერის მატიანეში. ვფიქრობ, ძალიან ბევრ პროფესორთან მოუწევთ შებმა.

როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ზებუნებრივთან, წმ. ფრანცისკს ვერაფერს გავუგებთ, განსაკუთრებით ალვერნოს შემდეგ, თუ არ გვესმის, რომ ის ზებუნებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და ეს ზებუნებრივობა სულ უფრო იმატებდა სიკვდილის მოახლოებასთან ერთად. ეს არ აშორებდა მას ბუნებრივისგან, პირიქით, უფრო სრულყოფილად აკავშირებდა მასთან. ამან კი არ გააპირქუშა და ადამიანურობა კი არ ჩაუკლა, პირიქით; ამ პოზიციის დედააზრი და გზავნილი სწორედ ისაა, რომ ასეთი მისტიციზმი ადამიანს ამხიარულებს და აადამიანურებს; და რომ ამის წყარო ზებუნებრივი ძალაა. ეს გამორჩეულობა იკითხება მთელ მის ცხოვრებში, და კიდევ უფრო ცხადად - მის სიკვდილში.

მომაკვდავიც კი ძველებურად მუდმივ მოძრაობაშია. მოივლის რიეტის, ნურსიას, მგონი ნეაპოლსაც, ნამდვილად - კორტონას – პერუჯის ტბასთან, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად ეს თითქოს ავადობის თუ მოკვდავობის მსვლელობად იქცევა. განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია, რომ მისი სიცოცხლის ალი ბოლოს ძველებურად წამოგიზგიზდება და გულიც გაიხარებს შორს, ასიზის ბორცვზე პორციუნკულას სვეტები გამოჩენისას. ის, ვინც მაწანწალად იქცა ხილვის გამო, ის, ვინც უარჰყო ადგილისა თუ საკუთრების ყოველგვარი გრძნობა, ვისი სახარებაც და დიდებაც მიუსაფრად ყოფნა გახდა, ბუნებისაგან უკუღმა, პართიულად ნასროლი ისარი - შინ დაბრუნების განცდის ისარი იგემებს. მასაც ჰქონია maladie du clocher - საკუთარი სამრეკლოს დაავადება, თუმც მისი სამრეკლო ჩვენსაზე უფრო მაღალია. „არასდროს,“ წამოიძახებს ის უეცარი ძალით, ძლიერთ რომ უბრუნდებათ სიკვდილის ჟამს, „არასდროს მიატოვოთ ეს ადგილი. სადაც არ უნდა წახვიდეთ, აუცილებლად შინ დაუბრუნდით, რადგან აქაა ღვთის წმინდა სახლი!“ მსვლელობამ მისი სახლის თაღებს ქვეშ გაიარა. ის თავის საწოლში ჩააწვინეს და მისი სულიერი ძმები ბოლო ხანგრძლივ თევას შეუდგნენ. უადგილოდ მეჩვენება იმაზე კამათი, ვინ და როგორ დალოცა მემკვიდრეებად. იმ დიდებულ წამს ის ყველა ჩვენგანს ლოცავდა.

მას შემდეგ, რაც უახლოეს და უძველეს მეგობრებს გამოემშვიდობა, მისივე თხოვნით უხეში საწოლიდან შიშველ მიწაზე გადმოასვენეს; როგორც ზოგნი ამბობენ – თმის პერანგით მოსილი, ისევე, როგორც მამას გარიდებული და ტყეში პირველად წასული. ეს მისი დიდი, აკვიატებული აზრის საბოლოო გაცხადება იყო: ყველაზე მაღლა სიშიშვლიდან და არაფრისგან აღვლენილი დიდება და მადლიერება აღწევს. დაბრმავებული თვალები საკუთარ მიზანს და წარმოშობას უცქერდნენ. დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ სული ამ ბოლო, წარმოუდგენელი განმარტოებისას განსხეულებული და ჯვარცმული ქრისტეს პირისპირ იდგა. ის, რაც იქ იწვა არ იყო „ღმერთის ძაღლთა“ (Domini canes) დომენიკი, ლოგიკური და წინააღმდეგობრივი ომების წინამძღოლი, გეგმაზე რომ დაიყვანება და გეგმითვე იმართება; დემოკრატიული დისციპლინის მექანიზმის ოსტატი, რომლის მიხედვით სხვებს თავად შეუძლიათ მოწესრიგდნენ. მსოფლიოს ტოვებდა პიროვნება, პოეტი, ცხოვრების სინათლის ხედვა, რომელიც არც ზღვაზე და არც ხმელეთზე აღარ ყოფილა, შეუცვლელი და განუმეორებელი. ნათქვამია, ერთადერთი ქრისტიანი ჯვარზე მოკვდაო; ამ თვალსაზრისით უფრო მართალია, თუ ვიტყვით, რომ ერთადერთ ფანცისკანელს სახელად ფრანცისკი ერქვა. არის რაღაც, რასაც ის ვერ დაგვიტოვებდა - უზარმაზარი და ბედნიერი, იმ საქმესავით, რომელიც დატოვა - როგორც პეიზაჟისტი ვერ გვიანდერძებს თვალებს. ის ხელოვანი იყო ცხოვრებაშიც და სიკვდილშიც; მას მეტი უფლება ჰქონდა ეთქვა Qualis artifexpereo ვიდრე ნერონს, მის ანტიპოდს, რადგან ნერონის ცხოვრება არტისტის პოზიორობა იყო უმბრიელს კი ათლეტის ბუნებრივი და უწყვეტი მოხდენილობა ჰქონდა. მაგრამ წმ. ფრანცისკს უკეთესი რამ ჰქონდა სათქმელი და საფიქრალი, მისი აზრებს ჩვენ ვერ გავედევნებით იმ თავბრუდამხვევ და ღვთაებღივ სიმაღლეზე, სადაც მხოლოდ სიკვდილს შეუძლია აგვიყვანოს.

მის ირგლივ ყავისფერსამოსიანი საძმო იდგა, რომელსაც უყვარდა, მიუხედავად შემდგომში ჩამოვარდნილი უთანხმოებისა. აქ იყვნენ ბერნარდი, მისი პირველი მეგობარი, ანჯელო, რომელიც მდივნობას უწევდა, ილია, მისი მემკვიდრე, რომელიც გადმოცემამ ლამის იუდად აქცია და რომელიც არაფრით არაა უარესი მოხელეზე, სხვის ადგილას რომ მოკალათებულა. მისი ტრაგედია ისაა, რომ ფრანცისკანული ცხოვრების წესს მიჰყვებოდა, ფრანცისკანული გული კი არ გააჩნდა და ეს უვარგისი ფრანციკანელი, შესაძლოა კარგი დომინიკელი დამდგარიყო. ასეა თუ ისე, ეჭგარეშეა, რომ მას ფრანცისკი უყვარდა - ის ხომ ველურებსაც და ავაზაკებსაც უყვარდათ. ის იდგა დანარჩენებთან ერთად; საათები გადიოდა და პორციუნკულას სახლში ჩრდილები გრძელდებოდა, და ნუ ვიფიქრებთ ცუდად, თითქოს ამ დროს მისი გონება მომავალი წლების არეულობით, პატივმოყვარეობითა და წინააღმდეგობებით იყო დაკავებული.

შეგვიძლია წამოვიდგინოთ, როგორ იგრძნეს ჩიტებმა, რაც მოხდა, და საღმოს ცაზე ამოძრავდნენ; როგორც მაშინ, ტყეში, გადმოცემის თანახმად, მის ნიშანზე ოთხმხრივ გაფანტვით ჯვარი რომ გამოსახეს. ახლა ალბათ პუნქტირებით რამე პირქუში ნიშანი თუ მოიხაზა. იქნებ ტყეში მიმალული პატარა არსებები მოიბუზნენ, რადგან მასავით აღარავინ შეამჩნევდა და შეიბრალებდა; ცხოველები ხომ ხშირად გრძნობენ იმას, რის მიმართაც ადამიანი, დროდადრო, თავის სულიერი აღმატებულობაში ბრმაა. არ ვიცით, გააჟრჟოლებდა თუ არა ყველა ქურდს, გარიყულსა და ყაჩაღს, რომ გაეგო, რა დაემართა მას, ვინც ზიზღს არ იცნობდა.

პორციუნკულას გასასვლელებსა და დერეფნებში კი უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ყავისფერი ფიგურა თითქოს ბრინჯაოს ქანდაკებად იქცა, რადგან გაჩერდა დიდი გული, რომელიც არ გატეხილა, ვიდრე სამყაროს იტევდა.



No comments:

Post a Comment