თავი VIII ქრისტეს სარკე

ადამიანი, რომელსაც რწმენის თავისუფლება მიეცა, არ ჩავარდება იმ უკეთურ ზედმეტობაში, რომელშიც მოგვიანებით გადაგვარებული ფრანცისკანელები – ფრატიჩელლი აღმოჩნდნენ, წმ. ფრანცისკი მეორე ქრისტედ და ახალი სახარების შემქნელად რომ გამოაცხადეს. ყველა ასეთი აზრი ამ ადამიანის მთელი ღვაწლის წყალში ჩაყრაა: არავინ ასე რუდუნებით არ განადიდებს იმას, რასაც თურმე ეჯიბრება, და არ იქადაგებს იმას, რის ჩანაცვლებასაც აპირებს. დარწმუნებული ვარ, რომ პაპის სიბრძნემ შეუნარჩუნა დიდი ფრანცისკანული მოძრაობა მთელ მსოფლიოს და მსოფლიო ეკლესიას, იხსნა ის მეორეხარისხოვან სექტად გადაგვარებისაგან, თავს ახალ რელიგიად რომ აცხადებს. ყველაფერი, რაც აქ წერია, არა მარტო უნდა განვასხვავოთ ფრატიჩელლის კერპთაყვანისმცემლობისაგან, არამედ მის დიამეტრალურ საპირისპიროდაც უნდა აღვიქვათ. ქრისტეს და წმ. ფრანცისკს შორის განსხვავება შემქმნელს და ქმილებას შორის განსხვავებაა და არცერთ ქმნილებას ეს კოლოსალური განსხვავება ისე არ უგრძვნია, როგორც თვით წმ. ფრანცისკს. ამ გაგების ფონზე სავსებით მართალი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ წმ. ფრანცისკმა ქრისტე მისაბაძ მაგალითად აქცია და მათ ადამიანურ თუ ისტორიულ ცხოვრებაში ბევრი რამ უცნაურად ემთხვევა. რაც მთავარია, ყველა ჩვენთაგანთან შედარებით, წმ. ფრანცისკი თავისი უფლის ყველაზე დახვეწილი მიახლოებაა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შუამავალი და ანარეკლია, ქრისტეს დიდებული და მადლიანი სარკეა. ეს ჭეშმარიტება კი მეორეზე მიგვანიშნებს, რომელიც ძნელად თუ შეუმჩნევიათ, მაგრამ ის კათოლიკურ ეკლესიაში ქრისტეს ავტორიტეტის უწყვეტობის მიმანიშნებელი მძლავრი არგუმენტია.

კარდინალი ნიუმენის ცოცხალი და საკამათო ნაშრომის ერთი წინადადება იმის ნიმუშად გამოდგება, რასაც მისი რწმენის გამჭვირვალობისა და ლოგიკურობისკენ მიდრეკილებას ვეძახით. როდესაც ამბობს, რომ ჭეშმარიტება იოლი გასაყალბებელია, ასეთი მაგალითი მოჰყავს: „თუ ანტიქრისტე ქრისტეს ჰგავს, მაშინ ქრისტეც უნდა ჰგავდეს ანტიქრისტეს.“ წმინდა რელიგიური გრძნობისთვის წინადადების ბოლო შოკისმომგვრელია, მაგრამ ამის უარყოფა არავის ძალუძს, გარდა იმ ლოგიკოსისა, რომელმაც თქვა, რომ პომპეუსი და კეისარი ძალიან გვანან ერთმანეთს, განსაკუთრებით – კეისარი. შოკი ბევრად უფრო რბილი იქნება, თუ ვიტყვი იმას, რაც უმეტესმა ჩვენგანმა დაივიწყა: თუ წმ. ფრანცისკი ქრისტეს ჰგავდა, მაშინ ქრისტეც ჰგავდა წმ. ფრანცისკს ასეთივე ხარისხით. აი რას ვგულისხმობ: თუ ადამიანი გალილეურ ამბავში გამოცანებს და ძნელად გასაგებ გამოთქმებს აწყდება, ხოლო ასიზურ ამბავში ამ გამოცანების გასაღებს პოულობს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ საიდუმლოს ეს ერთადერთი რელიგიური ტრადიცია ინახავს და გადასცემს; რომ პალესტინაში ჩაკეტილი ზარდახშა შეიძლება უმბრიაში გაიხსნას, რადგან გასაღები ეკლესიას უპყრია.

ყოველთვის ბუნებრივად ითვლებოდა წმ. ფრანცისკის ახსნა ქრისტეს ნათელში, პირიქით ამის გაკეთება კი არავის მოაფიქრდა. სიტყვა „ნათელი“ აქ აღარ ივარგებს, მაგრამ სარკის მიღებული მეტფორა კი გამოდგება. წმ. ფრანცისკი ქრისტეს სარკეა, ისევე როგორც მთვარე – მზის. მთვარე მზეზე ბევრად უფრო მცირე ზომისაა და ჩვენთან ბევრად უფრო ახლოსაა. ის ნაკლებად ცხოველი, და ამის გამო უფრო ადვილად დასანახია. ზუსტად ასეთივე თვალსაზრისით, წმ. ფრანცისკო ბევრად უფრო ახლოა ჩვენთან. ის უბრალო ადამიანია და ამიტომაც უფრო ადვილი წარმოსადგენია; ნაკლებად იდუმალია, და შესაბამისად, უფრო ადვილად გასაგები. უბრალო რამ, რაც ქრისტეს ბაგეთაგან იდუმალებად ისმის, წმ. ფრანცისკის თქმული დამახასიათებელ პარადოქსად იქცევა. ბუნებრივია ძველი ამბის უფრო ახლის საშუალებით გადასინჯვა. ტრუიზმია იმის თქმა, რომ ქრისტე ქრისტიანობამდე ცხოვრობდა. ის წარმართული ისტორიის ფიგურაა. გარემო, რომელშიც ის მოძრაობდა, ძველი, წარმართული იმპერიის გარემოა. მხოლოდ ამის გამო, დროის ხანგრძლივობას რომ თავი დავანებოთ, მისი გარემოებები ჩვენთვის უფრო უცხოა, ვიდრე იტალიელი ბერისა, რომლის მსგავსს ლამის ახლაც შეხვდებით. ყველაზე უფრო ავტორიტეტულ კომენტარსაც კი უჭირს მისი სიტყვების მიმდინარე თუ ჩვეულებრივი წონის გაგება; რომელია ზოგადი მინიშნება და რომელი – უცნაური ფანტაზია. ეს არქაული გარემო ბევრ გამონათქვამს იეროგლიფად აქცევს და განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. და თუ მათ პირველი ფრანსიკანელების უმბრიულ კილოზე გადავიტანთ, ამით ფარნცისკანული ისტორიის სხვა ნაწილებს დავამსგავსებთ, რომლებიც რაღაც თვალსაზრისით ფანტასტიკურია, მაგრამ მაინც ნაცნობი. მინდვრის შროშანებთან დაკავშირებული პასაჟი, რომელიც მოგვიწოდებს, მათ ვბაძოთ და ხვალინდელ დღეზე არ ვიზრუნოთ, ყველანაირი კრიტიკის და კამათის საგანია. სკეპტიკოსი ხან მოითხოვს, რომ ქრისტიანები ვიყოთ და აღვასრულოთ ეს, ხან კი გვარწმუნებს, რომ ეს შეუძლებელია. როდესაც კომუნისტობს და ათეისტობს, არ იცის, რაში დაგვდოს ბრალი; იმაში, რომ განუხორციელებელს ვქადაგებთ, თუ იმაში, რომ ამას დაუყოვნებლივ არ ვახორციელებთ. მე არ ვაპირებ ეთიკასა და ეკონომიკაზე კამათს; უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ ქრისტეს ნათქვამით დაბნეულებს იგივე ნათქვამი წმ. ფრანცისკისგან არ გაუკვირდება: „გევედრებით, ძმებო, იყავით ბრძენნი, როგორც ძმობილი გვირილა და ძმობილი ბაბუაწვერა; არასოდეს ისინი არ ფხიზლობენ ხვალინდელ დღეზე ფიქრით, და მაინც ოქროს გვირგვინი ამშვენებთ როგორც მეფეებს, იმპერატორებს და თვით დიდებით მოსილ შარლემანს.“ კიდევ უფრო მეტი გამწარება და დაბნეულობა სდევს მცნებას მეორე ყვრიმალის შეშვერასა და კვართის წამრთმევისთვის სამოსელის მიცემაზე. მას ფართოდ იყენებენ ომების დასაგმობად, რომელზეც, კაცმა რომ თქვას, აქ სიტყვაც არაა თქმული. მაინცდამაინც პირდაპირ და საყოველთაოდ თუ მივუდგებით, აქ უფრო ყველანაირი ხელისუფლებისა და კანონის ბოროტებაზეა მინიშნება. ბევრ დალხენილ მშვიდობისმყოფელს მძლავრი უცხოელის მიმართ უხეში სამხედრო ძალის გამოყენება უფრო მეტად ზარავს, ვიდრე უქონელი თანამემამულის წინააღმდეგ უხეში პოლიციური ძალის გამოყენება. აქაც კმაყოფილებით ვიტყვი, რომ პარადოქსი ბევრად უფრო ადამიანურ ჟღერადობას იძენს, როცა ფრანცისკის მიერ ფრანცისკანელთა გასაგონადაა ნათქვამი. არავის გაუკვირდება იმის ამოკითხვა, რომ ძმა იუნიპერი ქურდს გამოეკიდა და სთხოვა, მოპარული მოსასხამისათვის პერანგიც მიემატებინა, რადგან წმ. ფრანცისკმა ასე უბრძანა. არავის გააოცებს ის, რომ წმ. ფრანცისკმა უთხრა საძმოში მიღების მოსურნე ახალგაზრდა აზნაურს, ნაცვლად ავაზაკისაგან მითვისებული ფეხსაცმლის დაბრუნებისა, მისთვის წინდებიც გადაელოცა. მოგვწონს თუ არა ატმოსფერო, სადაც ასეთი რამ ხდება, ვხვდებით, როგორ ატმოსფეროზეა ლაპარაკი. ჩვენ ვგრძნობთ გარკვეულ ტონს – სუფთას და ბუნებრივს, თითქოს ჩიტისაა; ეს წმ. ფრანცისკის ტონია. აქაა საკუთრების იდეის რბილი დაცინვა და მტრის ხელგაშლილობით დამარცხების იმედი; ამქვეყნიურისთვის მოულოდნელით თავგზის აბნევის იუმორი; რწმენის ლოგიკურ უკიდურესობამდე მიყვანის მხიარულება. არანაირი სიძნელე ამის ამოცნობისას არ იბადება, თუ რამე წაგვიკითხავს უმცროს ძმებზე და ასიზიში დაწყებულ მოძრაობაზე. სრულიად გონივრულია დასკვნა, რომ თუ ასეთი სულისკვეთება შესაძლებელს ხდის ასეთ უცნაურობებს უმბრიაში, იგივე განწყობა შესაძლებელს ხდიდა ამას პალესტინაში. თუ ორი, ესოდენ დაშორებული რამ ერთნაირი ტონის შემცველი და ერთნაირი, აღუწერელი ელფერის მატარებელია, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი გამოცდილებისგან დაშორებული შემთხვევა უფრო ახლოს მდგომი შემთხვევის მსგავსია. თუ რაღაც იხსნება იმის საფუძველზე, რომ ფრანცისკი მიმართავს ფრანცისკანელებს, ირაციონალური აღარაა ახსნა, რომ ქრისტე ასევე მიმართავდა თავდადებულ ჯგუფს, რომელსაც ფრანცისკანელთა მსგავსი ფუნქცია ჰქონდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბუნებრივია ჩავთვალოთ, როგორც ამას კათოლიკური ეკლესია აკეთებს, რომ სრულყოფისაკენ მიმართული ეს რჩევები გარკვეული გეგმის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს გაოცებას და გამოღვიძებას. მნიშვნელოვანია ისაა, რომ ეს ნიშნები საოცარი სიზუსტით ათასზე მეტი წლის შემდეგ იმავე რელიგიურ სისტემაში მეორდება, რაც მის უწყვეტ ავტორიტეტზე მიუთითებს, საწყისი სცენებიდან მოყოლებული. ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა ბანალურ გამეორებას ნებისმიერი სხვა ფილოსოფიაც შეძლებს; მაგრამ მხოლოდ უძველეს ეკლესიას შეუძლია კვლავ გააოგნოს მსოფლიო ქრისტიანული პარადოქსებით. Ubi Petrus ibi Franciscus.

თუ გვესმის, რომ წმ. ფრანცისკის უცნაური და ექცენტრიკული ქველმოქმედება ზეციური მასწავლებლის შთაგონებითაა გამოწვეული, ისიც უნდა გავიგოთ, რომ იგივე შთაგონებაა მისი თვითუარყოფის და ასკეტიზმის წყარო. ცხადია, რომ ადამიანის სიყვარულის ეს მეტნაკლებად მხიარული იგავები მთაზე ქადაგების ბეჯითი შესწავლის შედეგია. ისიც ნათელია, რომ კიდევ უფრო ბეჯითად მან მეორე მთის უსიტყვო ქადაგება შეითვისა; მთის, გოლგოთა რომ ერქვა. აქაც მკაცრი ისტორიული სიმართლეა, როდესაც ის ამბობს, რომ მარხვასა და დამცირებაში ცდილობს ქრისტეს მიბაძოს; აქაც ერთი ჭეშმარიტება ჩანს ტრადიციის ჯაჭვის ორივე მხარეს; ტრადიციის, რომელმაც ჭეშმარიტება შემოინახა. და ამ ფაქტის მნიშვნელოვანება საკუთრივ მისი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე ახდენს გავლენას.

რაც უფრო ცხადდება, რომ მისი დიდი საზოგადო ჩანაფიქრი აღსრულდა და ადრეული ჩავარდნის საშიშროება გადალახულია, რომ უმცროსი ძმების ორდენი შედგა, უფრო პირადული და ძლიერი ეს ამბიცია მეტად და მეტად მჟღავნდება.

მას უკვე ჰყავს მიმდევრები, მაგრამ ის არ ედრება მათ, ვის მიმართაც ის მასწავლებელია, არამედ მას, ვის მიმართაც მხოლოდ მსახური შეიძლება იყოს. ესაა ასკეზის ზნეობრივი და, თუ გნებავთ, პრაქტიკული უპირატესობაც: ყველა სხვა სახის აღმატებულებას ამპარტავნობის საფრთხე ახლავს, წმინდანი კი ვერ იქნება გოროზი, რადგან მუდამ აღმატებულის ჩრდილშია. არისტოკრატიაც სამღვდელოებაა, ოღონდ ღმერთის გარეშე – ამაშია მისი ნაკლი. მსახურება, რომელსაც წმ. ფრანცისკი მიეცა, ამ დროისათვის სულ უფრო ემსგავსება მსხერპლშეწირვას და ჯვარცმას. ის აღსავსეა განცდით, რომ საკმარისად არ ვნებულა იმისათვის, ვნებული ღმერთის თუნდაც დაშორებულ მიმდევრად რომ ჩაითვალოს. მისი ცხოვრების ამ ნაწილს შეიძლება მოწამეობის ძიება ვუწოდოთ.

ეს იყო სირიაში სარკინოზებთან გამგზავრების უმაღლესი მიზანი. აქ ბევრ სხვა ელემენტსაც ვიპოვით, რომელიც უფრო მეტ გონიერ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ჩვეულებრივ ექცევა. მთავარი აზრი, რა თქმა უნდა, ჯვაროსნული ლაშქრობების დასრულება იყო. დასრულებას ის ორმაგ - დამთავრების და მიზნის მიღწევის მნიშვნელობას ანიჭებდა. თუმცა ამის მიღწევას მოქცევით ცდილობდა და არა დაპყრობით - ანუ სულიერი და არა მატერიალური გზით. ძნელია, თანამედროვე გონებას ასიამოვნო: მისთვის ერთი გზა გოდფრი სასტიკის, მეორე კი ფრანცისკ ფანატიკოსისაა; ზნეობრივს არაპრაქტიკულად, პრაქტიკულს კი უზნეოდ სახავს. თუმცა წმ. ფრანცისკის იდეა შორსაა ფანატიზმისგან და არაპრაქტიკულსაც ვერ დაარქმევ; იქნებ ის პრობლემას ზედმეტად ამარტივებდა, რადგან მისი დიდი მიმდევარის, რამონ ლულის ცოდნას არ ფლობდა, რომელსაც მეტი ესმოდა და რომლისაც არ ესმოდათ. ის, თუ როგორ უდგებოდა ამ საქმეს წმ. ფრანცისკი, ზედმიწევნით პირადული და განსაკუთრებულია, თუმცა იგივე ითქმის თითქმის ყველაფერზე, რაც მას გაუკეთებია. ეს აზრი მარტივი იყო, ყველა მისი აზრის მსგავსად, მაგრამ არ იყო სულელური; ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ მის დასაცავად; არც მისი წარმატება იყო მიუღწეველი. მარტივად, ის ეყრნობოდა იდეას, რომ მუსლიმის განადგურებას ქრისტიანის შექმნა სჯობს. ისლამი რომ მოქცეულიყო, მსოფლიო განუზომლად უფრო ერთიანი და ბედნიერი იქნებოდა; მარტო ის რად ღირს, რომ ახალი ისტორიის ომების სამი მეოთხედი არღარ მოხდებოდა. სულაც არაა აბსურდული იმის ვარაუდი, რომ ამის მიღწევა სამხედრო ძალის გარეშე, მისიონერების საშუალებით იყო შესაძლებელი, რომლებიც ამავე დროს მოწამენიც იყვნენ. ეკლესიამ ევროპა ასე დაიპყრო და აზიისა თუ აფრიკის დაპყრობასაც შეძლებდა. ყველაფერი ამის ახსნის შემდეგ მაინც რჩება განცდა, რომ წმ. ფრანცისკი მოწამეობრივ დასასრულზე, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებაზე კი არ ფიქრობდა, არამედ თითქმის როგორც მიზანზე თავად; მისთვის უზენაესი მიზანი ქრისტეს მაგალითთან დაახლოება იყო. მთელ მის მოუსვენარ ცხოვრებას მისამღერივიდ გასდევს: მე არ ვეწამე საკმარისად, მე არ გავიღე საკმარისი მსხვერპლი; მე ჯერ ეკლიანი გვირგვინის ჩრდილის ღირსიც კი არ ვარ. მსოფლიოს ველებზე ხეტიალისას ის თავის ქალის მოხაზულობის ბორცვს ეძებდა.

აღმოსავლეთში გამგზავრებამდე პორციუნკულასთან მთელი ორდენის უზარმაზარი, ტრიუმფალური შეკრება გაიმართა, რომელსაც ჩალის ქოხების თავყრილობა დაერქვა - ამ მძლავრი არმიის ველზე დაბანაკების ხერხის მიხედვით. გადმოცემა ამბობს, რომ აქ შეხვდნენ პირველად და უკანასკნელად წმ. ფრანცისკი და წმ. დომენიკი. ის აგრეთვე ამბობს, რაც სიმართლეს ჰგავს, რომ ესპანელის პრაქტიკული გონება ლამის შეუზარავს იტალიელის გულწრფელ უპასუხისმგებლობას, რომელმაც ამდენი ხალხი ყოველგვარი თადარიგის გარეშე შეკრიბა. ესპანელი დომენიკი, როგორც თითქმის ყველა ესპანელი, მხედრული ყაიდის ადამიანი იყო. მისი მოწყალება მზადებისა და უზრუნველყოფის პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა. რწმენაზე კამათის გარდა, მას, როგორც ჩანს, ვერ გაეგო იმ უბრალო პოპულარობის წყარო, რომელიც ამ უბრალო პიროვნებას ახლდა. სიბნელეში გაუთავებელი მალაყების დროს ფრანცისკი სასწაულებრივად მუდამ ფეხებზე ეშვებოდა: მთელი სოფლები მოზვავდნენ, რათა ღვთისმოსავთა ეს პიკნიკი სასმელ-საჭმელით მოემარაგებინათ. გლეხებს ღვინო და ნანადირევი ურმებით დაეხვავებინათ, დიდებული კეთილშობილნი კი ხელის ბიჭებად გამწესებულიყვნენ. ეს ფრანცისკანული სულის ზეობა იყო – ზეიმი უდარდელი რწმენისა არა მარტო ღმერთში, არამედ ადამიანშიც. რა თქმა უნდა, მთელი ეს ამბავი, ისევე როგორც ფრანცისკის და დომენიკის მთელი ურთიერთობა, ეჭვებითა და წინააღმდეგობითაა მოცული; ჩალის ქოხების თავყრილობასაც ფრანცისკანელთა აღწერით ვიცნობთ. მაგრამ ეს სავარაუდო შეხვედრა მაინც იმსახურებს ყურადღებას; ზუსტად იმიტომ, რომ უშუალოდ წინ უძღვის წმ. ფრანცისკოს უსისხლო ჯვაროსნულ ლაშქრობას – წმ. დომენიკს ხომ ძალიან აკრიტიკებენ არც თუ ისე უსისხლოსთვის. ეს მცირე ნაშრომი ვერ დაიტევს იმის ახსნას, თუ როგორ დაიცავდა წმ. ფრანცისკი ქრისტიანულ ერთიანობას წმ. დომენიკზე არანაკლებად, იარაღით ხელში. მართლაც, დიდი მოცულობის წიგნია საჭირო მხოლოდ ამ აზრის პირველადი პრინციპებისგან განსავითარებლად, რადგან თანამედროვე აზროვნება უბრალოდ სუფთაა შემწყნარებლობის ფილოსოფიისაგან; ახლანდელი საშუალო აგნოსტიკოსი ვერ გარკვეულა, თავად რას გულისხმობს რელიგიურ თავისუფლებასა და თანასწორობაში; საკუთარი ეთიკა თავისთავად ჭეშმარიტი ჰგონია და სხვასაც თავს ახვევს; მაგალითად, წესიერებას ან ადამიტური ერესის მცდარობას; თანაც შოკირებულია, თუ სხვაც, მაგალითად მუსლიმი ან ქრისტიანი საკუთარ ეთიკას თავისათავად ჭეშმარიტად მიიჩნევს და სხვებს ახვევს თავს; მაგალითად, ღვთისმოსაობას ან ათეისტურ ერესის მცდარობას. შემდეგ ის მომართავს ამ მოგრეხილ, ალოგიკურ კვანძს, რომელიც არაცნობიერის უცნობთან შეხვედრამ წარმოქმნა და ამას საკუთარი გონების ლიბერალურობას არქმევს. შუა საუკუნეების ადამიანი თვლიდა: რადგან საზოგადოებრივი მოწყობა გარკვეულ იდეას ეფუძნება - ისლამივით მარტივს თუ კათოლიციზმივით გაწონასწორებულს, ამ იდეისათვის ბრძოლა აუცილებელია. თანამედროვე ადამიანებიც ასე ფიქრობენ, როდესაც,მაგალითად, კომუნისტები საკუთრების მათეულ იდეას უტევენ. განსხვავება ისაა, რომ საკუთრების იდეა კარგად ვერ ჩამოუყალიბებიათ. წმ. ფრანცისკი ალბათ უგუნებოდ დაეთანხმებოდა წმ. დომენიკს, რომ ჭეშმარიტების დასაცავი უკანასკნელი საშუალება იარაღია, წმ. დომენიკი კი ნამდვილად ხალისით აღიარებდა, რომ ბევრად სჯობს დარწმუნების და განათლების გზით სიარული, როცა ეს შესაძლებელია. თავად წმ. დომენიკმა დარწმუნებას ბევრად უფრო მეტი ძალა შეალია, ვიდრე დევნას; თუმცა მეთოდები განსხვავდებოდა, რადგან ადამიანებიც განსხავებულნი იყვნენ. წმ.ფრანცისკის ყველა ქმედება კარგი მნიშვნელობით ბავშვური და თავნება იყო. ყველაფერში, თითქოს პირველად ნახაო, პირდაპირ გადაეშვებოდა. ხმელთაშუა ზღვის წამოწყებასაც ასე მოეკიდა – სახლიდან მეზღვაურად გაქცეული ბიჭივით.

დასაწყისში თავი იმით გამოიჩინა, რომ ქურდულად მგზავრობის მფარველი წმინდანი გახდა. მას არც კი უფიქრია, ვინმესთვის მიემართა – ამ დროითვის ორდენს ხომ უკვე მრავალი შეძლებული დამხმარე ჰყავდა - უბრალოდ გემი დაინახა და როგორც ყოველთვის, ყოყმანის გარეშე ჩახტა. ყველაფერ ამას რბოლის ელფერი გასდევს, მთელი მისი ცხოვრება თითქოს ერთი გაქცევა და თავის დაღწევაა. ერთადერთ თანამგზავრთან ერთად, რომელსაც სიჩქარეში ხელი წაავლო, ტვირთს შეერია და მორივით იწვა, მაგრამ მოგზაურობა უშედეგო აღმოჩნდა და იტალიაში ნაძალადევი დაბრუნებით დასრულდა. სავარაუდოა, რომ ამ პირველი მცდელობის შემდეგ მოხდა პორციუნკულას დიდი შეკრება და სირიის მეორე მოგზაურობას წამოიწყებამდე, ისლამის საშიროების შესაკავებლად ესპანეთში არაბებს უქადაგა. აქ რამდენიმე პირველმა ფრანცისკანელმა უკვე მიაღწია წარმატებით მოწამეობრივ აღსასრულს, მაგრამ დიდი ფრანცისკი წამებისა და აგონიის შესახვედრად ხელგაშლილი ამაოდ გაემართა. თავად იტყოდა პირველი, რომ ნაკლებად ჰგავს ქრისტეს, ვიდრე ესენი, ვინც თავისი გოლგოთა უკვე იპოვა. თუმცა ეს დარდი - ადამიანის დარდთა შორის ყველაზე უცნაური, მასთან დარჩა საიდუმლოდ.

მისი შემდგომი მოგზაურობა უფრო წარმატებული გამოდგა და მან საბრძოლო მოქმედებების ადგილამდე ჩააღწია. ჯვაროსანთა შტაბი ალყაშემორტყმული დამიეტას წინ იყო და იქიდან მან სარკინოზთა შტაბისკენ გასწია. ის შეხვდა სულთანს და ამ შეხვედრის დროს მუსლიმი რელიგიური პირები ცეცხლით გამოცდაზე გამოიწვია; და ზოგიერთის თქმით, წარმატებასაც მიაღწია. ნათელია, რომ ის ამაზე უყოყმანოდ წავიდოდა, მითუმეტეს, რომ ამას დამატებითი გამბედაობა არ სჭირდება,თუ ისედაც მუსლიმების ფანატიკურ გარემოცვაში ხარ და მათგან მუჰამედის უარყოფას მოითხოვ. ამბობენ, რომ მუსლიმი მუფტიები ამ შეთავაზებას გულგრილად შეხვდნენ, თითქოს ერთი მათგანი მსჯელობის დასრულებამდე ჩუმად წასულა კიდეც. როგორც ჩანს, ფრანცისკი უკან უვნებლად დაბრუნდა. ამბავში ნახსენებია პირადული გავლენა, რომელიც ფრანცისკს სულთანზე მოუხდენია, რასაც მთხრობელი საიდუმლო მოქცევას მიაწერს. იქნებ ისაა მართალი, რომ წმინდანს ნახევრადბარბაროს აღმოსავლეთელებს შორის შარავანდი იცავდა, რომელიც იდიოტს ასეთ ადგილებში დაადგება ხოლმე. იქნებ ამდენივე, ან მეტი სიმართლეც კია იმ ხელგაშლილ, თუმცა ახირებულ სულგრძელობაში, რომელიც სულთნებმა სალადინისგან გადაიღეს. ბოლოს, იმაშიც არის სიმართლის მარცვალი, რომ წმ. ფრანცისკის ამბავი შეიძლება ირონიულ ტრაგიკომედიად წარმოვიდგინოთ და დავარქვათ „ამბავი კაცისა, რომელმაც თავი ვერ მოაკვლევინა.“ ადამიანებს ის იმდენად მოწონდათ, რომ საშუალებას არ მისცემდნენ, რწმენისათვის მომკვდარიყო; იღებდნენ ადამიანს და არა მის გზავნილს. თამ თანმხვედრი ვარაუდების განსჯა ძნელია, რადგან ყველაფერი ჩაიშალა: დიდი ხიდის დასაწყისი, რომელსაც აღმოსავლეთის და დასავლეთის შეერთება შეეძლო, ისტორიაში დარჩა, როგორც ერთერთი უდიდესი „რა იქნებოდა რომ...“

ამ დროს იტალიაში დიადი მოძრაობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს. სახალხო ენთუზიაზმით და პაპის ძალაუფლებით მხარდაჭერილი და წოდებათა დამაახლოვებელი, ის რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარის გარდაქმნას შეუდგა; ეს განსაკუთრებით მშენებლობაში გამოიხატა, რაც დასავლეთ ევროპის ყველა აღდგომის უპირველესი ნიშანია. ბოლონიაში ფრანცისკანელთა დიდებული მისია დაარსდა მის ირგვლივ არტაცება არ ცხრებოდა. ერთადერთი ხმა, რომელმაც საყოველთაო ჰარმონია დაარღვია, და მშენებლობა დაგმო, აღმოსავლური ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნებულ ფრანცისკს ეკუთვნოდა, თითქოს ეს ბაბილონის გოდოლი ყოფილიყო და ქალბატონ სიღარიბეს ფუფუნებით შეურაცხყოფდა; პირველად და უკანასკნელად ის თავის შვილებს რისხვით აღვსილი ელაპარაკა.

მოგვიანებით ვიტყვი განწყობისა და პოლიტიკის იმ სერიოზულ სხვაობაზე, რომლის გამოც ბევრმა ფრანცისკანელმა და გარკვეულწილად, თავად ფრანცისკმაც მიატოვა მოძრაობის ის შედარებით ზომიერი ნაწილი, საბოლოოდ რომ გაიმარჯვა. ამჯერად მხოლოდ ის გვაინტერესებს, რომ უდაბნოს გულგატეხილობას სხვა ჩრდილიც დაემატა, რამაც მისი ცხოვრების შემდეგი ფაზა მოამზადა – ყველაზე უფრო იზოლირებული და იდუმალი. ამ ეპიზოდის ყველა მხარე წინააღმდეგობითაა მოცული, თვით თარიღიც; ზოგიერთი მწერალი თვლის, რომ ეს ბევრად უფრო ადრე მოხდა. ცხადია, რომ ქრონოლოგიურად თუ არა, ლოგიკურად მაინც ეს ამბის კულმინაციაა და აქ უნდა მოინიშნოს. ვამბობ „მოინიშნოს,“ რადგან მეტს ვერას ვიღონებთ - ყველაფერი იდუმალებითაა მოცული, როგორც მაღალი ზნეობრივი, ასევე ჩვეულებრივი, ისტორიული თვალსაზრისითაც. აი ამ საქმის გარემოებანიც: ფრანცისკი ახალგაზრდა თანამგზავრთან ერთად, ჩვეულებრივი ხეტიალისას დიდ, გაჩირაღდნებულ ციხე-დარბაზს მიადგა, სადაც ვაჟის რაინდად კურთხევას ზეიმობდნენ. ადგილი, რომლის სახელიც მონტე ფელტროა, მათ ჩვეულებრივი, მშვენიერი უშუალობით მოინახულეს და სახარების თავისებურ ქადაგებას მიმართეს. ზოგიერთები წმინდანს ისე უგდებდნენ ყურს, „თითქოს უფლის ანგელოზი ყოფილიყო.“ მათ შორის აღმოჩნდა ტოსკანის დიდი მიწადმფლობელი, სახელად ორლანდო კიუზელი, რომელმაც წმ. ფრანცისკს განსაკუთრებული და ყველაზე უცნაური საჩუქარი გაუკეთა; ეს იყო მთა. ფრანცისკანული წესი ფულის მიღებას კრძალავდა და არა მთისას. არც წმ. ფრანცისკს მიუღია ის სხვა საჩუქრებისგან განსხავებულად; ჩათვალა, რომ ეს დროებითი მოხერხებულობაა და არა პირადი საკუთრება და ის განდეგილის თავშესაფრად აქცია. აქ განმარტოვდებოდა სალოცავად და სამარხვოდ, ისე, რომ უახლოეს მეგობრებსაც კი არ გაიყოლებდა ხოლმე. ესაა აპენინების ალვერნო, რომლის მწვერვალი დიდების შარავანდიანმა შავმა ღრუბელმა სამუდამოდ დაბურა.

იმას, რაც აქ მოხდა, ზუსტად ვერასდროს შევიტყობთ. ეს კამათის საგანია როგორც წმინდა ცხოვრების შემსწავლელთა, ასევე მათსა და შედარებით უფრო სეკულარული ყაიდის მკვლევარებს შორის. ადვილი შესაძლებელია, რომ წმ. ფრანცისკს ამაზე არცერთ სულიერთან სიტყვა არ დასცდენია, რაც ძალიან ნიშანდობლივი იქნებოდა, და თუ თქვა კიდეც, ნამდვილად ძალიან ცოტა რამ. სავარაუდოდ, ეს ერთ ადამიანს გაუმხილა და მიუხედავად ამ წმინდა ეჭვებისა, ვაღიარებ, რომ ჩვენამდე მოღწეული ეს ერთადერთი და ირიბი გადმოცემა ჩემთვის სავსებით რეალურია; უფრო მეტად რეალური, ვიდრე ის, რასაც ყოველდღიურ რეალობას ვუწოდებთ. ხატების გაორებულობა და დამაბნეველობაც გრძნობათა შემძვრელი ძალისაა, ისევე, როგორც გამოცხადების ზებუნებრივი მრავალთვალა არსებები. წმ. ფრანცისკს ზეცაში სერაფიმის მსგავსი არსება დაუნახავს, რომელიც ჯვარივით იყო გაშლილი. იდუმალებითაა მოცული, ჯვარცმული იყო თავად ფრთოსანი ფიგურა, ჯვარცმის ფორმა მიეღო, თუ კოლოსალურ ჯვარცმას თავისი ფრთებით შემოხვეოდა. თუმცა პირველ შთაბეჭდილებას, წმ. ბონავენტურას თქმით, თავად წმ. ფრანცისკი ეჭვობდა, რადგან სერაფიმის ჯვარცმა შეუძლებელია – ეს უძველესი და ძრწოლის მომგვრელი დასი ვნებას არ ექვემდებარება. წმ. ბონავენტურა ამ წინააღმდეგობას ასე ხსნის: წმ. ფრანცისკი უნდა ჯვარცმულიყო როგორც სული, ვინაიდან ვერ ეცვა ჯვარს, როგორც ადამიანი. რა მნიშვნელობაც არ უნდა ჰქონოდა ამ ხატებას, ზოგადი აზრი ძალიან ცოცხალი და გამაოგნებელი იყო. წმ. ფრანცისკმა დაინახა უზარმაზარი, მთელი ზეცის ამავსებელი ძალა, ძველი, როგორც ძველი დღეთა, რომლის სიმშვიდეს ადამიანები ფრთოსანი ხარის და ბუმბერაზი ქერუბიმის ფორმით აღიქვამდნენ და რომელიც ახლა დაჭრილი ფრინველივით წვალობდა. ამ სერაფიმულმა ტანჯვამ, როგორც ამბობენ, მისი სული მწუხარებისა და სინანულის მახვილით განგმირა და მზარდმა აგონიამ თავდავიწყება გადაფარა. საბოლოოდ გამოცხადება მიილია და შინაგანი აგონიაც ჩაცხრა; სიჩუმემ და რიჟრაჟმა აპენინების კალთები და უფსკრულები მოიცვა. განდეგილმა თავი ჩაჰკიდა შვებისმაგვარი გრძნობით, თითქოს რაღაც დასრულდა; და როდესაც დაბლა დაიხედა, საკუთარ ხელებზე ლურსმნის კვალი აღმოაჩინა.



No comments:

Post a Comment